ფეხბურთი

18:52 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გამორჩეული სტადიონები

ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელიც გულშემატკივრების და ლამაზი სტადიონის გარეშე რთული სანახავია. მსოფლიოში უამრავი ისეთი არენა არსებობს, რომლის ინტერიერს ლეგენდარული ფაქტები აღუწერია. ისეთი სტადიონები, რომელთა სახელის გაგონება ფეხბურთის მოყვარულთა შორის დადებით ემოციებს აღძრავს.

დღეს წარმოგიდგენთ 10 გამორჩეულ სტადიონს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ უეფასა და ფიფას სტანდარტებს და რომელთაც თავისი სახელი მდიდარ საფეხბურთო მატიანეში სამუდამოდ აქვთ ამოქარგული.

მილანი, “სან სირო” – იტალიის ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი მილანში მდებარეობს. მისი სახელი ლომბარდიის დედაქალაქში არანაკლებ ცნობილია, ვიდრე ლეგენდარული “ლა სკალა”. “სან სირო”, გნებავთ “ჯუზეპე მეაცა” 80 ათასზე ოდნავ მეტ გულშემატკივარს იტევს. იგი მსოფლიო ფეხბურთის მეტრების “მილანისა” და “ინტერის” საშინაო არენაა. ამ დიდებულ სტადიონზე არაერთი გამორჩეული მატჩი გამართულა. 2001 წელს “მეაცამ” უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლა, რომელშიც მიუნხენის “ბაიერნმა” მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში ესპანური “ვალენსია” დაამარცხა. მილანურ არენას იგივე რანგის შეხვედრის მასპინძლობის უფლება 2016 წლის გაზაფხულზეც ექნება.

ბუენოს აირესი, “ესტადიო ლა ბომბონერა” – ვისაც ერთხელ მაინც უნახავს (თუნდაც ტელე ეკრანიდან) მატჩი “ლა ბომბონერადან”, შეუძლებელია მისი შთაბეჭდილების ქვეშ არ დარჩენილიყო. ლამაზად და ორიგინალურად განლაგებული ტრიბუნები და გასაოცარი ქომაგები. “ბომბონერა” არგენტინული “ბოკა ხუნიორსის” სახლია. განსაკუთრებული ატმოსფერო ამ სტადიონზე მაშინ სუფევს, როცა “სუპერ კლასიკოს” მასპინძლობს.

მიუნხენი, “ალიანს არენა” – ერთ-ერთი ყველაზე ულტრათანამედროვე სტადიონი მდებარეობს გერმანიის ულამაზეს ქალაქ მიუნხენში. სტადიონი გერმანული გიგანტის “ბაიერნის” საკუთრებაა. ამ არენაზე სათამაშოდ “რეკორდმაისტერი” 2005 წელს გადავიდა. “ალიანს არენამ” 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ექვს შეხვედრას უმასპინძლა, მათ შორის ნახევარფინალურ შეხვედრას საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის. “ალიანს არენას” ტრიბუნები 69 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი. განსაკუთრებულად ლამაზი კი სტადიონის გარე ხედია, რომელიც გულგრილად ვერც ფეხბურთისგან შორს მდგარ ადამიანებს ტოვებს.

ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა” – ჰოლანდია დიდი საფეხბურთო ქვეყანაა, რომელსაც არაერთი ვარსკვლავი უჩუქებია საფეხბურთო სამყაროსთვის. მათგან უმრავლესობას კი “ამსტერდამ არენაზე” აქვს ფეხი ადგმული. მისი ტევადობა 50 ათასს ოდნავ აღემატება. “აიაქსის” საშინაო არენამ 2000 წელს ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლა და მისი ულამაზესი ტრიბუნების ქვეში იმ ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული და დრამატული შეხვედრაც გაიმართა მასპინძელ ჰოლანდიასა და იტალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის.

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ” – შეუძლებელია ჩვენს ათეულში არ მოხვდეს მადრიდის სიამაყე – “ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუ”. 80 ათას გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნების ქვეშ არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა გამართულა. სტადიონს რეკონსტრუქცია 1982 წლის მუნდიალის წინ ჩაუტარდა. ხსენებულ პირველობაზე “ბერნაბეუმ” ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც მუნდიალების ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ შეხვედრად ითვლება. “სატიაგო ბერნაბეუს” მეპატრონე კი მადრიდის “რეალია”. სწორედ “რეალის” საპატიო პრეზიდენტის სახელს ატარებს ლეგენდარული არენა.

ლივერპული, “ენფილდ როუდი” – ტევადობით გამორჩეულ და ლეგენდარულ სტადიონებთან ლივერპულის ულამაზესი ნაგებობა “ენფილდ როუდი” ახლოს ვერ მივა, მაგრამ შეუძლებელია საუბრობდე საფეხბურთო სტადიონებზე და არ ახსენებდე “ენფილდს”. მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ერთგული გულშემატკივრები და გამაგიჟებელი ატმოსფერო ის ნიუანსია, რის გამოც ეს სტადიონი გამორჩეულია და ყველას გონებაში დადებით ემოციას იწვევს. როდესაც გაისმის სახელწოდება “ლივერპული” ბევრს პირველ რიგში “ენფილდ როუდი” ახსენდება.

ლონდონი, “უემბლი” – ინგლისის სიამაყე, რომელიც თითოეული ინგლისელისთვის ძვირფასია - მას “უემბლი” ჰქვია. თუ ინგლისელ ფეხბურთელს ერთხელ მაინც გაუგორებია ბურთი ამ საოცარ არენაზე, შეუძლია მთელი ცხოვრება იამაყოს მომხდარი ფაქტით. სტადიონმა 1966 წელს მუნდიალის ფინალს უმასპინძლა, იმ მუნდილისა, რომელიც ფეხბურთის დამაარსებლებმა ისტორიაში ჯერჯერობით ერთდაერთხელ მოიგეს. იგივე ეტაპზე სტადიონმა ზუსტად 30 წლის შემდეგ ევრო პირველობის გადამწყვეტ შეხვედრასაც უმასპინძლა. “უემბლის” 2003 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ახლანდელი არენა ძველისგან განსხვავებულია, თუმცა მისი შარმი მაინც თან გასდევს და მისი ტრიბუნების ქვეშ თამაში ისევ ძველებურად საამაყოა.

რიო დე ჟანეირო, “მარაკანა” – დაუშვებელია ისაუბრო ლეგენდარულ არენებზე და არ ახსენო “მარაკანა”. ბრაზილიის მშვენება, რომელსაც უამრავი ლეგენდარული შეხვედრა თუ ფაქტი დაუტევია. იგი 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპეციალურად ააშენეს. სტადიონის აშენების იდეის ავტორი ცნობილი ბრაზილიელი ჟურნალისტი მარიო ფილიო გახლდათ. სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაც სწორედ ფილიოს სახელს ატარებს. თავიდან დიდებული არენა 200 ათას გულშემატკივარს იტევდა, მაგრამ შემდგომმა რეკონსტრუქციებმა მისი ტევადობა 78.838-მდე შეამცირა. “მარაკანა” მეხიკოს “აცტეკასთან” ერთად მეორე სტადიონია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისთვის ორჯერ აქვს ნამასპინძლები.

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი” – “ოცნების თეატრი” ასე ჰქვია ზედმეტსახელად მანჩესტერის ლეგენდარულ არენას. “ოლდ ტრაფორდზე” არაერთ გენიოსს უსწავლია ფეხბურთის ანა-ბანა და არაერთხელ უმასპინძლია გამორჩეული და დაუვიწყარი მატჩებისთვის. სტადიონმა 2003 წლის 28 მაისს უეფას ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრასაც უმასპინძლა. “ოლდ ტრაფორდი” “მანჩესტერ იუნაიტედის” მშობლიური სტადიონია.

ბარსელონა, “კამპ ნოუ” – ჩვენს ათეულს “ბარსელონას” სახლით “კაპ ნოუთი” დავასრულებთ. ბარსელონაში მდებარე სტადიონი ჩვენს მიერ ჩამოთვლილ სტადიონებში ტევადობით ყველაზე დიდია. იგი 99 ათასზე მეტ გულშემატკივარს იტევს. მიუხედავად ასეთი უზარმაზარი ტევადობისა, მისი ბოლომდე გავსება “ლა ლიგის” რიგით მატჩებზეც არ ჭირს. სტადიონის ულამაზესი ინტერიერი და განსაკუთრებული ატმოსფერო ის ნიშნებია, რაც მას დაუვიწყარ არენად აქცევს. არენას რეკონსტრუქცია 1982 წლის მუნდიალის დაწყებამდე ჩაუტარდა ერთ-ერთ ნახევარფინალურ მატჩსაც უმასპინძლა. 1999 წელს “კამპ ნოუ” ჩემპიონთა ლიგის ყველაზე დრამატულ ფინალს დაუხვდა “ბაიერნსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის.

სტადიონთა ჩამონათვალი რა თქმა უნდა არასრულია და მასში ყველა გამორჩეული არენა ვერც მოხვდებოდა. სხვა სტადიონების შესახებ შევეცდებით მომავალში გესაუბროთ.

0.167869