კალათბურთი

20:27 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მასმედია ყრილობას არ დაასწრეს

15 დეკემბერს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობა შედგა, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზმა უმასპინძლა. მართალია, ფედერაციის პრესამსახურმა აღნიშნულ ყრილობაზე მასმედია დაპატიჟა, მაგრამ რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ყრილობაზე მისული ჟურნალისტები ღონისძიებას არ დაგვასწრეს. ჩნდება კითხვა, თუ ყრილობაზე არ გვასწრებდნენ, რატომ დაგვპატიჟეს? ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღება ტელეფონითაც შეიძლებოდა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყრილობის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები იდგა:

  1. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
  2. ფედერაციის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული მუშაობის ანგარიში;
  3. საქართველოში კალათბურთის განვითარების პროექტის შინაარსის გაცნობა;
  4. სხვადასხვა საკითხი.

ყრილობის დასრულების შემდეგ მასმედიისთვის ცნობილი გახდა, რომ დელეგატებმა დღის წესრიგში შეტანილი ყველა საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს. მათ შორის აღსანიშნავია წესდებაში შეტანილი ცვლილებები. მომავალში ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს მხოლოდ ერთხელ შეუძლია კანდიდატურის წამოყენება. აქამდე ეს ვადა განუსაზღვრელი იყო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ადრინდელისაგან განსხვავებით, მხოლოდ იურიდიული პირები მიიღებენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ აქამდე არჩევნებში ფიზიკური პირები და გამგეობის წევრებიც მონაწილეობდნენ.

ყრილობის დასრულების შემდეგ “მსოფლიო სპორტი” მის მონაწილე რამდენიმე დელეგატს გაესაუბრა.

მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი)

“მინდა მივულოცო ქართულ საკალათბურთო სამყაროს ახალი, გამართული წესდების მიღება, რომელიც ფიდეს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. შემოგვაქვს ხაზინადარის ინსტიტუტი”.

კოტე ტუღუში (“შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელი)

-რა იყო ყრილობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი?

-ყველაზე მნიშვნელოვანი წესდებაში შეტანილი ცვლილებები იყო. ამ ქვეყნად იდეალური არაფერია. არც ახალი წესდებაა უნაკლო, მაგრამ სრულყოფილთან ძალიან ახლოსაა.

-ახალ წესდებაში რა არ გაკმაყოფილებთ?

-ამჯერად კონკრეტულ ნაკლზე ვერაფერს გეტყვით. რაც მთავარია, ფიზიკურ პირებს აღარ ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება და აღარც პრეზიდენტი გვეყოლება განუსაზღვრელი ვადით არჩეული.

0.136379