ჭიდაობა

10:32 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანდიდატთა სია შეიძლება შემცირდეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რომან რურუა განაცხადის უკან გატანაზე ფიქრობს და საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს მიიღებს.

"ჭიდაობის სათავეში დგომა ძალიან შრომატევადი და მძიმე საქმეა. დილიდან ღამემდე მხოლოდ მასზე უნდა იყო ორიენტირებული. მე კი სხვა საქმეც მაქვს და არ მინდა, ჭიდაობას რამე დავაკლო. ალბათ სჯობს ისევ იქ დავრჩე, სადაც აქამდე ვიყავი – ფედერაციის მაკონტროლებელ ჯგუფში. მართვის უფლება კი ახალგაზრდებს დავუთმო. თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არ მიმიღია” – უთხრა "მსოფლიო სპორტს” რომან რურუამ.

ვეტერანმა მოჭიდავემ საპრეზიდენტო განაცხადი ფედერაციაში პირველმა შეიტანა. მას შემდეგ კანდიდატურები ვალერი გელაშვილმა და მანუჩარ კვირკველიამაც წამოაყენეს. კანდიდატთათვის ოფიციალური განაცხადის წარმოსადგენად დაწესებული ვადის მიწურულს კი პრეზიდენტობის სურვილი კიდევ ორმა ვეტერანმა: გოგი მაკასარაშვილმა და გურამ საღარაძემ გამოთქვეს. ამ უკანასკნელმა სწრაფადვე გადაიფიქრა და განაცხადი უკან გაიტანა. მაკასარაშვილის ნაბიჯმა კი უმალ გააჩინა ეჭვი, რომ რომან რურუა გადაიფიქრებდა.

"მე რომ მტკიცედ მქონოდა გადაწყვეტილი, მაკასარაშვილი კანდიდატურას ნამდვილად არ წამოაყენებდა” – გვითხრა რომან რურუამ, თუმცა იქვე დასძინა, რომ განაცხადის გატანის შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად გოგი მაკასარაშვილის მხარდამჭერად არ უნდა დავასახელოთ, რადგან სხვა კანდიდატებთანაც მეგობრული ურთიერთობა აქვს.

რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ვაკის ფალავანთა კლუბში 26 დეკემბერს გაიმართება და ხმაურით ჩაივლის.

0.117595