საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი 2013/14 წლების შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ "მსოფლიო სპორტს" ქართული ფეხბურთის შესახებ ესაუბრა. ყიფიანის განცხადებით, სამინისტროს ფეხბურთის განვითარებისთვის სტრატეგიული გეგმა აქვს.
ლევან ყიფიანი: ფეხბურთს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. მოგეხსენებათ პრემიერთან შეიქმნა კომისია, რა თქმა უნდა, ფეხბურთი მოითხოვს მასშტაბურ მიდგომას, ეს არ არის ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი, ეს გლობალური თემაა. ფეხბურთის განვითარებას სიფრთხილით ვუდგებით, უკვე მომზადებულია სტრატეგიული ხედვა ფეხბურთის განვითარების, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ კომისიაზე და შესაბამისად მომავალი წლიდან უნდა დავგეგმოთ ფეხბურთში სწორი ნაბიჯები, რეორგანიზაცია, ჯანსაღი ძალების მიბილიზაცია, რომ ფეხბურთის განვითარება მოხდეს. ამიტომ ეს ცალკე თემაა, რომელსაც ძალიან გულისყურით ვუდგებით და აუცილებლად განვახორციელებთ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად.
ლევან ყიფიანმა საფეხბურთო კლუბების დაფინანსებაზეც გააკეთა კომენტარი და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან გაღებული თანხების ბრმად დახარჯვა არ შეიძლება.
"ინიციატივა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს და კლუბების მიერ ქვეყნისგან გამუდმებით ფულის მოთხოვნა არ შეიძლება. ეს სისტემა უნდა ხორციელდებოდეს პროგრამის ფარგლებში, უნდა არსებობდეს კონცეფცია და ხედვა, რომელიც წარმოდგენილი ექნება კონკრეტულ კლუბს და ასეთ შემთხვევაში განხორციელდება თანხების დახარჯვა. არ შეიძლება გადამხდელის ფული დაიხარჯოს ბრმად, რომელიმე მენეჯერის მოთხოვნის საფუძველზე. ეს უნდა იყოს სისტემური ცვლილება, რომელიც ორიენტირებული იქნება იმ მიზანზე, რაც ჩვენ გვაქვს. მიზანი გახლავთ ახალგაზრდა ფეხბურთელების, ინფრასტრუქტურის, ეროვნული ჩემპიონატის განვითარება, რომელიც მთლიანობაში ქმნის ეროვნული ნაკრების და ასაკობრივი გუნდების რეფორმირებას და განვითარებას. ეს არის ჯაჭვი, რომლის გარეშეც შეუძლებელია რაღაცის შეცვლა”.