გერმანული “დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჟურნალისტებთან წარსდგა და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა.
47 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ “იუვენტუსთან” შეხვედრა მისი გუნდისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან ჩემპიონთა ლიგის 1997 წლის ფინალის შემდეგ კლუბები პირველად ხვდებიან ერთმანეთს და ამასთან, “ბებერი ქალბატონი” იტალიის საუკეთესო კლუბია.
“იუვენტუსთან” შეხვედრა ჩვენთვის უზარმაზარი გამოწვევა და ტკბილი მოგონებაა. ისინი იტალიის საუკეთესო გუნდი არიან.
წინ შესანიშნავი მატჩები გველის, თუმცა თებერვლამდე დიდი დროა და კონცენტრაცია ბუნდესლიგაზე გვმართებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ შექმნილი მდგომარეობა გამოვასწოროთ და შესაფერის პოზიციებს დავუბრუნდეთ”, - განაცხადა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ 1997 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “დორტმუნდმა” 3:1 დაამარცხა “იუვენტუსი” და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულისთვის განკუთვნილი თასი პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად აღმართა.