ფიბა-ევროპამ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრის პროცედურის პარალელურად მომავალი ტურნირის თილისმა და ოფიციალური ლოგო დაამტკიცა. ევრობასკეტ-2015-ის თილისმა ფრენკი-ცეცხლოვანი ბურთი გახდა, ლოგო კი ოთხ ფერშია გადაწყვეტილი და ეს გასაკვირიც არაა, პირველად ევროპული კალათბურთის ისტორიაში ხომ შეჯიბრს ერთბაშად 4 ქვეყანა უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპირველობა 5-20 სექტემბერს ჩატარდება და ჯგუფური ეტაპის მატჩები ლატვიაში (რიგა), გერმანიაში (ბერლინი), საფრანგეთში (მონპელიე) და ხორვატიაში (ზაგრები) ჩატარდება, პლეი-ოფიდან კი გუნდები სრულად ფრანგულ ლილში გადაინაცვლებენ.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს ეროვნული ნაკრები C ჯგუფში მოხვდა და ზაგრებში ითამაშებს, სადაც მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია ეყოლება.