ფეხბურთი

16:26 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ქართლოსის გარდაცვალების დაჯერებაც მიჭირს

დღეს ქართლოს ჭუმბურიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. რა გვახსოვს ამ კაცისგან კარგის მეტი... მუდამ ღიმილიანი, თბილი, უშუალო. საკმარისი იყო, ერთხელ გასაუბრებოდი, რომ შენიანად გთვლიდა, სულ თბილად მოგიკითხავდა, გადაგეხვეოდა. ეს ის შემთხვევა არაა, როცა ადამიანი გარდაიცვლება და მასზე მხოლოდ კარგს ამბობენ, ან წერენ. არა, ქართლოს ჭუმბურიძე მართლაც სიყვარულის კაცი იყო.

ამ ზაფხულს გახდა ავად, ექვსი თვის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს. არადა, 48 წლის კაცი, ახალგაზრდა, ენერგიით სავსე.

ქართლოსი აფხაზეთში გმირულად დაღუპული ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ. "ბენდელას თასი" 90-იანი წლების დასაწყისიდან რეგულარულად ტარდება ზამთარში და დღეს იწყება მორიგი გათამაშება. დღეს, როცა ქართლოსის გასვენებაა. გარდაცვლილის მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ მიუხედავად ამ ტრაგედიისა, "ბენდელას თასი" მაინც ჩატარებულიყო.

ქართლოს ჭუმბურიძე საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლდათ, ეს კლუბი კი, კარგად იცით, წლიდან წლამდე ვითარდება, ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას უზრდის საქართველოს. "საბურთალოს" გენერალური დირექტორი კი, მოგეხსენებათ, კახა ჭუმბურიძეა – ქართლოსის ძმა.

"მსოფლიო სპორტი" "საბურთალოს" პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილს დაუკავშირდა:

"ქართლოსი სიკეთით სავსე, გულანთებული პიროვნება იყო. მიჭირს დაჯერება, რომ გარდაიცვალა. ვფიქრობ, ქართლოსის სახით დიდი დანაკლისი განიცადა არა მხოლოდ "საბურთალომ", არამედ მთლიანად ქართულმა სპორტმა. ის გახლდათ "საბურთალოს" სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი და მანამდე, უკვდავყო ზაზა ბენდელიანის სახელი. აფხაზეთში სხვა გმირებიც დაღუპულან, მაგრამ ზაზა ბენდელიანი ქართლოსის მეგობარი იყო და რამხელა გულის ადამიანი უნდა იყო, მისი ხსოვნა ასე რომ უკვდავყო. 23-ჯერ ჩატარდა "ბენდელას თასი" და უფლება არ გვაქვს, რომ წლეულს ეს შეჯიბრება არ გავმართოთ. პირიქით, ისეთ დონეზე უნდა ჩავატაროთ, როგორც ქართლოსს გაუხარდებოდა. წლევანდელ ტურნირზევე დაწესდება ქართლოსის სახელობის თასი. მომავალშიც არაერთი ტურნირი გაიმართება მისი ხსოვნისადმი. ამ ყველაფრის ორგანიზებას მოვახერხებთ. ქართლოსი ყველაფერს უანგაროდ, კეთილი გულით აკეთებდა".

"ბენდელას თასი" ბოლო წლებში 11-წლამდე ასაკის ბავშვებშიც ტარდება და შესაბამისად, წლეულს 2003 წელს დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელებს შორის შედგება, სადაც 10 გუნდი ითამაშებს. I ჯგუფში იქნებიან "რუსთავი-2003", "საბურთალო"-2, "ოლიმპიკი", "ავაზა" და "საბურთალო-ბენდელა". ხოლო II ჯგუფში "სიონმა", "მორკინალმა", "კასპმა", "საბურთალო"-1-მა და "დინამოს აკადემიამ" მოიყარეს თავი.

ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო გავა, შემდეგ კი მეტოქეები ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. "ბენდელას თასი" 26 დეკემბერს დასრულდება. ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე "საბურთალოს" დირექტორი კახა ამირიძე იქნება.

0.129573