ფეხბურთი

12:43 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილმა ოდესაში ქულა აიღო, ქვილითაიამ “ჰონვედთან” მოიგო

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-10 ტურში, ლვოვის “კარპატიმ” სტუმრად ოდესის “ჩერნომორეცთან” ქულა აიღო – 0:0. საყრდენმა ნახევარმცველმა მურთაზ დაუშვილმა ლვოველებში სრულად ითამაშა. შუახაზელი ამბროსი ჩაჩუა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, “კარპატის” 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ შესულა. ლვოველები 4 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან.

მარიუპოლის “ილიჩევეცი” სახლში ზაპოროჟიეს “მეტალურგთან” 1:2 დამარცხდა. ახალგაზრდა მცველმა ზურა ოჩიგავამ თავიდან ბოლომდე იასპარეზა. შუახაზელი ვალერიან გვილია, რომელსაც ასევე უკრაინული პასპორტი აქვს, სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. “მეტალურგი” 12 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო “ილიჩევეცი” 3 ქულით ბოლოა.

დონეცკის “ოლიმპიკმა” კიევში პოლტავის “ვორსკლას” უმასპინძლა და დაპირისპირება 1:1 დასრულდა. დონეცკელებში უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილმა მეკარე ზაურ მახარაძემ მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. “ოლიმპიკი” 22 ქულით მეოთხეა.

უნგრეთის 1 ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-17 ტურში, “დიორი” “ჰონვედს” ესტუმრა და 2:0 გაიმარჯვა. თავდამსხელი გიორგი ქვილითაია დიორელთა შემადგენლობაში პირველი წუთიდან იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. “დიორი” 23 ქულით 16 გუნდში მეცხრეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში ბიალისტოკის “იაგიელონიამ” კრაკოვში ადგილობრივ “კრაკოვიასთან” ქულა აიღო – 1:1. ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე მოედანზე შეცვლაზე 77-ე წუთზე შევიდა. “იაგიელონია” 29 ქულით 16 გუნდში მეხუთეა.

თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში, “ქასიმფაშა”, რომელსაც შოთა არველაძე თავკაცობს, სტუმრად “ბურსასფორთან” 1:5 დამარცხდა. იმ პერიოდის განმავლობაში რაც არველაძე თურქეთში მუშაობს, მის მიერ გაწვრთნილი გუნდები დიდი ანგარიშით იშვიათად დამარცხებულან. “ბურსას”, რომელიც ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან საჩხერის “ჩიხურამ” გამოთიშა, შენოლ გიუნეში ავარჯიშებს. ეს უკანასკნელი “ტრაბზონსფორში” არველაძის მწვრთნელი იყო და ისინი მეგობრობენ კიდეც. “ქასიმფაშას” 16 ქულა აქვს და 18 გუნდში მეთერთმეტეა. თუმცა, მე-5 ადგილზე მყოფ “ბურსას” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

ისრაელის ლეუმით ლიგის (პირველი ლიგა) მე-14 ტურში, ტიბერიას “ირონი” ბნეი ლოდის “ჰაპოელს” ეწვია და 0:1 წააგო. შემტევი ნახევარმცველი დავით კირკიტაძე თადარიგში იმყოფებოდა და თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. “ირონი” 15 ქულით 16 გუნდში მეთერთმეტეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-15 ტურში ზაქათალის “სიმურგმა”, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძეა, გასვლაზე “სუმგაითთან” 1:2 წააგო. ზაქათალელები 17 ქულით 10 გუნდში მე-5 პოზიციაზე არიან.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-17 ტურში “საქსანმა” გასვლაზე “აკადემიას” 1:0 სძლია. ნახევარმცველი ირაკლი გოგინაშვილი გამარჯვებულთა სასტარტოში იმყოფებოდა და 55-ე წუთზე შეცვალეს. “საქსანი” 24 ქულით 10 გუნდში მეხუთეა.

სამხრეთ აფრიკის პრემიერლიგის მე-10 ტურში “ბიდვესტმა” გასვლაზე ბლუმფონტეინის “სელტიკთან” 1:0 მოიგო. ნახევარმცველი გიორგი ნერგაძე სტუმართა 18-კაციან შემადგენლობაში კვლავ არ იყო. “ბიდვესტი” 23 ქულით 16 გუნდში მესამეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117933