გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ნახევარმცველი მარსელ იანსენი, რომელიც ამჟამად “ჰამბურგის” წევრია, უახლოეს პერიოდში გუნდს გამოიცვლის.
ჰამბურგელთა სპორტულმა დირექტორმა დიტმარ ბაიერსდორფერმა ის კლუბში 2008 წელს მიიყვანა და როგორც ჩანს, ახლა თავადვე დაემშვიდობება. 29 წლის ნახევარმცველს, რომელსაც მცველადაც შეუძლია თამაში, კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და არავინ აპირებს მისთვის შეთანხმების გახანგრძლივების შეთავაზებას.
მიზეზი მარტივია. იანსენმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, იოზეფ ცინბაუერის ნდობა დაკარგა და თავადვე განაცხადა - “ვფიქრობ, წელს თამაში აღარ მომიწევს”.
Kicker-ის ცნობით მარსელი ზაფხულს აღარ დაელოდება და გუნდს იანვრის სატრანსფერო პერიოდში გამოიცვლის. პორტუგალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისით “ბენფიკაა” დაინტერესებული. წყარო ირწმუნება, რომ ლისაბონელები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის აგენტ გერდ ფომ ბრუხს და მასთან მოლაპარაკება წამოიწყეს.
იანსენმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს კი, “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ ნოემბრის დასაწყისში ითამაშა.