“ჰალეშერის” შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია ავტორიტეტული გამოცემა “კიკერის” ვერსიით გერმანიის მე-3 ლიგის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. განვლილ ტურში, “ჰალეშერმა” სტუმრად “ხემნიცი” 2:0 დაამარცხა და გოგიამ 32-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიმდინარე სეზონში მან 18 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით “ჰალეშერის” საუკეთესო ბომბარდირია. 2014-2015 წლების სეზონში, გოგია “კიკერმა” სიმბოლურ ნაკრებში მეოთხედ დაასახელა. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდზე (dfb.de) ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ჩატარდა, გოგია მეორე ადგილზე გავიდა და როსტოკის “ჰანზას” მოთამაშეს მარსელ ზიმერს ჩამორჩა.