საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ფრანგი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა გულშემატკივრებმა ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
26 წლის ფეხბურთელმა მადრიდული გრანდის მაისურით ნოემბერში ესპანეთის პრიმერადივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაზე 6 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა 22 მატჩი ჩაატარა და 13 გოლთან ერთად 10 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.
ოქტომბრის თვეში "რეალის" გულშემატკივრებმა საუკეთესოდ პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნიეს, ხოლო სექტემბერში პირველობა ისკომ დაისაკუთრა.