კალათბურთი

3:05 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძე: კენჭისყრის შედეგები ჩვენი ნაკრების ამბიციას უფრო აძლიერებს

პარიზში გამართულ ევრობასკეტის კენჭისყრას ესწრებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები – პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარიზში დავუკავშირდით მიხეილ გაბრიჩიძეს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა...

- ვერ ვიტყვი, გაგვიმართლაო, შეიძლებოდა შედარებით ხელსაყრელ ჯგუფში მოვხვედრილიყავით. ხორვატიასთან ერთად ზაგრებში თავს კიდევ 2 ბალკანური ქვეყნის ნაკრები მოიყრის – სლოვენია და მაკედონია, რომლებსაც ქომაგები არ მოაკლდებათ. ეს ფაქტორი ძალიან უარყოფითია ჩვენთვის და თავისთავად ჯგუფის სხვა მონაწილეთათვისაც.

- რომელი ჯგუფი იქნებოდა ჩვენთვის უმჯობესი?

- ნებისმიერი სხვა, უფრო კი ლატვიის ჯგუფი, სადაც ასევე არიან ესტონეთი, ბელგია, ლიტვა, უკრაინა და ჩეხეთი. ჩვენ ამ ჯგუფში ჩეხეთის ნაცვლად მოვხვდებოდით, რაც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა.

- საკმაოდ ძლიერია საფრანგეთის ჯგუფი...

- შემადგენლობით საფრანგეთის ჯგუფი შესაძლოა ჩვენსაზე ძლიერი იყოს, თუმცა გავიმეორებ იმ ფაქტორს, რომელიც უკვე ვახსენე. ხორვატიაში სლოვენიაც და მაკედონიაც თავს მეტად კომფორტულად იგრძნობენ და ჩვენს წინააღმდეგ მატჩებში ფაქტობრივად მასპინძლებად ჩაითვლებიან.

- შანსებზე რას იტყვით, რამდენად რეალურია საუკეთესო 4 გუნდს შორის მოხვედრა?

- კენჭისყრის შედეგები სხვაა, ჩვენი ნაკრების ამბიციები – სხვა. უბრალოდ არ გაგვიმართლა, რაზეც ნერვიულობა და ბევრი ლაპარაკი არ ღირს. პირიქით, ამ შედეგებმა კიდევ უფრო უნდა გააერთიანოს და საბრძოლოდ განაწყოს ჩვენი გუნდი. მჯერა, ასეც იქნება. ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს და მჯერა, ამას მოახერხებს კიდეც, თუკი ტრავმირებული მოთამაშეები არ გვეყოლება და ევრობასკეტისთვის კარგად მოვემზადებით.

- ახლა, მოსამზადებელი ეტაპის კარგად დაგეგმვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება...

- კენჭისყრაზე ყველა ნაკრების წარმომადგენელი იმყოფებოდა. აქ არიან ევროპული კალათბურთის მაღალჩინოსნები და ჩვენ უკვე გავმართეთ შეხვედრები კონტინენტის წამყვანი ნაკრებების წარმომადგენლებთან და არა მარტო მათთან. არაერთი ქვეყნისგან წამოვიდა შემოთავაზება ევროპის ჩემპიონატის წინ მოსამზადებელი მატჩების გამართვასთან დაკავშირებით. თითოეულ ვარიანტს განვიხილავთ. აზრს სპეციალისტებს და რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს დავეკითხებით, რომლებიც საბოლოოდ გადაწყვეტენ, თუ რომელ ნაკრებთან გავმართავთ საკონტროლო მატჩებს.

www.gbf.ge

0.143291