ფეხბურთში წარუმატებელი შედეგების გამო განტევების ვაცად ხშირ შემთხვევაში მთავარი მწვრთნელები გამოჰყავთ. მიმდინარე სეზონში ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში რამდენიმე მწვრთნელი დარჩა უმუშევარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერლიგა ამ მხრივ გამონაკლისია.
ინგლისის პრემიერლიგაში 17-მა ტურმა განვლო, თუმცა 20-ვე გუნდის მთავარი მწვრთნელი სეზონის სტარტიდან დღემდე დაკავებულ თანამდებობას ინარჩუნებს. ასეთი ფაქტი კი ალბიონურ ლიგაში 1995 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
იტალიის სერია A-ში 16 ტურის შემდეგ ახალი თავკაცი 4 გუნდს ჰყავს. “კალირიდან” ზდენეკ ზემანი, “ჩეზენადან” პიერპაოლო ბიზოლი, “კიევოდან” ეუჯენიო კორინი, ხოლო “ინტერიდან” ვალტერ მაცარი დაითხოვეს.
17 ტურის შემდეგ იგივე რაოდენობის მწვრთნელის ცვლილება მოხდა გერმანიის ბუნდესლიგაში. საშობაო არდადეგებს უმუშევარი შეხვდნენ შალკელი იენს კელერი, ჰამბურგელი მირკო სლომკა, ვერდერელი რობინ დუტი და შტუტგარტელი არმინ ფე.
ესპანეთის პრიმერადივიზიონში 16 ტური მიილია და იტალიური და გერმანული ლიგების მსგავსად 4 სპეციალისტი დარჩა უმუშევარი. “კორდობა” ალბერტ ფერერს, “ლევანტე” ხოსე ლუის მენდილიბარს, “სოსიედადი” იაგობა არასტეს, ხოლო “ალმერია” ფრანსისკო როდრიგესს დაატოვებინეს.
საფრანგეთის ლიგა 1-ში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი შეეწირა წარუმატებელ შედეგებს. კორსიკული “ბასტიადან” წარსულში ცნობილი ფეხბურთელი კლოდ მაკელელე დაითხოვეს.