სადღეისოდ მსოფლიო კლასიფიკაციის მესამე ნომერი რაფა ნადალი ფრანგულ ტელეარხ Stade 2-ს ინტერვიუ მისცა. მალიორკელმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის ღია პირველობის მეათედ მოგების სურვილი აქვს და ფრანგ გულშემატკივრებთან ბოლო დროს გაუმჯობესებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა.
- საფრანგეთის ღია პირველობის მეათედ მოგება თქვენი ოცნებაა?
- “როლან გაროსის” კორტებზე პირველიდან მეცხრეს ჩათვლით მოპოვებული საჩემპიონო წოდება ჩემთვის საოცნებო გახლდათ, თუმცა, არ დავმალავ და მოგახსენებთ - საფრანგეთის ღია პირველობის საიუბილეოდ, მეათედ მოგება დიდად მწადია. ვერ გეტყვით, ეს მომავალ წელს მოხდება თუ არა, მაგრამ საამისოდ ძალ-ღონეს არ დავიშურებ. დასახული მიზნის ასასრულებლად გაორმაგებული ენერგიით ვარჯიში მომიწევს.
- ჩოგბურთის ფრანგ გულშემატკივრებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ურთიერთდამოკიდებულება თანდათან სულ უფრო და უფრო გულთბილი ხდება. კარგად მახსოვს, თავდაპირველად ფრანგი ქომაგები მისტვენდნენ, ამჟამად კი მათგან მეტ თანადგომას ვგრძნობ. პარიზში ჩასვლისას ქუჩებში ბევრს ვსეირნობ და გამვლელები მესალმებიან. პარიზის მცხოვრებთაგან ნეგატიურ დამოკიდებულებას ვერცკი ვიხსენებ. “როლან გაროსის” ტრიბუნებიდან კი დადებით აურასა და მხარდაჭერას ვგრძნობ.
- ფრანგულად თუ საუბრობთ?
- რამდენიმე ფრაზის წარმოთქმა შემიძლია. სასაუბრო პრაქტიკა მაკლია - საფრანგეთს ხომ არცთუ ხშირად ვსტუმრობ.
- ბავშვობაში ყველაზე მეტად რაზე ოცნებობდით?
- ყოველთვის მსურდა პროფესიონალი სპორტსმენი გავმხდარიყავი. არჩევანი ფეხბურთსა და ჩოგბურთს შორის მქონდა გასაკეთებელი. დედა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და სწავლას მაძალებდა. პროფესიონალი ჩოგბურთელად გახდომის შემდეგ კი წიგნით მეცადინეობისთვის დიდი დრო აღარ მრჩებოდა და დროის უდიდესი ნაწილი ვარჯიშსა და ასპარეზობას დავუთმე.