საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ითამაშებს, მეტოქეებად კი, მასპინძელთა გარდა, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია ეყოლება.
აღნიშნული ევრობასკეტ-2015-ის წილისყრაზე გაიკვა, რომელსაც პარიზის დისნეილენდმა უმასპინძლა. ქართველი კალათბურთელები C ჯგუფში მოხვდნენ. დანარჩენი ჯგუფები ასე დაკომპლექტდა.
A ჯგუფი (მონპელიე): საფრანგეთი, ფინეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, პოლონეთი, ისრაელი, რუსეთი.
B ჯგუფი (ბერლინი): გერმანია, ესპანეთი, სერბეთი, თურქეთი, იტალია, ისლანდია.
D ჯგუფი (რიგა): ლატვია, ლიტვა, უკრაინა, ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი.
თვალის ერთი გადავლებითაც სჩანს, რომ ყველაზე სუსტი უკანასკნელი ჯგუფია, სხვა ჯგუფები კი მეტნაკლებად თანაბარია. ეს მომენტი აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგანაც თუკი საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა (ამისთვის, მოწინავე ოთხეულში გასვლაა საჭირო), სწორედ D ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატი გაისად 5-20 სექტემბერს შედგება, კონკრეტულად ჯგუფური ეტაპის მატჩები კი 5-10 სექტემბერს ჩატარდება. უნდა ითქვას, რომ ქართველებს საკმაოდ ხელსაყრელი კალენდარი აქვთ.
იგორ კოკოშკოვის შეგირდები საწყის მატჩში, 5 სექტემბერს, სავარაუდო აუტსაიდერ ჰოლანდიას ეთამაშებიან, 6-ში – სლოვენიას, 7-ში დაისვენებენ, 8-ში საბერძნეთთან მატჩია, 9-ში – მაკედონიასთან, 10-ში კი – მასპინძელ ხორვატიასთან.
ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ყველაზე რეალური მე-4 ადგილისთვის მაკედონიასთან ჭიდილი სჩანს.