რაგბი

18:23 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არმაზმა” შანსი დაიბრუნა

თბილისის “არმაზმა” თანაქალაქელი “ჯიქები” მე-8 ტურის გადადებულ მატჩში 19:11 დაამარცხა და საპლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი დაიბრუნა.

თამაში, რომელსაც ასამდე მაყურებელი დაესწრო, მძიმე საყურებელი გამოდგა. “ჯიქები” მეტოქეს შერკინებასა და ძალისმიერ თამაშში ჯაბნიდა, ჯარიმების შესრულების უფლებაც მოიპოვა, მაგრამ დღევანდელი დღე რამაზ ხარაზიშვილისა არ იყო - მას ხუთი დარტყმა გაუფუჭდა და აქედან სამი უცილობლად გასატანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. “არმაზი” უკეთესი იყო გაშლილ თამაშში. როგორც ჩანს, მორაგბეებსაც კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული ამ მატჩის მნიშვნელობა და გამარჯვების სურვილმა ისინი სასურველ შედეგამდე მიიყვანა.

ანგარიში დავით კიკნაძემ მე-2 წუთზე, 45 მეტრიდან გატანილი ჯარიმით გახსნა და ორიოდე წუთში რამაზ ხარაზიშვილს იგივე დისტანციიდან შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. სამაგიეროდ, მე-12 წუთზე “ჯიქებმა” კარგი კომბინაცია გაითამაშა და ვანო გაბროშვილმა ლელო გაიტანა . ხარაზიშვილს გასატანი გარდასახვა გაუცუდდა. ამაზე “არმაზმა” რამდენიმე კარგი იერიშით უპასუხა და მართალია ლელო ვერ გაიტანა, მაგრამ ჯარიმის უფლება მოიპოვა და კიკნაძემ თავისიანებს ლიდერობა დაუბრუნა (6:5), ორიოდე წუთში მანვე გასატანი პოზიციიდან მორიგი დარტყმა კვლავ ზუსტად შეასრულა და ანგარიში 9:5 გახდა.

შესვენებამდე ხარაზიშვილს ორჯერ მიეცა ჯარიმიდან ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანის შანსი, მაგრამ ორივე შემთხვევაში დარტყმა არაზუსტი იყო. რამაზმა ჯარიმა მეორე ნახევრის დასაწყისში, მეხუთე ცდაზე გაიტანა, მაგრამ 50-ე წუთზე კარის წინ დაახლოებით 26 მეტრიდან კვლავ არაზუსტად დაარტყა. მერე ორივე გუნდს სალელოვე შანსი ჰქონდა, მაგრამ ისინი გამოუყენებელი დარჩა, 71-ე წუთზე კი, დარტყმის უფლება მამუკა ნინიძემ გადაიბარა და კარის წინ 32 მეტრიდან “ჯიქები” 11:9 დააწინაურა.

და მაინც, ამდენი გამოუყენებელი შანსის ფონზე “ჯიქები” გამარჯვებას არ იმსახურებდა და დასკვნით 10 წუთში “არმაზმა” საწადელსაც მიაღწია. მართალია კიკნაძეს 75-ე წუთზე ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ 79-ეზე დარტყმა უნაკლოდ შეასრულა (12:11 “არმაზის” სასარგებლოდ), მერე მეტოქემ ბურთი თამაშში რომ ვერ შეიყვანა, ცენტრში დანიშნული შერკინებიდან შეუტია, ფლანგზე კი ბადრი ლიპარტელიანი მცველებს შორის გაძვრა და 50 მეტრი ირბინა, ხოლო კიკნაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა და “ჯიქებს” პრემიალური ქულის აღებაც არ დაანება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

20 დეკემბერი. გადადებული

თბილისი. “ავჭალა”. 700 მაყურებელი

არმია (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 15:33

21 დეკემბერი. გადადებული

თბილისი. “ავჭალა”. 100 მაყურებელი

ჯიქები (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 11:19 (5:9)

ჯიქები: 15. დიმიტრი კიკნაძე (ნიკოლოზ ბიწაძე 70), 14. ირაკლი სვანიძე, 13. ვანო გაბროშვილი (რეზო ჯინჯიხაძე 67), 12. რატი ხუციშვილი, 11. რამაზ ხარაზიშვილი, 10. მამუკა ნინიძე, 9. ლაშა ნადირაძე (გიორგი ჭინჭარაული 52); 1. ოთარ ქარჩავა (ამირან მიქაძე 55), 2. ბექა მამრიკიშვილი (გიორგი ოქრომელიძე 65), 3. დავით ოქრიაშვილი, 4. ვლადიმერ გოგოლიძე, 5. არსენ ტრაპაიძე (ვასილ კვერნაძე 55), 6. საბა შუბითიძე (ვეფხია ტუჩაშვილი 63), 7. გურამ შენგელია. 8. დათო პაპავაძე.

1 ლელო: ვანო გაბროშვილი

2 ჯარიმა: რამაზ ხარაზიშვილი, მამუკა ნინიძე

არმაზი: 15. რევაზ ბროძელი, 14. ლაშა სირაძე, 13. ბადრი ლიპარტელიანი, 12. ვილიამ კაიფაჯიანი, 11. ნიკა პინაიშვილი, 10. დავით კიკნაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე (გიორგი მისრიაშვილი 72); 1. ირაკლი ჩომახაშვილი, 2. გიორგი სოსელია, 3. გიორგი მარგველანი (ირაკლი ბუკია 65), 4. შოთა კანდელაკი, გიორგი ჭელიძე (ოთარ მინაშვილი 52), 6. ნიკა გიგაური, 7. ირაკლი ცხადაძე, 8. ბესო ბარბაქაძე.

1 ლელო: ბადრი ლიპარტელიანი

1 გარდასახვა: დავით კიკნაძე

4 ჯარიმა: დავით კიკნაძე

1 ყოჩები 11 10 1 0 259-136 44
2 ბათუმი 11 6 1 4 205-175 30
3 ლელო სარ. 11 6 2 3 209-151 30
4 ხარები 11 6 2 3 204-156 30
5 აია 11 5 0 6 172-175 24
6 ლოკომოტივი 10 4 1 5 147-143 23
7 ჯიქები 11 4 1 6 149-166 20
8 არმია 11 4 0 7 151-217 19
9 არმაზი 10 4 0 6 165-194 18
10 თიბიეს უნივ. 11 1 0 10 150-298 7

27 დეკემბერი. გადადებული

ლოკომოტივი - არმაზი

0.18527