კალათბურთი

14:17 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაზინსი: “ზაზა სწორად დამიდგა”

როგორც უკვე ვიუწყებოდით, დღეს დილით დრამატული მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულია “ბაქსმა”. მილუოკელები საკრამენტოს სტუმრობდნენ და ქართველი ცენტრის არცთუ მცირე მონაწილეობით, ადგილობრივი “კინგზი” 108:107 დაამარცხეს.

ბოლო წამების გმირი სწორედ ფაჩულია გახდა, რომელმაც ჯერ შეტევაში იყოჩაღა, შემდეგ კი დაცვაში. თავდაპირველად, ზაზამ ჯარედ დადლის აცილებული მოხსნა, ხოლო როდესაც მასზე დაჯარიმდნენ, გადამწყვეტი საჯარიმო ჩააგდო.

მეტოქეს თამაშის გადარჩენისთვის 6.5 წამი ჰქონდა და გადამწყვეტი ტყორცნა ლიდერ დემარკუს კაზინსს მიანდო. ეს უკანასკნელი მოედანს სწორედ გასულ თამაშში დაუბრუნდა და 27 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასიც ჰქონდა, თუმცა, თამაშის გმირი მაინც ვერ გახდა. ბოლო შეტევისას, საკრამენტოელს სწორედ ფაჩულია “იყვანდა”...

“მეტოქის მეურვეობის გამო, ცოტა ზემოთ ასვლა მომიხდა. ზაზა სწორი მიმართულებით დამიდგა, მარცხნივ წასვლა ვცადე და იქ უკვე ნაიტი იყო. დრო იწურებოდა და უკან დახევის და სროლის გარდა, არაფერი დამრჩენოდა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ტყორცნის საშუალებაც მქონდა, თუმცა, არ გამიმართლა”.

არ გაუმართლა კაზინსს და “კინგზს”, თორემ, “მილუოკიმ”, რომელსაც ტრავმის გამო, ჯაბარი პარკერი აკლდა, ხოლო კიდევ ერთმა ლიდერმა ლარი სანდერსმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა, კიდევ ერთი სასახელო გამარჯვება იზეიმა.

ზაზამ 26 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა და მართალია, მასზე შედეგიანად სხვა მილუოკელები გაისარჯნენ, თამაშის შემდეგ, “ბაქსის” მთავარი მწვრთნელის ჯეისონ კიდის რეაქცია ბევრ რამეზე მეტყველებდა. ის ქართველ ცენტრს გადაეხვია და გამარჯვება პირადად მიულოცა.

0.131576