15 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ევროპის საბჭოს T-RV მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს ჯო ვანჰეკეს შეხვდა. 10 დეკემბერს, ევროპის საბჭოს T-RV მუდმივმოქმედმა კომიტეტმა დაამტკიცა საქართველოში საკონსულტაციო ვიზიტის ანგარიში და რეკომენდაციები.
ახლა ქართული მხარის ჯერია - უზრუნველყოს ამ რეკომენდაციების შესრულება, უზრუნველყოს სპორტულ შეჯიბრებების ორგანიზების პროცესში ევროპის სტანდარტების დანერვა, რის შედეგად ჩვენ სპორტულ შეჯიბრებებზე უფრო უსაფრთხო, დაცულ და მაყურებლისთვის სასიამოვნო გარემოს შევქმნით. უფრო მეტიც, ევროპული სტანდარტების დანერგვით, ჩვენ მზად ვიქნებით ვუმასპინძლოთ უფრო მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები ადასტურებენ მზადყოფნას გაგვიწიონ დახმარება და ხელი შეგვიწყონ რეკომენდაციების განხორციელების პროცესში. უახლოეს მომავალში საქართველოში დაგეგმილია საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის: ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი; უეფა-ს სუპერთასის ფინალი; 2017 წელს ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრებს შორის, 2018 წელს ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა...
ღონისძიებების ფარგლებში ჩვენს ქვეყანას ათასობით სპორტსმენი, გულშემატკივარი, ჟურნალისტი და დელეგაცია ეწვევა. შეჯიბრებების მასპინძლობას თან ახლავს მნიშვნელოვანი გამოწვევები, კერძოდ: სპორტულ ღონისძიებებზე უსაფრთხოების, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და მაყურებლებისთვის სასიამოვნო გარემოს უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის მოგვარება არ შეუძლია მხოლოდ ერთ უწყებას ან სპორტულ ფედერაციას.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სფეროში ჩართულ სუბიექტებს შორის კოორდინირებული ქმედებებისა და ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ევროპის საუკეთესო გამოცდილებით იქნება გამყარებული და უმაღლესი დონის ტურნირების სათანადოდ მასპინძლობის საშუალებას მოგვცემს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრის პრეს-სამსახური