ფეხბურთი

18:35 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” – წყალს გატანებული მილიონები

2003 წლის ივლისში რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა ლონდონის “ჩელსი” შეიძინა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ლონდონური კლუბის ზეობა. აბრამოვიჩი თანხებს არ იშურებდა და იშურებს გუნდის გასაძლიერებლად და არაერთი სახელოვანი ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდი თანხაც გაუღია. იყო შემთხვევები, როცა ძვირადღირებული მოთამაშეები “სტემფორდ ბრიჯზე” მოლოდინს ვერ ამართლებდნენ და ალბიონიდან უსახელოდ მიდიოდნენ. განსაკუთრებით ეს აბრამოვიჩის მოღვაწეობის პირველ პერიოდზე ითქმის, თუმცა ასეთი ტრანსფერები მანამდეც იყო.

დღეს გთავაზობთ “ჩელსის” სატრანსფერო პოლიტიკის წარუმატებლობებს, რომელიც ბოლო 20-წლეულს ითვლის. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის თვალი გადაავლოს “არისტოკრატთა” წარუმატებელ ვაჭრობას.

ბრაიან ლაუდრუპი (დანია) – დანიელი ბრაიან ლაუდრუპი ლონდონში 1998 წელს ჯანლუკა ვიალის სურვილით ჩაიყვანეს. სკანდინავიელი მოთამაშე “ჩელსის” ვერ შეეწყო და გუნდში ჩატარებული 7 მატჩის შემდეგ იგი დატოვა.

პიერლუიჯი კაზირაგი (იტალია) – რომის “ლაციოს” ბომბარდირი პიერლუიჯი კაზირაგი ინგლისურ გუნდში 1998 წელს მივიდა. კაზირაგიმ “ჩელსიში” თავი ორი სეზონის განმავლობაში ვერ დაიმკვიდრა, გუნდში მხოლოდ 10 შეხვედრა ჩაატარა და ერთადერთი გოლი გაიტანა.

კრის სატონი (ინგლისი) – 1999 წელს “ჩელსიმ” “ბლექბერნ როვერსს” 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა კრის სატონის სანაცვლოდ. იმედისმომცემმა ფორვარდმა ლონდონურ კლუბში მაღალ დონეზე ათამაშება ვერ შეძლო და 28 პრემიერლიგურ შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

უინსტონ ბოგარდი (ჰოლანდია) – ჰოლანდიელი უინსტონ ბოგარდი ლონდონში 2000-2004 წლებში თამაშობდა. თუმცა, ხანგრძლივი პერიოდის მიუხედავად, მან გუნდის ლურჯი მაისური მხოლოდ 9 მატჩში მოირგო. 2004 წელს ბოგარდმა კარიერაც დაასრულა.

ადრიან მუტუ (რუმინეთი) – რუმინელი ადრიან მუტუ აბრამოვიჩის ერთ-ერთი პირველი შენაძენი გახლდათ. იმ ხანად 24 წლის ფორვარდი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ და სასურველ თავდამსხმელად ითვლებოდა. “ჩელსიმ” მუტუს სანაცვლოდ იტალიურ “პარმას” 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა. თუმცა ფორვარდმა ლონდონში ვერ გაიბრწყინა. მან “არისტოკრატთა” მაისურით მხოლოდ 8 გოლის გატანა შეძლო. შემდეგ კოკაინის მოხმარებაში ამხილეს და დისკვალიფიკაციით დაისაჯა. 2005 წელს ადრიანმა კარიერის გასაგრძელებლად “იუვენტუსს” მიაშურა.

ალექსეი სმერტინი (რუსეთი) – რუსი ნახევარმცველი ალექსეი სმერტინი ლონდონში 2003 წელს ჩავიდა, თუმცა გუნდის სათამაშო სტილს ვერაფრით მოერგო. სამი წლის განმავლობაში (სხვადასხვა პერიოდში იგი რამდენჯერმე იყო განათხოვრებული) მან “ჩელსის” მაისური მხოლოდ 16 შეხვედრაში მოირგო.

ანდრეი შევჩენკო (უკრაინა) – უკრაინელი ვარსკვლავი ანდრეი შევჩენკო აბრამოვიჩის დიდი სურვილის გამო 2006 წელს შეიძინეს. “მილანმა” 2004 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. თუმცა უკრაინელის ბრწყინვალება ინგლისში ვერ გაგრძელდა. ფეხბურთელმა ლონდონელთა რიგებში პრემიერლიგაში მხოლოდ და მხოლოდ 9 გოლი გაიტანა. 2009 წელს კი გუნდი ოფიციალურად, უკვალოდ დატოვა.

ასიერ დელ ორნო (ესპანეთი) – ბასკი ასიერ დელ ორნო “ბილბაოში” გატარებული დამაჯერებელი სეზონების შემდეგ “ჩელსიში” 2005 წელს ჩაირიცხა. თუმცა დელ ორნომ იმედი ვერ გაამართლა და კლუბში გატარებული ერთი უსახელო სეზონის შემდეგ “ვალენსიაში” გადაბარგა.

კლაუდიო პიზარო (პერუ) – პერუელი კლაუდიო პიზარო 2007 წელს მიუნხენის “ბაიერნიდან” იმედით აღსავსე ჩაირიცხა “ჩელსიში”. კლუბში გატარებული სეზონნახევრის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. შემდეგ კი ბრემენის “ვერდერში” გადავიდა.

დეკუ სოუზა (პორტუგალია) – ბრაზილიური წარმოშობის და პორტუგალიური პასპორტის მქონე გამთამაშებელი დეკუ ლონდონში 2008 წლის ზაფხულში “ბარსელონადან” გადაბარგდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ინგლისში ორი წელი დაჰყო, თუმცა ძველი დეკოსგან მხოლოდ აჩრდილი იყო დარჩენილი. მან გუნდის მაისურით პრემიერლიგაში 5-ჯერ იხეირა. შემდეგ კი “ფლუმინენსეს” მიაშურა.

ფერნანდო ტორესი (ესპანეთი) – “ლივერპულის” ვარსკვლავი ფერნანდო ტორესი “ჩელსიში” 2011 წელს გადავიდა. ლონდონელებმა მერსისაიდელებს 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს. “ელ ნინიომ” ლონდონში სამი სეზონი გაატარა, თუმცა “ატლეტიკოსა” და “ლივერპულის” ყოფილმა ბომბრადირმა თავისი თავი ვერაფრით იპოვა. გასულ ზაფხულს “ჩელსიმ” იგი იტალიურ “მილანს” ათხოვა.

ერნან კრესპო (არგენტინა) – 2003 წელს მილანის “ინტერმა” არგენტინელი გოლეადორის სანაცვლოდ 16 მილიონი გირვანქა მიიღო. თუმცა აპენინიდან აბარგებულმა კრესპომ ალბიონურ გარემოსთან შეგუება ვერ მოახერხა. 2004 წელს “ჩელსიმ” იგი იჯარით “მილანში” გაუშვა. იტალიაში ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ უკან დაიბრუნა, მაგრამ ამაოდ. 2006 წელს კრესპომ მეორედ დატოვა “ჩელსი” და ამჯერად ძველ კლუბს “ინტერს” დაუბრუნდა.

ჟირი იაროშიკი (ჩეხეთი) – ჩეხი ფეხბურთელი მოსკოვის ცსკა-სგან 2005 წელს შეიძინეს. იაროშიკმა ლონდონში მხოლოდ 6 თვე დაჰყო, რომლის განმავლობაშიც გუნდის მაისური მხოლოდ 14 შეხვედრაში მოირგო. 2006 წლის ზამთარში კი თავდაპირველად იჯარით “ბირმინგემ სიტის” მიაშურა.

ხუან სებასტიან ვერონი (არგენტინა) – არგენტინელი ვარსკვლავი ხუან სებასტიან ვერონი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “ჩელსიში” 2003 წლის ზაფხულში აღმოჩნდა. ვერონს ლონდონელთა ნახევარდაცვა უნდა შეედუღებინა, თუმცა ასე არ მოხდა. სებასტიანმა კლუბში მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა და ერთი წლის შემდეგ “ინტერში” გადავიდა. 2007 წლამდე იგი აბრამოვიჩს ჯერ მილანურ გუნდში, შემდეგ კი “ესტუდიანტესში” ჰყავდა განათხოვრებული. საბოლოოდ კი 2007 წელს მიჰყიდა არგენტინულ გუნდს.

ჰალიდ ბულაჰრუზი (ჰოლანდია) – 2006 წლის ზაფხულში ლონდონური გუნდის მაისური ჰოლანდიელმა მცველმა ჰალიდ ბულაჰრუზმა მოირგო. ბულაჰრუზმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა. იგი პრემიერლიგაში მოედანზე მხოლოდ 13-ჯერ გავიდა. 2007 წელს “სევილიაში” გაანათხოვრეს, ხოლო ერთი წლის მერე გერმანულ “შტუტგარტში” გაიყიდა.

მარკო მარინი (გერმანია) – გერმანელი ტალანტი მარკო მარინი “ვერდერიდან” 2012 წელს შეიძინეს. მარინზე ლონდონში დიდ იმედს ამყარებდნენ, თუმცა მან იმედი ვერ გაამართლა. ერთ სეზონში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. 2013 წელს იგი იჯარით “სევილიაში” გაუშვეს, ხოლო ამჟამად ფლორენციის “ფიორენტინაში” იმყოფება იგივე პირობებით.

მატია კეჟმანი (სერბეთი) – ჰოლანდიურ “პსვ ეინდჰოვენში” ფანტასტიკური შედეგიანობით გამორჩეულმა სერბმა ფორვარდმა მატია კეჟმანმა “ჩელსის” მაისური 2004 წელს მოირგო. სერბის ლონდონური თავგადასავალი ჰოლანდიურს არ დაემსგავსა. მან გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და ერთი წლის შემდეგ მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა.

სკოტ პარკერი (ინგლისი) – 21-ე საუკუნის დასაწყისში“ჩარლტონ ატლეტიკის” ლიდერ სკოტ პარკერზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. პარკერი 2004 წლის ზაფხულში აბრამოვიჩმა შეიძინა, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. 15 ჩატარებული მატჩისა და 1 გატანილი გოლის შემდეგ სკოტი 2005 წელს “ნიუკასლ იუნაიტედში” გადაბარგდა.

შონ რაიტ-ფილიპსი (ინგლისი) – ლეგენდარული იან რაიტის შვილი შონ რაიტ-ფილიპსი “მანჩესერ სიტიში” კარგი თამაშის წყალობით “ჩელსის” ინტერესის ქვეშ მოექცა. 2005 წელს ინგლისელი გარემარბი სწორედ ლონდონელთა რიგებში ჩაირიცხა. გუნდში მან სამი წელი დაჰყო და 81 პრემიერლიგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მხოლოდ 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. 2008 წელს იგი “სიტის” დაუბრუნდა.

სლობოდან რაიკოვიჩი (სერბეთი) – 2007 წელს 18 წლის ნიჭიერი სერბი ფეხბურთელი “ჩელსიმ” შეიძინა. თუმცა მალევე გაანათხოვრა ჰოლანდიურ “ეინდჰოვენში”. რაიკოვიჩს “არისტოკრატთა” შემადგენლობაში პრემიერლიგაში არ უთამაშია. პსვ-ს შემდეგ იგი იჯარით “ტვენტესა” და “ვიტესში” ასპარეზობდა. ამჟამად კი გერმანულ “ჰამბურგში” ირიცხება.

სტივენ სიდუელი (ინგლისი) – მოკრძალებულ “რედინგში” კარგად წარმოჩენილმა სიდუელმა “ჩელსის” მაისური 2007 წლის ზაფხულში მოირგო. თუმცა ინგლისელმა ნახევარმცველმა გუნდთან შერწყმა ვერ შეძლო და ჩატარებული 15 შეხვედრის შემდეგ ბირმინგემის “ასტონ ვილაში” გადავიდა.

ტალ ბენ-ჰაიმი (ისრაელი) – ებრაელი მცველი ტალ ბენ-ჰაიმი “ბოლტონის” ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. ეს 2007 წლამდე. ამ წელს კი იგი “ჩელსიში” ჩაირიცხა, თუმცა ამაოდ. ბენ-ჰაიმს ძირითადად სათადარიგო სკამზე უწევდა ყოფნა, ხოლო ერთი წლის შემდეგ “სიტის” მიაშურა.

იოსი ბენაიუნი (ისრაელი) – იოსი ბენაიუნი “ვესტ ჰემში” და “ლივერპულში” წარმატებული სეზონების შემდეგ “”ჩელსიმ” 2010 წელს შეიძინა. თუმცა მისი ლონდონური კარიერა ვერ აეწყო, გუნდში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა და ლონდონი უსახელოდ დატოვა.

იური ჟირკოვი (რუსეთი) – რომან აბრამოვიჩს ძალიან მოსწონდა თანამემამულე იური ჟირკოვი, რომელმაც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა. აბრამოვიჩმა საწადელი ერთი წლის შემდეგ აისრულა და ცსკა-ს მარცხენა მცველი თავის გუნდში იახლა. თუმცა რუსი ფეხბურთელის ლონდონურ კარიერას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. 2011 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და “ანჟის” მაისური მოირგო.

თეგები“ჩელსი”
0.183177