ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დღეს, ევროპის 8 სტადიონზე დასრულდება. 4 ჯგუფიდან ორივე მერვედფინალისტის ვინაობა გარკვეული ორშია. დანარჩენ ორ ჯგუფში კი მხოლოდ ის ვიცით, ვინ დაიკავებს პირველ ადგილს. ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა კი ოთხივე ჯგუფში გრძელდება.
E ჯგუფი
რომა-სიტი (პირველი მატჩი 1:1)
E ჯგუფი ერთადერთია, რომლიდანაც 1/8-ფინალში გასვლის შანსი სამ გუნდს აქვს. შესაბამისად, ამ ჯგუფში სიტუაცია ყველაზე მეტადაა ჩახლართული. “რომას”, “სიტისა” და ცსკა-ს შორის მომდევნო ეტაპზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი პირველ ორს აქვს და ისინი დღეს ერთმანეთს შეხვდებიან. “რომას” უპირატესობას ის აძლევს, რომ საკუთარ მოედანზე თამაშობს და მეტოქეს ლიდერები არ ჰყავს. “სიტის” უპირატესობა კი ისაა, რომ ამ გუნდს შედეგიანი ფრეც ჰყოფნის, თუ, რა თქმა უნდა, პარალელურ მატჩში ცსკა-მ “ბაიერნთან” ქულა არ აიღო.
წინა ტურში ცსკა-სთან ქულების დაკარგვის შემდეგ, “რომამ” სერია A-ში 2 თამაში ჩაატარა. რუდი გარსიას შეგირდებმა 4 ქულა აიღეს და ისინი ლიდერ “იუვენტუსს” 3 ქულით ჩამორჩებიან.
“მანჩესტერ სიტის”, პრემიერლიგაში, ზედიზედ 4 თამაში აქვს მოგებული. დღევანდელი მეტოქის მსგავსად, შიდა ჩემპიონატში “ქალაქელებიც” მე-2 ადგილზე არიან და ლიდერს ისინიც 3 ქულით ჩამორჩებიან.
“სიტი” იტალიის დედაქალაქს ძალიან დიდი დანაკლისით ეწვია. მანუელ პელეგრინის გუნდს წამყვანი მოთამაშეები, სერხიო აგუერო და იაია ტურე არ ეყოლება. არგენტინელს ტრავმა აქვს, ხოლო კოტ დ’ივუარელი დისკვალიფიცირებულია. ბოლომდე გარკვეული არაა ფერნანდინიოს, სილვას, იოვეტიჩის, კომპანისა და ნასტასიჩის საკითხი.
მასპინძლებს ტრავმირებული კასტანი და სავარაუდოდ ტოროსიდისი არ ეყოლებათ.
- “რომა” მომდევნო ეტაპზე გავა, თუ დღეს მოიგებს, ან უგოლო ფრეს ითამაშებს და “ბაიერნი” ცსკა-ს დაამარცხებს, ან ორივე თამაში ფრედ დასრულდება;
- “სიტი” 1/8-ფინალში ითამაშებს, თუ მოიგებს და ცსკა “ბაიერნს” ვერ დაამარცხებს, ან გოლს გაიტანს, არ წააგებს და ცსკა მიუნხენში უქულოდ დარჩება;
- “რომამ” ინგლისურ გუნდებთან გამართული ბოლო 3 საშინაო თამაში მოიგო;
- “სიტის” იტალიაში არასდროს მოუგია;
- “სიტის”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, მოგებათა 5-მატჩიანი სერია აქვს. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ “ქალაქელებმა” ზედიზედ 3 თამაშზე მეტი მოიგეს;
- სერხიო აგუერომ, რომელიც ტრავმირებულია, “სიტის” მაისურით ჩატარებულ ბოლო 15 თამაშში 16 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ასტორი, იანგა-მბივა, კოული, პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი, ჟერვინიო, ტოტი, ლიაიჩი.
სიტი (4-4-2): ჰარტი, საბალეტა, მანგალა, დემიკელისი, კლიში, ნავასი, ფერნანდუ, ფერნანდინიო, მილნერი, ნასრი, ჯეკო.
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).
ბაიერნი-ცსკა (პირველი მატჩი 1:0)
პირველ ადგილზე უკვე გასულ “ბაიერნს” სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია. ცსკა კი 1/8-ფინალისთვის იბრძვის. ამის მიუხედავად, დღევანდელი შეხვედრის გამოკვეთილი ფავორიტი მაინც მიუნხენური გუნდია, რომელსაც ცსკა-სთან აქამდე ჩატარებულ სამ მატჩში 3 მოგება აქვს.
მას შემდეგ, რაც “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგაზე “სიტისთან” წააგო, მიუნხენელებმა ბუნდესლიგაში 2 თამაში მოკრძალებული ანგარიშით, 1:0 მოიგეს და გვარდიოლას შეგირდები მე-2 ადგილზე მყოფ გუნდს კვლავ 7 ქულით უსწრებენ.
ჩემპიონთა ლიგის წინა ტურის შემდეგ შიდა ასპარეზზე წარმატებით ითამაშა ცკსა-მაც, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგის სამივე თამაში მოიგო. შედეგად, მე-2 ადგილზე მყოფმა მოსკოველებმა ლიდერთან ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს.
“ბაიერნი” მატჩს ტრავმირებული ფეხბურთელების დიდი სიით ხვდება. გვარდიოლას გუნდის ლაზარეთში ბადშტუბერი, მარტინესი, ლამი, ტიაგო, ალაბა და პისარო იმყოფებიან, რასაც ბენატიას დისკვალიფიკაციაც ემატება. სტუმართა ერთადერთი დანაკლისი ტრავმირებული ელმია.
- “ბაიერნს” პირველი ადგილი განაღდებული აქვს;
- ცსკა შემდეგ ეტაპზე გავა, თუ მოიგებს და “რომა” “სიტის” ვერ დაამარცხებს. თუ მოსკოველები უქულოდ დარჩნენ და პარალელურ მატჩში “რომამ” ვერ მოიგო, ცსკა ჯგუფში ბოლო ადგილზე გავა;
- “ბაიერნმა” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში კარი მშრალად შეინახა;
- იგორ აკინფეევმა გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 26 თამაშში გაუშვა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-3-1-2): ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, როდე, ალონსო, ჰოიბიერგი, გიოტცე, მიულერი, ლევანდოვსკი.
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი, ფერნანდესი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, შჩენიკოვი, ვერნბლუმი, ნაჩო, ტოშიჩი, ერემენკო, მუსა, დუმბია.
მსაჯი: ოლეგარიო ბეკერენსა (პორტუგალია).
F ჯგუფი
ბარსელონა-პსჟ (პირველი მატჩი 2:3)
ესპანურ და ფრანგულ გუნდებს მომდევნო ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვთ. დღეს, ისინი ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ. “ბარსელონას” დამრიგებელმა, ლუის ენრიკემ კი განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის მე-2 პოზიციის დაკავება ტრაგედია არ იქნება, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ კატალონიელები ჯგუფის მოგებას შეეცდებიან. ამისთვის მათ 3 ქულის აღება ჭირდებათ. ეს კი საკმაოდ რთულია – “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენს” შორის გამართული ბოლო 3 დაპირისპირებიდან 1 პარიზელებმა მოიგეს, ხოლო 2 ფრედ დასრულდა. ამ გუნდებს შორის სულ ჩატარებული 6 შეხვედრიდან “ბარსამ” მხოლოდ 1 მოიგო, “კამპ ნოუზე” აქამდე გამართული 2 დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.
მატჩს ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება. “ბარსელონამ”, აპოელ-ის დამარცხების შემდეგ, ლა ლიგაში 2, ხოლო ესპანეთის თასზე 1 თამაში მოიგო. პსჟ-მ, ლიგა ერთის ბოლო 3 შეხვედრაში 7 ქულა აიღო. თუმცა, შიდა ჩემპიონატში ორივე გუნდი მე-2 ადგილს იკავებს. “ბარსა” “რეალს” 2, ხოლო პსჟ “მარსელს” 1 ქულით ჩამორჩება.
შეხვედრის ერთადერთი სერიოზული დანაკლისი “ბარსას” მარჯვენა მცველი დანი ალვესია, რომელიც დისკვალიფიკაციას იხდის. მის მსგავსად, დისკვალიფიცირებულია რაფინია ალკანტარაც, ხოლო ტომას ვერმალენს ტრავმა აქვს. სტუმართა ერთადერთი დანაკლისი ტრავმირებული ბაებეკია.
- ორივე გუნდი 1/8-ფინალში უკვე გასულია. დღეს მოგების შემთხვევაში, “ბარსელონა” პირველ ადგილს დაიკავებს. სხვა შემთხვევაში ლიდერობას პსჟ შეინარჩუნებს;
- “ბარსელონას”, ყველა ტურნირზე, ზედიზედ 7 თამაში აქვს მოგებული, რაც 2013 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა;
- “ბარსელონა”, 2006/07 წლების სეზონის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მოგებას ყოველთვის ახერხებდა;
- “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 29 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
- პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 11 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო;
- პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში, არცერთ ტურნირზე, წაგება არ აქვს;
- წინა ტურში შესრულებული ჰეთ თრიქის წყალობით, ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა;
- ლიონელ მესიმ, ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 4 თამაშში 3 ჰეთ თრიქი გაიფორმა;
- ედინსონ კავანიმ პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ ბოლო 10 თამაშში 8 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ადრიანო, პიკე, მატიე, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, მესი, სუარესი, ნეიმარი.
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, სილვა, ლუისი, მაქსველი, ვერატი, მოტა, მატუიდი, მოურა, იბრაჰიმოვიჩი, კავანი.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
აიაქსი-აპოელ (პირველი მატჩი 1:1)
“აიაქსის” ამოცანა მარტივია – ამსტერდამელებმა არ უნდა წააგონ და ისინი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებენ. ფრანკ დე ბურის გუნდი უფრო მაღალი მიზნებისთვის ვეღარ იბრძოლებს. ევროპის ლიგა მაქსიმუმია აპოელ-ისთვისაც, მაგრამ კვიპროსელებს უფრო რთული ამოცანა აქვთ – მათ ჰოლანდიაში უნდა მოიგონ.
ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში პარიზში წაგების შემდეგ “აიაქსმა”, ჰოლანდიის ჩემპიონატში, 2 მატჩში 4 ქულა აიღო. მე-2 ადგილზე მყოფი ამსტერდამელები ლიდერ პსვ-ს ერთი ქულით ჩამორჩებიან.
უკეთესი შედეგები ჰქონდა აპოელს, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო 2 თამაში მინიმალური სხვაობით მოიგო. შედეგად, დონისის გუნდმა ლიდერობა გაიმყარა და მდევართან სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა.
ტრავმების გამო მასპინძლებს ფიშერი, ბოილესენი და სიგთორსონი, ხოლო სტუმრებს ჩარალამბიდესი, ვინიციუსი და რიიზე არ ეყოლებათ. აპოელ-ი დისკვალიფიცირებულ გილერმესაც მოისაკლისებს.
- გუნდებს 1/8-ფინალში გასვლის შანსები აღარ აქვთ. “აიაქსი” მე-3 ადგილს შეინარჩუნებს, თუ დღეს არ წააგებს;
- “აიაქსს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მოგების გარეშე არასდროს დაუმთავრებია;
- “აიაქსმა” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3 თამაში წააგო. ამსტერდამელებს, ამ ტურნირზე, ზედიზედ 4-ჯერ არასდროს წაუგიათ;
- აპოელ-ს ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში არასდროს მოუგია;
- აპოელ-მა, მიმდინარე გათამაშებაში, ორივე გასვლითი თამაში 0:1 წააგო;
- “აიაქსის” პოლონელმა თავდამსხმელმა, არკადიუშ მილიკმა, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 16 თამაშში 18 გოლი გაიტანა. აქედან ერთხელ მან საქართველოს ნაკრების კარი აიღო.
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): სილესენი, ვან რეინი, ველტმანი, მოიზანდერი, ვიერგევერი, კლაასენი, სერერო, ანდერსენი, შონე, მილიკი, კიშნა.
აპოელ (4-4-2): პარდო, სერხიო, კარლაო, პაპაცოღლუ, ანტონიადესი, გომეში, მორაიში, ეფრემი, ალონეფტისი, მანდუკა, შერიდანი.
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).
G ჯგუფი
ჩელსი-სპორტინგი (პირველი მატჩი 1:0)
მასპინძელი გუნდისთვის ამ მატჩს არანაირი სატურნირო დატვირთვა არ აქვს, რადგან “ჩელსიმ” პირველი ადგილი უკვე გაინაღდა. “სპორტინგი” კი იმ ქულისთვის იბრძოლებს, რომელიც პორტუგალიელებს 1/8-ფინალში გაიყვანს.
“ჩელსის”, ბოლო დროს, პრემიერიგაში საქმეები არცთუ კარგად წაუვიდა და ჟოზე მოურინიო, დიდი ალბათობით, ძალებს შიდა ჩემპიონატისთვის შეინახავს. ინგლისის პირველობის უკანასკნელ 3 შეხვედრაში “არისტოკრატებმა” 5 ქულა დაკარგეს, რის შემდეგაც მდევართან სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა.
“სპორტინგმა” პორტუგალიის ჩემპიონატში ბოლო 2 თამაში ადვილად მოიგო, მაგრამ მარკო სილვას გუნდი მე-4 ადგილს მაინც ვერ აცდა.
უდანაკარგო “ჩელსის” “სპორტინგი” სერიოზული დანაკლისით ეწვია. პორტუგალიელებს ტრავმირებული ნანი და დისკვალიფიცირებული სოარეში არ ეყოლებათ.
- “ჩელსის” პირველი ადგილი განაღდებული აქვს;
- “სპორტინგი” მომდევნო ეტაპზე გავა, თუ დღეს არ წააგებს, ან “შალკე” “მარიბორს” ვერ დაამარცხებს;
- “ჩელსიმ” პორტუგალიურ გუნდებთან გამართული ბოლო 7 დაპირისპირება ერთბურთიანი სხვაობით მოიგო;
- “სპორტინგმა” ევროტურნირებზე ჩატარებული ბოლო 17 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
- “ჩელსიმ”, გასულ უქმეებზე, 23-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, კრისტენსენი, კეჰილი, ზუმა, ლუისი, რამირესი, მიკელი, სალაჰი, შიურლე, რემი, კოსტა.
სპორტინგი (4-3-3): პატრისიუ, ნასიმენტო, მაურისიუ, სარი, კ. სილვა, მარიო, კარვალიო, ა. სილვა, კარილიო, სლიმანი, მანე.
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).
მარიბორი-შალკე (პირველი მატჩი 1:1)
ორივე გუნდს მოგებისთვის ბრძოლა მართებს. მასპინძლები, სხვა შემთხვევაში, ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსს კარგავენ, ხოლო სტუმრები, ქულების დაკარგვის შემთხვევაში, 1/8-ფინალში ვერ ითამაშებენ. დასაკარგი “შალკეს” უფრო მეტი აქვს. თუ ფრე და წაგება “მარიბორისთვის” ერთი შედეგის მომტანი იქნება, გელზენკირხენელები, უქულოდ დარჩენის შემთხვევაში, ევროპის ლიგასაც დაემშვიდობებიან.
ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში წაგებების შემდეგ, ორივე გუნდმა, შიდა ასპარეზზე, ყველა თამაში მოიგო. “მარიბორმა” ქვეყნის ჩემპიონატში 2-ჯერ, ხოლო თასზე ერთხელ იმარჯვა. სიმუნძას გუნდმა, სლოვენიის პირველობაში, ლიდერთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.
“შალკე” კი, ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-3 მოგებით, ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა.
“მარიბორი” მატჩს უდანაკარგოდ ხვდება. “შალკეს” ტრავმირებული მატიპი, კოლასინაცი, ფარფანი, დრაქსლერი და გორეცკა არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბოატენგის, ობასის, სამისა და სანტანას თამაშიც.
- “მარიბორს” 1/8-ფინალში გასვლის შანსი აღარ აქვს. სლოვენიელები ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებენ, თუ დღეს მოიგებენ;
- “შალკე” 1/8-ფინალში ითამაშებს, თუ მოიგებს და “ჩელსი” “სპორტინგს” უქულოდ დატოვებს;
- “მარიბორს” ევროტურნირებზე საკუთარ კედლებში ჩატარებულ ბოლო 7 თამაშში წაგება არ აქვს;
- “მარიბორმა” ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან 6 მოიგო, გაიტანა 21 და გაუშვა 10 გოლი.
სავარაუდო შემადგენლობები
მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩი, სტოიანოვიჩი, არგუსი, რაიჩევიჩი, ვილერი, ვრსიჩი, ფილიპოვიჩი, მერტელი, სალალიჩი, ტავარესი, იბრაიმი.
შალკე (3-5-2): ფერმანი, კირხოფი, ნოიშტადტერი, ჰიოვედესი, ფუხსი, ბარნეტა, აოგო, მაიერი, უჩიდა, ჰუნტელაარი, ჩუპო-მოტინგი.
მსაჯი: სზიმონ მარსინიაკი (პოლონეთი).
H ჯგუფი
პორტუ-შახტარი (პირველი მატჩი 2:2)
ამ წყვილის მონაწილეებისთვის ბოლო ტურის მატჩს არანაირი მნიშვნელობა აღარ შერჩა. “პორტუმ” პირველი ადგილი გაინაღდა, ხოლო “შახტარს” მე-2 პოზიციაში ვეღარავინ შეეცილება. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ იქნება, თუ გუნდები ძალებს არა დღევანდელ დაპირისპირებაზე, არამედ შიდა ჩემპიონატში სიტუაციის გამოსწორებაზე მიმართავენ.
შიდა ასპარეზზე გუნდებს მდგომარეობა გამოსასწორებელი ნამდვილად აქვთ. “პორტუ”, ბოლო 2 მატჩის იოლად მოგების მიუხედავად, მე-2 ადგილზეა და ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება.
მსგავს სიტუაციაშია “შახტარიც”. დონეცკელებმა, უკრაინის ჩემპიონატში, ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგეს, მაგრამ ლიდერ “დინამოს” ისინი კვლავ 5 ქულით ჩამორჩებიან.
“პორტუს” დანაკლისი არ აქვს, “შახტარის” რიგებიდან კი ლუის ადრიანო, სრნა და კუჩერი დისკვალიფიკაციას იხდიან.
- “პორტუს” პირველი ადგილი აქვს განაღდებული, ხოლო “შახტარს” – მეორე;
- “პორტუმ”, ბოლო 8 თამაშიდან, 7 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
- “პორტუს”, მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგასა და პორტუგალიის ჩემპიონატში წაგება არ აქვს;
- “შახტარმა”, ბოლო 10 თამაშში, 33 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-3-3): ფერნანდესი, დანილო, მარკანო, ინდი, ოპარე, ევანდრო, ნევესი, ოლივერი, კინტერო, აბუბაკარი, ადრიანი.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, ილსინიო, ორდეტსი, რაკიცკი, შევჩუკი, სტეპანენკო, ფერნანდუ, კოსტა, ტეიშეირა, ტაისონი, დენტინიო.
მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი).
ბილბაო-ბატე (პირველი მატჩი 1:2)
ჯგუფის მთავარი დაპირისპირება ბილბაოში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი და ბატე ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ. წინა ტურში დონეცკში მოგებით ბასკებმა სიტუაცია გამოიკეთეს და დღეს მათ ქულაც აწყობთ, ბორისოველებს კი მოგება ჭირდებათ.
უკრაინაში მოგების შემდეგ, “ბილბაომ” ლა ლიგაში ერთი თამაში კი მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ, ბასკებმა ჯერ თასზე ქვედალიგელ “ალკოიანოსთან” ფრედ ითამაშეს, შემდეგ კი, კვლავ პრიმერაში, საკუთარ კედლებში აქამდე მოუგებელ “კორდობასთან” წააგეს.
ბატე-მ ბელარუსის ჩემპიონატში თამაში 30 ნოემბერს ქულის მოპოვებით დაასრულა, მაგრამ იერმაკოვიჩის შეგირდებს, ამ დროისთვის, ტიტული უკვე განაღდებული ჰქონდათ.
ბატე ესპანეთს უდანაკარგოდ ეწვია, “ბილბაოს” კი ტრავმირებული გილერმო და ეჩეიტა, ასევე დისკვალიფიცირებული გურპეგი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ადურისის თამაშიც.
- ამ გუნდებს 1/8-ფინალში გასვლის შანსები აღარ აქვთ. “ბილბაო” ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს, თუ დღეს არ წააგებს;
- “ბილბაომ”, ევროტურნირებზე გამართული ბოლო 17 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო;
- ბატე-მ ესპანეთში ჩატარებული ბოლო 4 თამაშიდან სამში 4-4 გოლი გაუშვა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ირაოლა, ხოსე, ლაპორტე, ბალენსიაგა, რიკო, იტურასპე, სუსაეტა, მარკოსი, მუნიაინი, ადურისი.
ბატე (4-2-3-1): ჩერნიკი, კაგუში, ფილიპენკო, პოლიაკოვი, მლადენოვიჩი, ვოლოდკო, იაბლონსკი, გორდეიჩუკი, კარნიცკი, ვოლოდკო, სიგნევიჩი.
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია).