ჰოლანდიური ინტერნეტპორტალის fcupdate.nl-ის ინფორმაციით, არნემის “ვიტესისა” და საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” შორის თანამშრომლობა, ჰოლანდიური კლუბის ყოფილი მეპატრონის მერაბ ჟორდანიას კერძო პროექტი იყო, რომელიც 2014 წლის 30 ივნისს შეწყდა.
რამდენიმე კვირის წინ, “ვიტესის” ხელმძღვანელობამ წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მითითებული იყო, რომ არნემელები თანამშრომლობდნენ ვალერი ყაზაიშვილისა და გიორგი ჭანტურიას ყოფილ კლუბთან, რომლიდანაც ფეხბურთელის შეძენის უპირატესი უფლება ჰქონდათ.
“თანამშრომლობა ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნით გვქონდა. შედეგად, “ვიტესის” 17-წლამდელთა გუნდმა 2012 წლის დეკემბერში საერთაშორისო ტურნირში ითამაშა. “ვიტესის” ამჟამინდელი ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში “საბურთალოსთან” თანამშრომლობას ნაყოფიერად არ მიიჩნევს და გასულ ზაფხულს თანამშრომლობის შეწყვეტა გადაწყვიტა” – იუწყება fcupdate.nl-ი “ვიტესის” წარმომადგენელთა სიტყვებს, რომელთაც ამ თემაზე ბევრი არ უსაუბრიათ.
სტატიაში ნათქვამია, რომ “ვიტესი” საქართველოში ფულს რიცხავდა, რომელიც არავინ იცის სად მიდიოდა. თუმცა, ვის ერიცხებოდა თანხა, დაკონკრეტებული არაა. მოკლედ რომ ვთქვათ, “ვიტესის” ამჟამინდელ ხელმძღვანელობასა და კლუბიდან გაძევებულ ჟორდანიას შორის ურთიერთობის გარკვევა გრძელდება. ცოტა ხნის წინ, ჟორდანიამ არნემელთა თავკაცებს იდიოტები უწოდა და განაცხადა, რომ ამ ხალხმა “ვიტესი” დაშალა.