სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:55 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბესიკ შეროზია: “მეორე წრეში სულ სხვა “ზუგდიდს” იხილავთ"

ზუგდიდში ფეხბურთი რომ უყვართ, ამას ბაიას ბაზაზე, საშინაო შეხვედრებზე გულშემატკივრების დიდი რაოდენობით დასწრება და ქომაგობაც მოწმობს. ბაიას ბაზა ვახსენეთ და საცოდაობაა სამეგრელოს ყველაზე დიდ ქალაქს საკუთარი სტადიონი არ გააჩნდეს და გუნდი ხან ბაზაზე თამაშობდეს, ხან ნეიტრალურ მოედანზე, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი პრობლემა მარტო “ზუგდიდს” არ აწუხებს. დასავლეთ საქართველოში იგივე დღეშია ფოთის “კოლხეთიც”, რომელიც ლანჩხუთში მართავს საშინაო შეხვედრებს, “მერანს” კი პრობლემა მოეხსნა და მეორე სეზონში მარტვილში ითამაშებენ მერანელები.

“ზუგდიდის” პრობლემები მარტო სტადიონით არ შემოიფარგლება, გუნდს ფინანსურადაც არა აქვს დალხინებულად საქმე და თუ მეორე სეზონისთვის არ გაძლიერდა მეგრული გუნდი, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძნელი იქნება. თუმცა არის პოზიტივიც... შეიცვალა გუნდის ხელმძღვანელობა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნესტორ მუმლაძის ადგილი ბესიკ შეროზიამ დაიკავა და პირველივე შეხვედრაში სტუმრად “სამტრედიასთან” სენსაცია გამოაცხო, აუტსაიდერმა დიდი მიზნებისთვის მებრძოლ “სამტრედიას” სამი ქულა აართვა. თუ რა გეგმები აქვს “ზუგდიდს” და როდის ექნება მოედანი, ამ საკითხებთან დაკავშირებით “მსოფლიო სპორტი” “ზუგდიდის” მთავარ მწვრთნელს ბესიკ შეროზიას ესაუბრა.

- პირველი წრე დასრულდა და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს “ზუგდიდს”, მეორე წრეში უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებისთვის, აპირებთ თუ არა გუნდის გაძლიერებას და რა გეგმები გაქვთ?

- როგორც მოგეხსენებათ, ცუდი მემკვიდრეობა მერგო, მეათე ტური იყო როცა გუნდის სათავეში მოვედი, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით რაც შეიძლება ბევრი ქულა მოგვეპოვებინა. 8 ქულა ავიღეთ, ვფიქრობ, რომ ნორმალური შედეგია, მართალია ბოლო ადგილზე იმყოფება გუნდი, მაგრამ გარკვეული შანსი გვაქვს, ზამთრის პერიოდის შემდეგ კარდინალურად შეიცვლება “ზუგდიდი” და გახდება უფრო ბრძოლისუნარიანი გუნდი. წარმატებებიც აუცილებლად მოვა..

- პირველი წრის ბოლო ტურში “ზესტაფონთან” ფრე ითამაშეთ, თუმცა სამი ქულის მოპოვებასთანაც ახლოს იყავით, რომ არა გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი..

- რაც შეეხება “ზესტაფონთან” გამართულ შეხვედრას, დაძაბული თამაში იყო, გარდამავალი უპირატესობა ჰქონდათ გუნდებს, მაგრამ ბურთის კონტროლში ბადალი არ ჰყავს საქართველოში “ზესტაფონს”, ჩვენ კი არა ბევრი გუნდი ვერ ჯობნის, აქიდან გამომდინარე მეორე ნომრად ვარჩიეთ თამაში და ვცდილობდით კონტრიერიშზე დაგვეჭირა მოწინააღმდეგე. იყო კანონზომიერი თერთმეტმეტრიანი, რომელიც ქარს გავატანეთ, ვფიქრობ, თერთმეტმეტრიანი რომ გაგვეტანა ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით.

- სტადიონთან დაკავშირებით რა ხდება?

- ჯერჯერობით გუნდი ბაიას ბაზაზე მართავს საშინაო შეხვედრებს, მეორე სეზონში არ გამოვრიცხავთ განმუხურში თამაშს, თუ სტადიონმა მოგვცა ამის საშუალება. ამ ეტაპზე განმუხურის სტადიონი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ახლო მომავალში კი, როგორც გვპირდებიან, “ზუგდიდს” ექნება შესაფერისი კარგი სტადიონი, რომელიც კომბინატში შენდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარ არენას და ადგილობრივი გულშემატკივრების ქომაგობას. მიუხედავად იმისა, რომ ბაზაზე გვიწევს თამაში, ხალხი მოდის და გულშემატკივრობს “ზუგდიდს”, ფეხბურთელებისთვის ეს დიდი სტიმულია და ამისთვის მადლობას ვუხდი გულშემატკივარს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117439