ინგლისი
ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, წაუგებელ გუნდებს, „ჩელსის“ სახით, ერთი გამოაკლდა. თუ თვალს სტატისტიკას გადავავლებთ, „ნიუკასლთან“ „არისტოკრატების“ უქულოდ დარჩენა გასაკვირი სულაც არაა.
ჟოზე მოურინიოს, პრემიერლიგაში, „ჩელსი“ „სენტ ჯეიმს პარკზე“ სათამაშოდ მეხუთედ გაჰყავდა. წინა 4 თამაშში პორტუგალიელს მოგება არ ჰქონდა და ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. კიდევ ერთი შენარჩუნებული ტრადიციის თანახმად, „ჩელსი“ ინგლისის ჩემპიონატს მაქსიმუმ 14 წაუგებელი თამაშით იწყებს.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს ყველაზე უკეთ „ნიუკასლი“ იყენებს. 14 ტურის შემდეგ, „კაჭკაჭების“ 15 გოლიდან 5 თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართულ მოთამაშეებს ჰქონდათ გატანილი. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ „ნიუკასლს“ „ჩელსისთანაც“ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა მოაგებინა. პაპის სისემ, მიმდინარე სეზონში, მე-3 დუბლი გაიფორმა და აქედან 2-ჯერ ის თამაშში მე-2 ტაიმში ჩაერთო.
სისემ ანგარიში 57-ე წუთზე გახსნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ „ჩელსის“ 498-წუთიანი მშრალი სერია შეწყდა.
„ჩელსი“, მიმდინარე გათამაშებაში, ყოველთვის იგებდა იმ მატჩებს, რომლებშიც ლონდონელები გოლს პირველი გაუშვებდნენ. ასეთი შემთხვევა აქამდე 3-ჯერ იყო დაფიქსირებული, მაგრამ ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა იგივეს მეოთხედ გაკეთება ვეღარ მოახერხეს. ისტორიის გათვალისწინებით, ეს გასაკვირი არც ყოფილა, რადგან „ჩელსის“, პრემიერლიგაში, „სენტ ჯეიმს პარკზე“ არასდროს მოუგია თამაში, რომელშიც პირველი გოლი მასპინძლებს გაჰქონდათ.
შაბათს გამართული თამაშის შემდეგ, „ნიუკასლი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჟოზე მოურინიო, ქვეყნის ჩემპიონატში, 3-ჯერ ჰყავს დამარცხებული. პორტუგალიელს ერთ გუნდთან ამდენი წაგება არათუ ინგლისში, არამედ იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაშიც არ ჰქონია.
„ჩელსის“ წაგებით ისარგებლა და მასთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა „სიტიმ“, რომელმაც „ევერტონთან“ არსებული ბოლოდროინდელი სტატისტიკის თანახმად, ბეწვის ხიდზე გაიარა. საქმე ისაა, რომ ამ გუნდებს შორის პრემიერლიგაში გამართული უკანასკნელი 17 დაპირისპირებიდან „ქალაქელებს“ კარი მშრალად მხოლოდ ერთში ჰქონდათ შენახული. აქედან გამომდინარე, 1:0, რომელიც 24-ე წუთზე დაფიქსირდა, მანჩესტერელთათვის სახიფათო ანგარიში იყო. თუმცა, მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება და ზედიზედ მე-4 თამაშის მოგება მოახერხეს.
თუ ჟოზე მოურინიოს „ჩელსის“ „სენტ ჯეიმს პარკზე“ თამაში უჭირს, კიდევ ერთმა ლონდონურმა გუნდმა, „არსენალმა“ „ბრიტანიას“ ვერაფერი მოუხერხა. „მეთოფეებს“, „სტოკთან“ გამართული ბოლო 8 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 ჰქონდათ მოგებული. ვენგერის გუნდმა, ამჯერად, ბოლომდე კი იბრძოლა, მაგრამ უქულოდ ზედიზედ მეორედ დაარჩა.
„არსენალის“ კარში პირველი გოლი პიტერ კრაუჩმა გაიტანა, რომელმაც სტუმართა კარი მე-19 წამზე აიღო. ეს გოლი, მიმდინარე გათამაშებაში, უსწრაფესია, ხოლო „არსენალმა“ ბურთი საკუთარ კარში ასე სწრაფად პრემიერლიგის ისტორიაში პირველად მიიღო.
„არსენალმა“ თამაში 10 კაცით დაასრულა. მოედნიდან ახლაგაზრდა მცველი კალუმ ჩემბერსი გააძევეს. საინტერესოა, რომ 19 წლის ფეხბურთელმა, 78 წუთის განმავლობაში, თამაშის წესები 2-ჯერ დაარღვია და მან ორივეჯერ ყვითელი ბარათი მიიღო.
პრემიერლიგაში ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რაც 2013 წლის მარტის შემდეგ პირველად მოხდა. „წითელი ეშმაკები“ სეზონის ძალიან კარგად დამწყებ და ბოლო დროს ცუდი შედეგების მქონე „საუთჰემპტონს“ ეწვივნენ. „მანჩესტერმა“ მეტოქის კარის მიმართულებით სულ 3-ჯერ დაარტყა. ამ გუნდს ასეთი ცუდი მაჩვენებელი 2003 წლის აგვისტოს შემდეგ არ ჰქონია. სამივე დარტყმა რობინ ვან პერსის ანგარიშზეა, რომელსაც „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ ჩატარებულ 7 თამაშში 7 გოლი დაუგროვდა.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა „ვესტ ჰემისა“ და „სუონსის“ შეხვედრაში. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ ისინი უქულოდ დარჩნენ. უელსურმა გუნდმა, იმ თამაშებში, რომლებშიც ანგარიშში დაწინაურება მოახერხა, უკვე 16 ქულა დაკარგა.
878-წუთიანი შესვენების შემდეგ პრემიერლიგაში გაიტანა ენდი ქეროლმა. „ვესტ ჰემის“ თავდამსხმელმა თავი დუბლით გამოიჩინა და რა თქმა უნდა, მან ორივე გოლი თავით გაიტანა. 25 წლის თავდამსხმელს პრემიერლიგაში თავისი ბოლო 4 გოლი მე-2 სართულზე კარგად თამშის წყალობით აქვს გატანილი, ხოლო „ვესტ ჰემმა“, მიმდინარე გათამაშებაში, თავით უკვე 12 ბურთი გაიტანა. ცნობისთვის, არცერთ სხვა გუნდს თავური დარტყმით 6-ზე მეტი გოლი არ გაუტანია.
ქეროლს მე-2 გოლი სტიუარტ დაუნინგმა გაატანინა, რომელსაც, მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ცნობისთვის, „ლივერპულის“ მაისურით პრემიერლიგაში ჩატარებულ 65 შეხვედრაში 30 წლის შემტევს მხოლოდ 5 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა გაკეთებული.
14 ტურის შემდეგ „ასტონ ვილა“ ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ქულის აღებას ვერაფრით ახერხებდა. ბირმინგემელებმა ეს სიტუაცია „ლეიკესტერთან“ გამართულ მატჩში გამოასწორეს, როდესაც მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება მისცეს, 3 ქულა კი თავად აიღეს.
„ასტონ ვილასა“ და „ლეიკესტერს“ შორის გამართულ შეხვედრაში სტუმართა მცველი, პოლ კონჩესკი მოედნიდან გააძევეს და ის პრემიერლიგის ისტორიაში მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც წითელი ბარათი 4 სხვადასხვა გუნდში თამაშის დროს მიიღო.
ზედიზედ 2 მატჩის მოგების შემდეგ ქულები კვლავ დაკარგა „ლივერპულმა“, მაგრამ მერსისაიდელთათვის „სანდერლენთან“ გამართული თამაში მაინც გამორჩეული იყო. „ლივერპული“ „მანჩესტერის“, „არსენალისა“ და „ჩელსის“ შემდეგ მე-4 გუნდი გახდა, რომელმაც პრემიერლიგის ისტორიაში 1500 ქულის მოგროვება მოახერხა.
„ვესტ ბრომვიჩთან“ ქულის აღებას „ჰალ სიტი“ ალენ მაკგრეგორს უნდა უმადლოდეს. პრემიერლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში 32 წლის კიპერის კარში თერთმეტმეტრიანი მესამედ დაარტყეს და მან გუნდი მესამედაც გადაარჩინა.
ესპანეთი
ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი წარმატებული ტური ჰქონდათ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის, რომლებმაც აქტივში ჰეთ თრიქები ჩაიწერეს.
რონალდუმ 3-ჯერ თავი „სელტასთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა და ის, ჰეთ თრიქების რაოდენობით, პრიმერას რეკორდსმენი გახდა. პორტუგალიელმა, გაიფორმა რა 23-ე ჰეთ თრიქი, უკან ტელმო სარა და ალფრედო დი სტეფანო ჩამოიტოვა.
„სელტასთან“ გამართული თამაშის შემდეგ რონალდუს, ესპანეთის ჩემპიონატში, 200 გოლი დაუგროვდა. ამ ნიშნულის მისაღწევად პორტუგალიელს რეკორდულად ცოტა, 178 თამაშის ჩატარება დასჭირდა. რონალდუმ პრიმერაში 200 გოლი 29 წლისა და 352 დღის ასაკში გაიტანა. უფრო ახალგაზრდას ეს შედეგი მხოლოდ მესის დაუფიქსირებია, რომელმაც 200-გოლიან ნიშნულს 25 წლისა და 217 დღისამ მიაღწია.
რონალდუმ პირველი გოლი მის მიერვე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანით გაიტანა. მსაჯებმა, მიმდინარე გათამაშებაში, პორტუგალიელის წაქცევისთვის პენალტი უკვე 4-ჯერ დადეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. სტანდარტის გოლად ქცევის შემდეგ კრიშტიანუ პრიმერას ისტორიაში მე-2 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პირველ 14 ტურში 7 თერთმეტმეტრიანი გაიტანა. მას შემდეგ, რაც რონალდუ ესპანეთში თამაშობს, მის აქტივში ლა ლიგაში გატანილი 43 პენალტია. დროის ამ მონაკვეთში, არცერთ სხვა ფეხბურთელს 25 თერთმეტმეტრიანზე მეტი არ გაუტანია.
რონალდუს მიღწევები ამით არ ამოწურულა. ის „რეალის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი ლა ლიგის პირველ 7 საშინაო შეხვედრაში გაიტანა. პორტუგალიელს, პრიმერაში, მეტოქეთა კარი ზედიზედ 17 საშინაო მატჩში აქვს აღებული და მას მარიანო მარტინის რეკორდამდე ერთი თამაში აშორებს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ პრიმერას მატჩში „სელტას“ კარში „რეალის“ მიერ გატანილი ბოლო 10 გოლიდან 9 რონალდუს ანგარიშზეა.
„სელტასთან“ მატჩი „რეალისთვის“ ზედიზედ მე-18 იყო, რომელიც მადრიდელებმა მოიგეს (იგულისხმება ყველა ტურნირზე ჩატარებული თამაშები). ეს „ბარსელონას“ მიერ დამყარებული ესპანური რეკორდის გამეორებაა. მადრიდულ გუნდს მსოფლიო რეკორდამდე ბევრი არ აშორებს. ამისთვის კიდევ 6 თამაშის მოგებაა საჭირო.
რაც შეეხება „სელტას“ - ამ გუნდმა, ლა ლიგაში, ზედიზედ 4 უგოლო თამაში 1995 წლის შემდეგ პირველად ჩაატარა.
„ბარსელონა“ იმ გუნდს მასპინძლობდა, რომელთანაც ლა ლიგაში ყველაზე მეტი, 91მოგება ჰქონდა. ლუის ენრიკეს გუნდს თავიდან გაუჭირდა, მაგრამ მოგებათა რიცხვი 92-მდე მაინც გაზარდა.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და სერხიო გარსია 2009 წლის შემდეგ „ესპანიოლის“ პირველი ფებურთელი გახდა, რომელმაც „კამპ ნოუზე“ გოლი გაიტანა. აღვნიშნავთ, რომ ორივე ეს ფეხბურთელი „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილია.
თავად სერხიო გარსიას, „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ, 82 გოლი ჰქონდა გატანილი და არცერთი თავისი ყოფილი გუნდის კარში. 31 წლის თავდამსხმელმა ეს ტრადიცია კვირას დაარღვია.
სანამ „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი გოლების გატანას შეუდგებოდა, მან ბურთი ძელს მოარტყა, რაც მიმდინარე გათამაშებაში უკვე მეშვიდედ მოხდა. ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში, არცერთ სხვა ფეხბურთელს ბურთი ძელისთვის ოთხზე მეტჯერ არ მოურტყამს.
კვირას შესრულებული ჰეთ თრიქის წყალობით, მესიმ „ბარსას“ ლეგენდას“ სესარ როდრიგესს გადაასწრო და ის კატალონიური დერბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არგენტინელს „ესპანიოლის“ კარი 12-ჯერ აუღია. „ესპანიოლი“ ლა ლიგის მე-14 გუნდია, რომელსაც მესიმ 10-ზე მეტი გოლი გაუტანა.
ლიონელ მესიმ, „ბარსელონას“ შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო 4 თამაშში 3 ჰეთ თრიქი გაიფორმა და აღსანიშნავია, რომ ამ 9 გოლის გასატანად მას კარში ზუსტად დარტყმა მხოლოდ 12-ჯერ დასჭირდა. საინტერესოა ისიც, რომ მესიმ, რომელსაც გოლების უმრავლესობა მარცხენა ფეხით გააქვს, ამ 9 გოლიდან 6 მარჯვენა ფეხით გაიტანა.
თუ კრიშტიანუ რონალდუ, ჰეთ თრიქების რაოდენობით, ლა ლიგაში საუკეთესოა, ლეო მესი მთლიანად ესპანური ფეხბურთის რეკორდს უმიზნებს. არგენტინელის აქტივში „ბარსელონას“ მაისურით შესრულებული 29 ჰეთ თრიქია. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „ბილბაოს“ ლეგენდას, ტელმო სარას აქვს.
„ესპანიოლის“ კარში ერთი გოლი ხერარდ პიკემაც გაიტანა, რომელმაც კუთხურს ზუსტი თავური მოაყოლა. ეს ნიშნავს, რომ „ბარსელონამ“, 9-თვიანი შესვენების შემდეგ, გოლი კუთხურიდანაც გაიტანა.
„ბარსელონამ“ კატალონიურ დერბიში 5:1 მოიგო, რასაც ლუის ენრიკეს გუნდი მე-2 ტაიმის კარგად ჩატარებას უნდა უმადლოდეს. „ბარსამ“ 4 გოლი შესვენების შემდეგ გაიტანა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ გუნდმა, მიმდინარე გათამაშებაში, მე-2 ტაიმში გატანილი გოლების წყალობით 13 ქულა მოაგროვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მოთამაშე ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერ მოგება არ ჰქონდა, „კორდობა“ იყო. მე-15 ტურში ანდალუსიელები „ბილბაოს“ ეწვივნენ და მათ ანგარიშის გახსნა 23-ე წუთზე მოახერხეს. „ბილბაოსთან“ მატჩში ანგარიშის გახსნა კი წარმატების გარანტიას იძლევა. საქმე ისაა, რომ ეს გუნდი ერთადერთია, რომელსაც ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ჯერ ერთი ქულაც არ აუღია. ბასკებმა ეს ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „კორდობამ“, ლა ლიგაში, 1972 წლის მაისის შემდეგ პირველად მოიგო.
„ბილბაოსა“ და „კორდობას“ თამაში კიდევ ერთი რამით იყო გამორჩეული. მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ინიაკი უილიამსმა, რომელიც ბასკური გუნდის ისტორიაში მე-2 შავკანიანი ფეხბურთელია.
იტალია
სერია A-ში ქულები დაკარგა „იუვენტუსმა“, მაგრამ ტურინელებმა მორიგი მშრალი თამაში მაინც ჩაატარეს. 2011/12 წლების სეზონის დაწყების შემდეგ, „ბებერმა სინიორამ“ კარი მშრალად 72-ედ შეინახა. შედარებისთვის, არცერთი სხვა გუნდის ეს მაჩვენებელი 48-ს არ აღემატება.
„იუვე“ გოლს იშვიად უშვებს, მაგრამ მიჩვეული არც უგოლო ფრესაა. ტურინელებმა 0:0 სერია A-ს ბოლო 76 მატჩში პირველად ითამაშეს.
14 ტურის შემდეგ „იუვენტუსს“ მხოლოდ 5 გოლი აქვს გაშვებული, რაც ამ გუნდის ისტორიაში საუკეთესო სტარტია.
საქმეები კვლავ ცუდად მისდის „მილანს“, რომელიც „ჯენოასთან“ დამარცხდა. გენუელებმა, სერია A-ს პირველი გათამაშების (1929/30 წლების სეზონი) შემდეგ 14 თამაშში 26 ქულის მოგროვება პირველად მოახერხეს.
ნეაპოლიდან შინ ქულით დაბრუნდა ლევან მჭედლიძის „ემპოლი“, რომელმაც „ნაპოლის“ ერთი გოლი კუთხურიდან გაუტანა. „ემპოლის“ მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი 16 გოლიდან 10 სტანდარტზე მოდის და აქედან 6 კუთხურზე. ორივე ეს მაჩვენებელი საუკეთესოა.
„ემპოლიმ“ რომ „სან პაოლოზე“ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ეს დიდად გასაკვირი არაა. „ნაპოლის“ ხომ ჩამორჩენის აღმოფხვრა ყველაზე უკეთ ეხერხება. ნეაპოლელებმა, იმ თამაშებში, რომლებშიც ისინი მდევრის როლში იყვნენ, ყველაზე მეტი, 9 ქულა მოაგროვეს.
ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება „პალერმოს“ 21 წლის თავდამსხმელი პაულო დიბალა. არგენტინელი შემტევი მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში გოლი ზედიზედ 5 თამაშში გაიტანა. აქამდე ეს მხოლოდ კალიეხონსა და იგუაინს ჰქონდათ გაკეთებული.
პირველ ტაიმში თამაში კვლავ ძალიან უჭირს „კალიარის“, რომელმაც „კიევოსთან“ მე-4 და მე-9 წუთებზე გაშვებული გოლებით წააგო. სარდინიელების მიერ მიმდინარე გათამაშებაში გაშვებული 20 გოლიდან 18 პირველ ტაიმზე მოდის, ხოლო 15 საწყის ნახევარ საათში გავიდა.
გერმანია
„დორტმუნდის“ დაცვის მწყობრში ჩადგომა გუნდს პირველივე თამაშში დაეტყო. 72-მატჩიანი შესვენების შემდეგ, იურგენ კლოპმა ოთხ ძირითად მცველს (შმელცერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, პიშჩეკი) სასტარტო შემადგენლობაში თავი პირველად მოუყარა და შედეგმაც არ დააყოვნა - „სიგნალ იდუნა პარკზე“ გამართულ შეხვედრაში, „ჰოფენჰაიმის“ ფეხბურთელები „დორტმუნდის“ საჯარიმოში ბურთს მხოლოდ ერთხელ შეეხნენ.
სექტემბრის შემდეგ სტუმრად პირველად მოიგო „შალკემ“, რომელმაც „შტუტგარტი“ 4:0 გაანადგურა. გელზენკირხენელთა მხრიდან თავი ჰეთ თრიქით ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა გამოიჩინა, რომელსაც 3 საგოლე გადაცემა ტრანკილო ბარნეტამ გაუკეთა.
მას შემდეგ, რაც ბუნდესლიგაში მსგავს სტატისტიკას ითვლიან, „შტუტგარტმა“ ერთ თამშში თავით 3 გოლი პირველად გაუშვა. გარდა ამისა, „შტუტგარტის“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ამ გუნდმა ბუნდესლიგის ზედიზედ 3 საშინაო თამაში მშრალად წააგო.
შესანიშნავ ფორმაშია „ვოლფსბურგი“, რომელმაც 14 ტურში 29 ქულა მოაგროვა. მგლებს ასეთი შედეგი არასდროს ჰქონიათ, მათ შორის არც 2008/09 წლების სეზონში, როდესაც ეს გუნდი ჩემპიონი გახდა.
„ვოლფსბურგი“ კარგად კი თამაშობს, მაგრამ ეს გუნდი ლიდერ „ბაიერნს“ მაინც 7 ქულით ჩამორჩება. მიუნხენელებმა ზედიზედ მე-5 თამაში ფრანკ რიბერის გოლით მოიგეს. „ბაიერნის“ მე-7 ნომერმა ბუნდესლიგაში 186-ე თამაში ჩაატარა, რაც ფრანგ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. „ლევერკუზენთან“ გამართული შეხვედრა რიბერისთვის მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ მან, „ბაიერნის“ მაისურით, მე-100 გოლი გაიტანა.
ჰაიკო ვესტერმანი „ჰამბურგში“ 2010 წელს გადავიდა და ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ „დინოზავრებმა“ ბუნდესლიგაში მის გარეშე მოიგეს.
საფრანგეთი
ევროპის წამყვან ჩემპიონატებში წაუგებელი სულ 2 გუნდია. ერთი „ბაიერნია“, ხოლო მეორე - „პარი სენ ჟერმენი“. პსჟ-მ, ლიგა ერთის მე-17 ტურში, „ნანტი“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით დაამარცხა. შვედმა ვარსკვლავმა ლიგა ერთში ბოლო 3 დარტყმა გოლად აქცია და ამ დარტყმების წყალობით მისმა გუნდმა 6 ქულა აიღო.
ზედიზედ მეორედ მოიგო „მონაკომ“, რომელმაც „ტულუზას“ ბერბატოვის დუბლით სძლია. ბულგარელმა ერთი ბურთი თერთმეტმეტრიანით გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ტულუზამ“ პენალტიდან გოლი ზედიზედ მე-3 თამაშში გაუშვა.
„ტულუზას“ შედგი „კანის“ მაჩვენებელთან ახლოსაც ვერ მივა. პატრის გარანდის გუნდმა, მიმდინარე გათამაშებაში, უკვე მე-9 თერთმეტმეტრიანი გაუშვა, რაც ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ჰოლანდია
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ჰოლანდიის ჩემპიონატში. „ჰერაკლესი“, „უტრეხტთან“ გამართულ შეხვედრაში, ბურთს სათამაშო დროის მხოლოდ 28.7%-ის განმავლობაში ფლობდა, მაგრამ სტუმრად ორბურთიანი სხვაობით მოგებისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა. ერედივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ასეთი დაბალი პროცენტის მქონე გუნდმა პირველად მოიგო.
უსიამოვნო ტრადიცია დაასრულა „ვიტესმა“. ამ გუნდს, „ტვენტესთან“ გამართული ბოლო 12 შეხვედრიდან შვიდში გოლი არ ჰქონდა გატანილი, ხოლო დანარჩენ 5 მატჩში არნემელთა მაქსიმუმი ერთი ბურთი იყო. კვირას, „ვიტესმა“ „ტვენტეს“ 2-ჯერ გაუტანა, მაგრამ ეს საკმარისი მხოლოდ ქულის ასაღებად აღმოჩნდა.