ფეხბურთი

11:08 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გენიოსები კარის ხაზიდან

ფეხბურთში მთავარი ნიუანსი გოლია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გოლის გატანაში თავდამსხმელებს ხელს უშლიან. მიუხედავად ამისა, ისინი არანაკლებად უყვარდებათ ფეხბურთის ქომაგებს, ვიდრე ბომბარდირები, არანაკლებ დიდ კვალს ტოვებენ საფეხბურთო მატიანეში და არანაკლებ სახელს იხვეჭენ.

დღეს გვინდა გესაუბროთ მეკარეების შესახებ. 21-ე საუკუნის რამდენიმე გამორჩეული კარის დარაჯები, რომლებმაც გადაწერეს საფეხბურთო ისტორია და თავისი სახელი სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაწერეს მის დიად მატიანეში.

ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) – როდესაც საქმე მეკარეზე მისდგება, შეუძლებელია არ გაგახსენდეს იტალიელი გენიოსი და ნამდვილი კედელი – ჯანლუიჯი ბუფონი. ჯიჯი საფეხბურთო ასაკში ნამდვილად აღარ არის, თუმცა მისი თამაშის შემყურეს შეუძლებელია არ დაგებადოს კითხვა – ნუთუ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს? ბუფონი 36 წლის ასაკშიც ჩვეულად, მაღალ დონეზე აგრძელებს თავის საქმეს. ბუფონის პროფესიონალური კარიერა 1995 წლის 17 ნოემბერს დაიწყო. სწორედ ამ დღეს შედგა მისი დებიუტი იტალიის ჩემპიონატში. იმ დროისთვის ჯიჯი მხოლოდ 17 წლის იყო. მიუხედავად პატარა ასაკისა, მას არ გასჭირვებია მძლავრი “პარმას” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება. 2001 წელს ბუფონმა ემილიური გუნდი დატოვა და მსოფლიო ფეხბურთის გრანდში “იუვენტუსში” გადავიდა და დღემდე გუნდის ერთგულია. ბუფონის კარიერის პიკად 2006 წელი მიიჩნევა, როცა თავის ნაკრებთან ერთად გერმანიის მუნდიალზე გაიბრწყინა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. წლის ბოლოს კი “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში მე-2 ადგილზე გავიდა. ჯანლუიჯის კიდევ ერთი გამორჩეული რეკორდი ეკუთვნის – იგი ერთადერთი მეკარეა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც აღნიშნული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი დაიმსახურა. ეს კი 2003 წელს მოხდა. “იუვენტუსის” კაპიტანმა თავის კლუბთან კონტრაქტი ახლახან 2017 წლამდე გაახანგრძლივა და დარწმუნებულნი ვართ ამით ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრები დიდად გაახარა.

იკერ კასილიასი (ესპანეთი) – მადრიდის “რეალის” სკოლის აღზრდილი იკერ კასილიასი თანამედროვების ერთ-ერთი გამორჩეული კარის დარაჯია. იკერი მადრიდში ძალიან პატარა გამოჩნდა და ნელ-ნელა ეტაპობრივად გუნდის ძირითად მეკარედ ჩამოყალიბდა. კასილიასის ვარსკვლავის გაბრწყინება კი მაინც 2002 წლის გაზაფხულ-ზაფხულს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მას იმ დროისთვის გაუმრთლა კიდეც. თავად განსაჯეთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “ლევერკუზენის” წინააღმდეგ მან შეხვედრა თადარიგიდან დაიწყო, მაგრამ ძირითად მეკარე სესარი შესაცვლელი შეიქნა და ვისენტე დელ ბოსკეც 21 წლის მეკარეს ენდო, არც შემცდარა. ახალლგაზრდა ფეხბურთელის საოცარმა სეივებმა მატჩის მიწურულს “ბლანკოსს” მე-9 ჩემპიონთა თასი მოუტანა. 2002 წლის სამუნდიალო განაცხადში იგი ხოსე ანტონიო კამაჩომაც შეიყვანა, მაგრამ ძირითად მეკარედ ვალენსიელ სანტიაგო კანისარესს მოიაზრებდა. სწორედ ამ დროს კანისარესმა ტრავმა უცნაურ ვითარებაში მიიღო და “ფურია როხას” კარის დაცვა იკერს მიანდეს. კასილიასმა მუნდიალზეც წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ამის შემდეგ კი მისი კარიერა წარმატებულად ვითარდება და აგერ უკვე 12 წელია სტაბილურად ასპარეზობს. ბოლო დროს მის მიმართ კრიტიკამ იმატა, თუმცა ვეჭვობთ, ესპანელი კიდევ არაერთხელ იტყვის თავის სათქმელს, თანაც ხმამაღლა.

ოლივერ კანი (გერმანია) – შეუძლებელია ახსენებდე მეკარეს და იქ ლეგენდარული გერმანელი ოლივერ კანი არ დაასახელო. ოლის შესაშური ქარიზმა ჰქონდა, რაც მას განსაკუთრებულად ძლიერს ხდიდა. ოლივერ კანი მოედანზე ნამდვილი ლიდერი იყო. სწორედ მისი ლიდერობით 2002 წლის მუნდიალზე არაფრით გამორჩეულმა გერმანიის ნაკრებმა მუნდიალის ფინალს უწია, მართალია ფინალურ შეხვედრაში ოლის მიერ დაშვებულმა შეცდომამ დიდწილად განაპირობა ბრაზილიელთა გამარჯვება, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის სამხრეთ ამერიკელები ევროპელებს ერთი თავით აღემატებოდნენ. ფიფამ კანს მუნდიალზე ფანტასტიკური გარჯა დაუფასა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიანიჭა და იგი თვით რონალდოზე წინ დააყენეს. ეს ნამდვილი აღიარება გახლდათ, რადგან ასეთი პრიზის მოგება მეკარეებისთვის, მანამდეც და მას მერეც ძალზე ძნელად მისაღწევია. ოლივერ კანმა თავისი დიდებული კარიერა 2008 წელს დაასრულა.

ედვინ ვან დერ სარი (ჰოლანდია) – 90-იანი წლების ლუის ვან გაალის “აიაქსი” ახალგარდა ტალანტების სამჭედლო იყო. ამსტერდამულმა გუნდმა იმდენი შეძლო, რომ 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო. იმ გუნდში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობდა, მათ შორის ერთ-ერთი კი, გამხდარი და ტანმაღალი კარის ხაზზე იდგა. ედვინ ვან დერ სარმა ჰოლანდიურ კლუბს 9 წელი უერთგულა და 1999 წელს იმ ხანად ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში “იუვენტუსში” გადაბარგდა. თუმცა მისი ტურინული კარიერა ვერ აეწყო, ორი წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ძველი ფორმის აღდგენას. 2001 წელს კი არაფრით გამორჩეულ “ფულჰემში” გადავიდა. მაშინ ედვინი ბევრმა ჩამოწერა. ლონდონში მან 4 წელი დაჰყო, 35 წლის ასაკში კი მას ალექს ფერგიუსონმა დაუძახა, რომელსაც გუნდიდან პეტერ შმეიხელის წასვლის შემდეგ მისი ღირსეული შემცვლელი ვერ ეპოვნა. ვეტერან მეკარეს “ოლდ ტრაფორდზე” მეორე სუნთქვა გაეხსნა და კლუბის ისტორიაში თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა. 2008 წელს კი ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგო, რაშიც ჰოლანდიელს წვლილი ძალზე დიდი მიუძღოდა. 2011 წელს, 41 წლის ასაკში ვან დერ სარმა ბუცები ლურსმანზე დაჰკიდა და დიდი ფეხბურთიდან ღირსეულად და თავაწეული წავიდა.

ნელსონ დიდა (ბრაზილია) – ბრაზილიაში საფეხბურთო ტალანტები არასდროს უკვირდათ, მაგრამ ყოველთვის დარდობდნენ მაღალი დონის მეკარის არყოლის გამო. ეს პრობლემა “პენტაკამპეონელებს” სრულად მოეხსნათ მას მერე, რაც ნელსონ დიდა “მილანში” აღმოჩნდა. ნელსონი მანამდე სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ მისთვის გარდამტეხი გამოდგა 2002-2003 წლების სეზონი. დიდამ “მილანთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ფინალურ მატჩში მის მიერ მოგერიებულმა თერთმეტრიანებმა ამაში მთავარი როლი ითამაშა. დიდამ იტალიური კლუბის შემადგენლობაში არაერთი დაუვიწყარი სეზონი და შეხვედრა გამართა. “როსონერი” კი 2010 წლეს დატოვა. 41 წლის მეკარე აქტიურ კარიერას დღემდე განაგრძობს და ბრაზილიური “ინტერნასიონალის” კარს იცავს. “მილანის” გულშემატკივრები კი ჯერ კიდევ იხხსენებენ ახლო წარსულს და ახალი დიდას გამოჩენაზე ოცნებობენ.

პეტერ ჩეხი (ჩეხეთი) – ლონდონის “ჩელსი” ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. წარმოუდგენელია იყო ამ გუნდის შეუცვლელი მეკარე მთელი 10 სეზონის განმავლობაში, მაგრამ ეს პეტერ ჩეხმა შეძლო. ჩეხი საფეხბურთო სამყარომ პრაღის “სპარტადან” გაიცნო, იქიდან კი ფრანგულ “რენში” აღმოჩნდა, სადაც ორი სეზონი გაატარა. 2004 წელს კი ჟოზე მოურინიოს მითითებით იგი რომან აბრამოვიჩმა შეიძინა. ლონდონურ კარიერაში ჩეხ მეკარეს არაერთი გამორჩეული და დაუვიწყარიშეხვედრა გაუმართავს. თუმცა მიმდინარე სეზონის წინ მას “არისტოკრატთა” ძირითად შემადგენლობაში ადგილი ტიბო კურტუამ წაართვა, მაგრამ ეს ლეგენდარული მეკარის სახელს ოდნავადაც არ ლახავს. პეტერ ჩეხი ალბათ უფრო დიდად დაფასებული იქნებოდა, ის რომ სხვა ქვეყანაში დაბადებულიყო. მის დიად კარიერას აშკარად აკლია სანაკრებო დონეზე მიღწეული წარმატებები. ამბობენ, რომ მის ლონდონურ კარიერაში ეს ბოლო სეზონია, მაგრამ ჩეხი თავის სიდიადეს კიდევ ერთხელ ალბათ, სხვა გუნდის მაისურითაც დაგვანახებს.

ფრანჩესკო ტოლდო (იტალია) – ფრანჩესკო ტოლდოს ნამდვილად არ გაუმართლა. მას ჯანლუიჯი ბუფონის ეპოქაში მოუწია თამაში. სხვა შემთხვევაში ალბათ, მისი სანაკრებო კარიერა 28 შეხვედრაზე მეტს დაიტევდა. და მაინც, ტოლდოს სახელი გაგონებაზე პირველ რიგში ალბათ, 2000 წლის ევრო პირველობა და დაუვიწყარი შეხვედრა ახსენდებათ ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. იმჟამად “ფიორენტინას” 29 წლის მეკარემ ჰოლანდიელ ფეხბურთელებს 4 თერთმეტრიანი აუღო და თავის ნაკრებს ფინალში გაუძღვა. ფრანჩესკომ ფეხბურთის თამაში “მილანში” დაიწყო, თუმცა გუნდის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. რამდენჯერმე განათხოვრების მერე იგი “ფიორენტინაში” გაყიდეს. ფლორენცილებს მან 2001 წლამდე უერთგულა, შემდეგ კი მილანის “ინტერს” მიაშურა. მილანელთა კარის ხაზზე სტაბილურად 4 წელი იდგა, შემდგომი პერიოდი ჟულიო სეზარის ჩრდილ ქვეშ გაატარა, მაგრამ მის განვლილ კარიერას ეს არ აკნინებს. ფრანჩესკო ტოლდოს სახელი სამუდამოდ დარჩა ფეხბურთის ისტორიაში, როდესაც ახსენებენ ევრო-2000-სს, შეუძლებელია არ გაგახსენდეთ ტანმაღალი იტალიელი.

მანუელ ნოიერი (გერმანია) – მანუელ ნოიერი ზემოთ ჩამოთვლილ მეკარეებთან შედარებით ახალგაზრდაა, მაგრამ ახალი საუკუნის გამოჩეულ კიპერებში მოხვედრას უდაოდ იმსახურებს. 28 წლის გერმანელი “შალკეში” ახალგაზრულ ასაკში გამოჩნდა და მაშინვე აალაპარაკა სპეციალისტები. 2011 წელს კი მიუნხენის “ბაიერნშიც” აღმოჩნდა. ნოიერმა გასულ ზაფხულს გამართული მუნდიალი შესანიშნავად ჩაატარა და ახლა წლის საუკეთესო ფეხბურთელის სამ კანდიდატს შორისაა დასახელებული. გერმანელს აქვს შანსი ლეგენდარული ლევ იაშინის შემდეგ მეორე მეკარე გახდეს, ვინც “ოქროს ბურთს” დაეპატრონება.თუმცა, როგორც უნდა დასრულდეს აღნიშნული გათამაშება ფაქტია, რომ მანუელ ნოიერი ოლივერ კანის ღირსეული შემცვლელი გამოდგა.

0.113559