ჭიდაობა

20:03 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ნოზაძე: “არჩევნებში მხარს მანუჩარ კვირკველიას ვუჭერ”
“წინააღმდეგი არ ვიქნები, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოში თუ ამირჩევენ”

ქართულ სპორტში ჩახედული გულშემატკივრებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ საერთაშორისო სარბიელზე ჩვენს ქვეყანას ჭიდაობის სახეობებმა (თავისუფალი, ბერძნულ-რომაული) ბევრი ტიტული - პრესტიჟულ შეჯიბრებებზე უამრავი ოქრო-ვერცხლი მოუტანა.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ჩვენი ქვეყნის მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდებმა რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი გამოტოვეს. სხვადასხვა მიზეზით შეჩერებული საწვრთნელი სამუშაოების გამო აღნიშნული სახეობების ჭიდაობის წარმომადგენლები საგრძნობლად დაზარალდნენ.

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს მედალოსნის, ლუკა კურტანიძის პრეზიდენტის პოსტიდან იძულებით წასვლის გამო 26 დეკემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ჭიდაობის სახეობათა ფედერაციას ახალი ხელმძღვანელობა ეყოლება. ამ დროისათვის პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას 3 პიროვნება აცხადებს. ესენი არიან: ცნობილი ბიზნესმენი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი და ვეტერანი მოჭიდავეები, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები რომან რურუა და მანუჩარ კვირკველია.

“მსოფლიო სპორტი” ვეტერან მოჭიდავეს, ბერძნულ რომაულ ჭიდაბაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონ რამაზ ნოზაძეს ესაუბრა.

-ამჟამად რას საქმიანობთ?

- კერძო ბიზნესით ვარ დაკავებული.

- თქვენც ხომ არ აპირებთ ჭიდაობის სახეობათა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?

- არა.

- თუ საიდუმლო არაა რომელ კანდიდატს უჭერთ მხარს?

- მანუჩარ კვირკველიას.

- მართალია, უკვე წასული საქმეა, მაგრამ მაინც საინტერესოა თქვენი აზრი. ლუკა კურტანიძის გადაყენებას ითხოვდით. რატომ განუდგა კურტანიძეს ჭიდაობის ოჯახის გარკვეული ნაწილი და მათ შორის თქვენც?

- აქტიურ სპორტში ყოფნის დროს ლუკამ დიდ წარმატებას მიაღწია, რომელმაც 5-ჯერ ევროპის, 2-ჯერ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე ორი ბრინჯაოს მედალი აიღო. მართალია, კარგი სპორტსმენი იყო, მაგრამ მენეჯერის ნიჭი ვერ გამოავლინა. ხშირად ერეოდა ნაკრები გუნდების სამწვრთნელო საქმიანობაში და რაც ყველაზე მთავარია, კოლეგებთან ანუ სპორტსმენებთან და ფედერაციის წევრებთან ვერ შეძლო საერთო ენის გამონახვა.

- აქტიურ სპორტში ყოფნის დროს თქვენ დიდ წარმატებას მიაღწიეთ, იმდენად კარგი მონაცემები გქონდათ ბევრი და მათ შორის მეც დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი წარმატების მიღწევა შეგეძლოთ. ნაადრევი ხომ არ იყო თქვენი აქტიური სპორტიდან წასვლა?

- ყველაზე უფრო მე მსურდა სასპორტო კარიერის გაგრძელება, მაგრამ აქტიური სპორტიდან ჩემი ნაადრევად წასვლის მიზეზი ხშირი ტრავმები იყო, რომელიც ქრონიკულში გადაიზარდა.

-კონკრეტულად რა ტრავმებზეა საუბარი?

- მხრის და ფეხის კუნთები მქონდა დაზიანებული.

- საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობთ, სხვა ფორმით ხომ არ გსურთ ჭიდაობას დაუბრუნდეთ?

­- წინააღმდეგი არ ვიქნები, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოში თუ ამირჩევენ.

0.123183