ფეხბურთი

17:04 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა თარხნიშვილი: “მთავარი ამოცანაა, სიტუაცია გამოვასწოროთ და ჩემპიონატი მოვიგოთ”

ტირასპოლის “შერიფის” ახლადდანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა ვაჟა თარხნიშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გამოწორება და ჩემპიონატში გამარჯვებაა.

- რა ემოცია გაქვთ და თქვენთვის ეს თანამდებობა რას ნიშნავს?

- 1999 წელს, როდესაც “შერიფში” აღმოვჩნდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ კლუბში გენერალურ დირექტორად მუშაობის შესაძლებლობა მექნებოდა. ეს ჩემთვის პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან “შერიფი” ტრადიციული და ამბიციური კლუბია, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. მესმის, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს. ამჟამად, ჩემპიონატში მე-3 ადგილი გვიკავია, რაც ნამდვილად მიუღებელია. მთავარი ამოცანაა, სიტუაცია გამოვასწოროთ და ჩემპიონატი მოვიგოთ. ბუნებრივია, კლუბის ბევრ ტრადიციას შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო გავამრავალფეროვნებთ. მე ცარიელ ადგილზე არ მივსულვარ. კარგი ნიადაგი გვაქვს, რომელიც უნდა გავანოყიეროთ, რის შემდეგ, ჩვენი მუშაობის შედეგი გამოჩნდება. ბევრი ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობ და ამ მხრივ მუშაობა გამიადვილდება. 17 წლის განმავლობაში “შერიფმა” მოლდოვასა და ევროპაში ბევრს მიაღწია. ისღა დაგვრჩენია, რომ ეს ესტაფეტა გადავიბაროთ და ახალ გამარჯვებებს მივაღწიოთ.

- კლუბის ცხოვრებაში რა ცვლილებები მოხდება? მომავალში რა გეგმები გაქვთ?

- მკვეთრ გლობალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ბუნებრივია, ჩემი იდეები და ხედვა მაქვს მარკეტინგზე, კლუბის შიგნით მუშაობასა და გულშემატკივრებთან ურთიერთობაზე. ჩვენთვის მთავარი გულშემატკივრების ტრიბუნებზე დაბრუნებაა. შესაბამისად, გუნდის თამაში და კლუბის ირგვლივ მუშაობა უნდა გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, თანამოაზრეებთან ერთად ამას მოვახერხებ. გულშემატკივრებთან შეხვედრა გვსურს. მათთან მუდმივად ურთიერთობა მინდა, რადგან კლუბი გულშემატკივრების გარეშე არ არსებობს. ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ და წინ წავიდეთ. თვეში ან ორ თვეში ერთხელ მსურს ჩვენს ქომაგებს შევხვდე, გუნდის თამაში და ყველაფერი რაც კლუბს უკავშირდება განვიხილოთ. იმედია, რომ ახალი წლის მერე პირველი შეხვედრა შედგება.

- კლუბის მიზნები კვლავ ყველაზე მაქსიმალური იქნება?

- საფეხბურთო კლუბ “შერიფის” გამარჯვებათა ტრადიციების გაუმჯობესება გვსურს. მიზნები ყოველთვის მაქსიმალური იყო და იქნება. ლამაზი სიტყვების თქმა ერთია, მაგრამ უმჯობესის საქმით დავკავდეთ და ეს პრაქტიკაში დავამტკიცოთ. მუდმივად უნდა ვპროგრესირებდეთ და ამიტომ, ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ.

0.147224