არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ goal.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რთული პერიოდი აქვს, რადგან მუდმივად არ თამაშობს, მაგრამ ამისთვის მწვრთნელის ან კლუბის კრიტიკას არ აპირებს.
“YouTube-ზე მოტივაციისთვის ერიკ ტომასის ვიდეოს ხშირად ვუყურებ. ძალებს ძალიან მმატებს. ჩემი წვერის გამო, “ვიტესის” ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეები სპარტაკუსს მეძახდნენ, რომელიც ფილმ “300 სპარტანელის” მთავარი გმირია. მე ჩემს თავს უფრო როკი ბალბოას ვამსგავსებ (იცინის)” – იუწყება კაშიას სიტყვებს ინტერნეპორტალი goal.com-ი.
“ვიტესის” ცენტრალური მცველი საუბრისას მერაბ ჟორდანიასთან ურთიერთობასაც შეეხო:
“ჩვენ დღემდე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. განსაკუთრებით ტელეფონით. მერაბი ხშირად გზაშია, თვითმფრინავშია – უმეტესად არნემსა და საქართველოს შორის. ის “ვიტესის” გულშემატკივრად რჩება და გუნდის გამოსვლას თვალს ადევნებს”.
კაშიამ კომენტარი ჰოლანდიურ პრესაში დაბეჭდილ ფოტოზეც გააკეთა, სადაც აღბეჭდილია, რომ “იგლზთან” მატჩის (2:2) დროს, თადარიგში მყოფმა ქართველმა მოთელვისას მუშტები კუთხურის ალამს მოუქნია:
“რაც გაზეთში დაიწერა უხერხულია და ცოტა სულელურიც. ჩემი აზრით, ყველამ იცის, რომ პროფესიონალი ვარ და არ ვაპირებ განცხადება მწვრთნელის ან კლუბის მიმართ გავაკეთო. ეს საპროტესტო ჟესტი არ ყოფილა. ამ კლუბისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. მის რიგებში ჩამოვყალიბდი ისეთ ფეხბურთელად, როგორიც დღეს ვარ. ახლა ჩემთვის რთული პერიოდია, რადგან მუდმივად არ ვთამაშობ. განვლილი ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. რთული ერთი წელი გავიარეთ. კლუბის ირგვლივ ბევრი რამ მოხდა. ამან მოთამაშეებზეც იმოქმედა. უწესრიგობა კლუბისთვის კარგი არაა. ახლა უფრო მშვიდი სიტუაციაა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ძალიან სიჩუმეა. ეს შესაძლოა იმის ნიშანია, რომ წინ “ქარიშხალი” გველის. ვინ იცის, იქნებ იანვარში. ბევრი კარგი მოთამაშე წავიდა. ლუკას პიაზონი ამის კარგი მაგალითია. ყოველ სეზონს ახალი მოთამაშეებით ვიწყებთ. ახლა ბევრი ახალგაზრდა გამოუცდელი ფეხბურთელი გვყავს. გულშემატკივრების მხრიდან დიდი ზეწოლაა და ეს იოლი არაა”.
საქართველოს ნაკრების მცველმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონი “ვიტესისთვის” იოლი არ იქნება:
“მიმდინარე სეზონი კარგი არ იქნება. ამას ვერ უარვყოფთ. ბოლო სამმა წელმა აჩვენა, რომ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ ამსტერდამსა და ეინდჰოვენში მოვიგეთ. ვაჩვენეთ, რომ ამ გუნდს ჰოლანდიაში ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს. ამ სეზონში პირველ ხუთეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ. ეს შესაძლებელია. მე ყოველთვის პოზიტიურად ვფიქრობ”.
კაშია “ვიტესის” საშინაო სტადიონზე გულშემატკივრების მიერ გამოკრულ ბანერსაც გამოეხმაურა, რომელიც შემდეგს იუწყებოდა: “ჟინსა და ბრძოლას ხარისხთან არავითარი კავშირი არ აქვს”, “ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის”.
“მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. თამაშამდე ორი საათით ადრე შევიტყვე, რომ ტრავმირებული არნოლდ კრიესვეიკი უნდა შემეცვალა. როგორც კაპიტანმა პასუხისმგებლობა ავიღე. გასულ კვირაში ბევრს საუბრობდნენ, რომ ჟინი და საქმისადმი თავდადება გვაკლია. მესმის, რომ გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან. ისინი შაბათს გუნდის ვარჯიშზე მოვიდნენ. ჩვენ გვინდა კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და ბევრი გოლი გავიტანოთ, მაგრამ მათ სურთ, რომ უფრო მეტად ვიბრძოლოთ. გასულ საღამოს მათ სწორედ ეს იხილეს”.
“ვიტესის” შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო პერიოდში სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვერმოხვედრის მიუხედავად, კაშია მათ კაპიტნად რჩება:
“რა თქმა უნდა, ის კვლავ ჩვენი კაპიტანია. ერთი წლის წინ, როდესაც ჩემი საუკეთესო მეგობარი გიორგი ჭანტურიაც აქ იყო, ჩვენ “სამი მუშკეტერი” ვიყავით. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. ზამთარში, საქართველოში მე, გურამი და გიო ისევე ერთად ვიქნებით. მე და გურამს მოედნის გარეთაც ბევრი რამ გვაკავშირებს. რეზერვში მის ყოფნაზე ხშირად არ ვსაუბრობთ. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია”.