სეოკ-ის ოფისში ამ ორგანიზაციის 2014 წლის საანგარიშო სესია გაიმართა და ერთგვარად წლის შეჯამებაც მოხდა. სესიას ტრადიციულად ოლიმპიური ჩემპიონები, ფედერაციათა ხელმძღვანელები, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღეს.
სესიის ბოლოს მოხდა, მაგრამ ჩვენ თავში ვიტყვით. სეოკ-მა აბსოლუტური უმრავლესობით დაიბრუნა ძველი ლოგო, რომელიც წლების განმავლობაში ანუ 1989-2009 წლებში ჰქონდა.
დღის წესრიგი 5 ძირითადი საკითხისგან შედგებოდა.
1.ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაცია კონტინენტალური ფორუმისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ.
2.საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ინფორმაცია სპორტში დოპინგთან ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ.
3.პირველი ევროპული თამაშების შესახებ.
4.სეოკ-ის საქმიანობის 2014 წლის ანგარიშის შესახებ.
5.სეოკ-ის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ.
სესიას ასევე დაესწრო დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და დამსწრე საზოგადოებამაც „თბილისი 2015"-ის ხელმძღვანელისგან ალექსი ახვლედიანისგან მოახლოებული ფესტივალისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ახვლედიანის თქმით ყველა პირობაა შექმნილი, რომ თბილისმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვას.
დავით ნარმანიას თქმითაც მერია აქტიურადაა ჩართული საორგანიზაციო სამუშაოებში და 2015 წლის ბიუჯეტში ოლიმპიური ფესტივალისთვის 28 მილიონი ლარი გამოიყო.
სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა ყურადღება მომავალ წელს გასამართ ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აქამდე ჩატარებულ შეჯიბრებათაგან, აზერბაიჯანის დედაქალაქში საქართველო ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაციით წარსდგება.
სესიის დასაწყისში კი სეოკ-ის დამფუძნებლები, ტიტულიანი ვეტერანი სპორტსმენები, ფედერაციის ხელმძღვანელები და აღმასკომის წევრები ლერი ხაბელოვმა სეოკ-ის 25 წლის საიუბილეო მედლებით დააჯილდოვა, რის შემდეგაც საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელის პალიკო კასრაძის მოხსენება მოისმინეს.
დელეგატებმა სეოკ-ის 2014 წლის საქმიანობა ერთსულოვნად დადებითად შეაფასეს.
www.geonoc.org.ge