"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა შვეიცარიულ "ბაზელთან" დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებმა მაღალი სათამაშო კლასი, სწორედ ამ მატჩში უნდა დაამტკიცონ.
ინგლისელები მიმდინარე სეზონში ძალიან სუსტად გამოიყურებიან, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 5 მატჩის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან "ბაზელს" ორი ქულით ჩამორჩებიან.
"მნიშვნელოვანი საღამო გველოდება და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. ჩემპიონთა ლიგა "ლივერპულის" ისტორიაში დიდებულ ადგილს იკავებს. ახლა ფეხბურთელებს აქვთ შესაძლებლობა შემდეგ ეტაპზე გავიდნენ და ლივერპულელებს ამაყად შეხვდნენ. მეტოქეს ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. ისინი შვეიცარიაში პირველ ადგილზე არიან და კარგად ასპარეზობენ. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ უნდა მოვიგოთ", - განაცხადა როჯერსმა.
"ლივერპული" და "ბაზელი" აქამდე სამჯერ შეხვედრილან. 2002 წელს ჯგუფურ ეტაპზე ამ გუნდების დაპირისპირებაში ფრეები დაფიქსირდა (1:1, 3:3), ხოლო მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი შვეიცარელებმა შინ 1:0 მოიგეს.