კალათბურთი

2:41 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას MVP-ს ტიტული ერგო, “ლაბორალ კუჩა” მომდევნო ეტაპზეა

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანურივე “ვალენსია” 93:89 დაამარცხა და ევროლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა, ქართველი კალათბურთელი კი მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) კიდევ ერთხელ აღიარეს.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 25:04 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 პასი მოაგროვა.

ქართველმა ფორვარდმა 6-დან 5 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტმა 19-ს უწია და მან ფრანგ ფაბიენ კოსიესაც აჯობა, რომელმაც 21 ქულა ჩაადო.

“ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის D ჯგუფში ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო დ სერბულ “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ლიდერი კი პირეოსის “ოლიმპიაკოსია” 8 გამარჯვებით.

ბოლო ტურში, 19 დეკემბერს, შენგელიას კლუბი სწორედ “ცრვენა ზვეზდას” ესტუმრება.

0.119183