იტალიის ნაკრებისა და “ტორინოს” 24 წლის განაპირა მცველის მატეო დარმიანის მიმართ ინტერესს “რომა” და “ნაპოლი” იჩენენ. ამის თაობაზე “ტუტოსპორტი” გვამცნობს. დარმიანი, რომელსაც თამაში დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია, ნეაპოლში კრისტიან მაჯოს შემცვლელად ესახებათ, ხოლო რომაელები გამალებით ეძებენ მაღალი კლასის განაპირა მცველს და როგორც ჩანს, თვალი დარმიანს დაადგეს.
თავის მხრივ, “ტორინოს” უკანახაზელის აგენტი იტალიურ მედიასთან საუბარში თავისი კლიენტის იანვარში გუნდის შეცვლას გამორიცხავს.
მატეო დარმიანი გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო მარჯვენა მცველად დაასახელეს. ფეხბურთელს მაისში დებიუტი იტალიის ნაკრებშიც ჰქონდა და ზაფხულში ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზეც იასპარეზა.