ჭიდაობა

21:47 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რომან რურუა: "არავითარი ზეწოლა არ ყოფილა”

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას სამი კანდიდატი შემორჩა. ვეტერანმა მოჭიდავემ მსოფლიოს 4-გზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ მოლოდინისამებრ, კანდიდატურის მოხსნის შესახებ ფედერაციაში განცხადება დღეს შეიტანა. დღესვე მოჭიდავეთა საინიციატივო ჯგუფმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლების ცალკეული შტოების მიერ განხორციელდა ზეწოლის ფაქტები პარლამენტარ ვალერი გელაშვილის სასარგებლოდ. განცხადების 11 ხელმომწერს შორის პრეზიდენტობის კანდიდატები მანუჩარ კვირკველია და გოგი მაკასარაშვილიც არიან. კულუარებში რომან რურუას გადაწყვეტილებასაც ზეწოლით ხსნიან, რასაც თავად ვეტერანი სპორტსმენი კატეგორიულად უარყოფს.

"გამორიცხულია ვინმემ რამე მაიძულოს. არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. იყო გარკვეული რჩევები, აზრთა გაცვლა გამოცვლა, მაგრამ საბოლოო ნაბიჯი აბსოლუტურად დამოუკიდებლად მივიღე. ფედერაციის გაძღოლა უდიდესი ტვირთია და სხვა საქმიანობასთან მისი შეთავსება ძალიან გამიჭირდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, გზა სხვებს დავუთმო” – განაცხადა რომან რურუამ.

ყრილობა 26 დეკემბერს გაიმართება და გელაშვილს, კვირკველიასა და მაკასარაშვილს შორის არჩევანს 109 დელეგატი გააკეთებს.

0.123536