ფეხბურთი

14:10 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალია სუპერთასის გამარჯვებულის მოლოდინშია
“იუვენტუსი” იტალიის სუპერთასის მოპოვებას მეშვიდედ შეეცდება

ტურინის “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” შორის იტალიის სუპერთასის მატჩი დღეს, 22 დეკემბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში 21:30 საათზე (თბილისის დრო) გაიმართება. იტალიის ჩემპიონისა და თასის მფლობელის დაპირისპირება აგვისტოში უნდა გამართულიყო, მაგრამ ნეაპოლელთა დატვირთული გრაფიკის გამო შეხვედრის ჩატარება დეკემბრისთვის გადაიდო.

მიმდინარე სეზონში “ბიანკონერი” ბოლო წლების მსგავსად სტაბილურად ასპარეზობს და ჩემპიონატს ერთპიროვნულად 39 ქულით ლიდერობს. რაფელ ბენიტესის გაწვრთნილი გუნდი კი შედარებით სუსტად გამოიყურება, ნეაპოლელები 16 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან. გასულ სეზონში კი “ნაპოლის” 16 მატჩის შემდეგ 35 ქულა ჰქონდა, ხოლო “იუვე” სერია A-ს 43 ქულით ლიდერობდა.

ბოლო ხუთი მატჩიდან “ნაპოლიმ” 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ერთ შეხვედრაში კი დამარცხდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კი 2 მოიგო და 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა. ბოლო მატჩები გუნდებმა იტალიის ჩემპიონატში ჩაატარეს. “იუვემ” სტუმრად “კალიარი” 3:1 დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. “ნაპოლიმ” 14 დეკემბერს “მილანთან” განცდილი მარცხის შემდეგ ხასიათი აუტსაიდერ “პარმასთან” გამოისწორა და დონადონის გუნდი 2:0 დაამარცხა.

დღევანდელ მატჩში “იუვენტუსს” ტრავმის გამო ანდრეა ბარძალი, კვადვო ასამოა, რომულო და მარტინ კასერესი დააკლდება, ხოლო ნეაპოლელები მიჩუს, ლორენცო ინსინიეს და ხუან სუნიგას მოისაკლისებენ.

მომავალი მატჩის სავარაუდო შემადგენლობები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

იუვენტუსი: ბუფონი, ლიხშტეინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, მარკიზიო, პირლო, პოგბა, ვიდალი, ტევესი, ლიორენტე.

ნაპოლი: რაფაელი, მაჯო, ალბიოლი, კულიბარი, გულამი, ჟორჟინიო, ლოპესი, კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი, იგუაინი

“იუვენტუსი” და “ნაპოლი” იტალიის სუპერთასზე ერთმანეთს სულ ორჯერ დაუპირისპირდნენ. 2012 წლის 11 აგვისტოს ჩინეთში გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, დამატებით დროში ტურინელებმა 4:2 იმარჯვეს. 1990 წელს კი მარადონას კაპიტნობით “ნაპოლიმ” “იუვე” 5:1 გაანადგურა.

ტურინელებს იტალიის სუპერთასი 6-ჯერ მოუგიათ (1995, 1997, 2002, 2003, 2012, 2013), ამდენივე მოგება აქვს “მილანსაც”. “ნაპოლის” აქტივში კი მხოლოდ ერთი ზემოთაღნიშნული გამარჯვებაა.

დღევანდელი მატჩის მოგების შემთხვევაში ტურინელები სუპერთასს ზედიზედ მესამედ დაისაკუთრებენ, ამ მაჩვენებლით “როსონერის” გაუთანაბრდებიან, ხოლო სუპერთასი სარეკორდოდ 7-ჯერ ექნებათ მოპოვებული.

0.111617