ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ყველაზე საინტერესო მატჩი ნიჟნი ნოვგოროდში შედგება, სადაც ადგილობრივი გუნდი ყაზანის “უნიკსს” დაუხვდება და მათ შორის გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ნოვგოროდელთა რიგებში ლევან ფაცაცია ასპარეზობს, ყაზანური კლუბის ღირსებას კი ვიქტორ სანიკიძე იცავს.
პრინციპული მატჩის შესახებ სანიკიძემ ევროლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ისაუბრა, სადაც მიმდინარე სეზონში ბლოგი აქვს ჩაბარებული.
“ევროლიგაში ბოლო 4 მატჩი მოვიგეთ და ეს, ტოპ-16-ში გასვლის საშუალებას გვაძლევს. მიზნის მისაღწევად გასვლით შეხვედრაში “ნიჟნი ნოვგოროდის” დამარცხება გვჭირდება. შეიძლება, შემდეგ ეტაპზე მარცხის შემთხვევაშიც კი აღმოვჩნდეთ, თუმცა, ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. კარგია, რომ უკანასკნელ პერიოდში დამაჯერებლად ვთამაშობთ, თუმცა, მომავალი მატჩის წაგების შემთხვევაში, ეს აღარავის გაახსენდება.
უკვე 5 თამაში გვაქვს მოგებული, მაგრამ გარანტირებული არაფერი გვაქვს. ეს ნათლად მეტყველებს, რა რთულ ჯგუფში ვართ. სხვა ჯგუფებში გუნდებს ჩვენზე ნაკლება მოგება აქვთ და ისინი უკვე გასულნი არიან, “უნიკსს” კი მთავარი მატჩი წინ ელის. კარგი ისაა, რომ სხვაზე არ ვართ დამოკიდებული და ვიცით, თუ მოვიგეთ, მიზანს მივაღწევთ.
ეს ორივე გუნდისთვის დიდი მატჩი იქნება. 2 რუსული კლუბი ევროლიგის ტოპ-16-ის საგზურისთვის იბრძოლებს. რთული თამაში იქნება, მითუმეტეს, რომ სტუმრად უნდა ვიასპარეზოთ. იმედს ის მისახავს, რომ ბოლო მატჩებში საკუთარი პოტენციალის წარმოჩენა მოვახერხეთ. რეალს ვაჯობეთ და ეს, ბევრს ნიშნავს. თუკი მადრიდელთა დამარცხება შევძელით, ნოვგოროდელთა დაჯაბვნაც არ უნდა იყოს წარმოუდგენელი. რეალთან წარმატებამ ჩვენთვის ბევრი რამ შეცვალა.
ახალი მთავარი მწვრთნელი ევგენი პაშუტინი გვყავს, რომელსაც ადრე “უნიქსთან” ერთად ევროთასი მოუგია. ვფიქრობ, მან გუნდში მეტი თავისუფლება მოიტანა. უფრო გახსნილად ვთამაშობთ და ეს საკვანძო მომენტად მიმაჩნია”.
“ნიჟნი ნოვგოროდის” და “უნიკსის” დაპირისპირება პარასკევს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, ხვალვე 22:00 საათიდან თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” ბელგრადში “ცრვენა ზვეზდას” ეთამაშება, დღეს კი, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ფრანგულ “ლიმოჟს” დაუხვდება. მოსკოვური მატჩი სტარტს 21:00 საათზე აიღებს.