ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას, ისევე როგორც ყველა დღევანდელ თამაშს, საშინელი ქარი დაერთო, რამაც მოთამაშეებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. ფეხბურთელებს ბურთის მიღება და კომბინაციური თამაშის წამოწყება უჭირდათ, ამიტომ ტექნიკური წუნიც მრავლად შეინიშნებოდა.
თავიდან მასპინძლებს გაუმართლათ. პირველ ტაიმში ბოლნისელებს ქარის წინააღმდეგ თამაში მოუწიათ. სტუმართა მცველებს საჯარიმოდან ბურთის ამოტანა უჭირდათ, ამიტომ ძირითადად გურულები უტევდნენ.
მასპინძელთა პირველივე შეტევა სახიფათო გამოდგა. შალამბერიძის ფლანგურ ჩაწოდებულს ქარმა მიმართულება შეუცვალა და მერლანს რომ არ ეყოჩაღა, ანგარიში უთუოდ გაიხსნებოდა.
ცოტა ხანში კოშკაძე ურტყამდა საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ ბოლნისელთა კიპერს ვერც მან აჯობა. ამის შემდეგ მეგრელიშვილს და კოშკაძეს ჰქონდათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა. პირველ შემთხვევაში მასპინძელთა მარცხენა მცველი შეტევაში ჩაერთო, გზად რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და მახვილი კუთხიდან ძლიერად გაისროლა. მერლანი ამჯერადაც უშეცდომო გახლდათ. მეორედ კოშკაძე ურტყამდა ხელსაყრელი მდგომარეობოდან, მაგრამ ბოლნისელთა კიპერს სწორი პოზიცია ეჭირა და ბურთს დაეუფლა.
ანგარიშის გახსნის საუკეთესო შანსი გურულებს მე-40 წუთზე მიეცათ. შალამბერიძის მოწოდებულ კუთხურზე გაბრიჩიძემ მეტოქის მცველებს დაასწრო და ვარდნაში ბურთის კარში გადაგზავნა სცადა. თუმცა მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა.
უკანასკნელ წუთზე ,,გურიას” შეეძლო ტაიმი თავისი უპირატესობით ჩაემთავრებინა. ჭეიშვილის გადაცემას შალამბერიძე შეუჩერებელი დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ მერლანი ამჯერადაც შეუვალი გახლდათ.
შეხვედრის მეორე ნახევარში სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა. ქარიანი ამინდი ამჯერად სტუმართა მხარდამჭერი აღმოჩნდა. მასპინძლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ ბოლნისელთა შეტევების შესაჩერებლად, თუმცა თავდაპირველად რეალური სახიფათო მომენტები გურულებმა შექმნეს.
55-ე წუთზე ჭეიშვილის განივი გადაცემის შემდეგ შალამბერიძე ერთ მეტოქეს დაუსხლტდა და საჯარიმოში შეჭრილმა მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა, თუმცა მარცხენა ფეხით დარტყმა სუსტად გამოუვიდა და მერლანს ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.
68-ე წუთზე გურულებს გოლის გატანის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ. საბა ლომიამ ბოლომდე იბრძოლა, მცველს ბურთი აართვა და გადააწოდა შალამბერიძეს, რომლის ჩაწოდებულს ქარმა ტრაექტორია შეუცვალა და წინ გამოსული მერლანი უსაქმოდ დატოვა. კოშკაძე პრაქტიკულად ცარიელი კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ ბურთის მიზანში სწორად გადაგზავნა ვერ მოახერხა.
ამის შემდეგ ბოლნისელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ქარის წინააღმდეგ მოთამაშე გურულებს ძალა გამოელიათ და შეხვედრის დარჩენილი დრო ქვემოქართლელთა დომინირებით წარიმართა.
მე-80 წუთზე გოგობერიშვილის ჩაწოდებულ საჯარიმოზე ყველაზე უკეთ სირაძე გაისარჯა, მან მეტოქის მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით კარის დალაშქვრა სცადა. გოგუაძეს რეაგირება გაუჭირდებოდა, მაგრამ იმედაშვილმა ბურთის მიმართულების შეცვლა მოინდომა და ასევე თავური დარტყმით ხარიხას გადააცილა.
84-ე წუთზე ქვემოქართლელებს შეეძლოთ შინ სამი ქულით დაბრუნებულიყვნენ. შეცვლაზე შესულმა უგრეხელიძემ აუტის ხაზთან ჯოჯუას ბურთი აართვა და მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა განახორციელა. იერიშის მოგერიებას ხარაბაძე ვარდნაში ცდილობდა, თუმცა ქარში ბურთის ტრაექტორია სწორად ვერ განსაზღვრა და მისი შეჩერება ხელით მოუხდა. დარღვევა აშკარა იყო და სავსებით სამართლიანად კრიჭაშვილმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის რეალიზება სტუმრებმა ცხადაიას მიანდვეს, მაგრამ ბოლნისელთა ნახევარმცველს ნერვებმა უმტყუნა და ბურთი კარს ააცილა.
ამის შემდეგ თამაში ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდა, თუმცა მოედანზე ძალთა თანაფარდობა არ დარღვეულა. მალე ალექსი კრიჭაშვილმა, რომელიც თავის კარიერაში უკანასკნელ მატჩს სჯიდა საფინალოდ დაუსტვინა და საყაიმო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:
თემურ ლორია (,,გურია”) – ,,პირველ ტაიმში ქარი ჩვენს სასარგებლოდ იყო, თუმცა კარგი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მატჩის ბოლოს აშკარად გადავრჩით. ვფიქრობ ფრე სამართლიანი შედეგია.”.
ლადო ბურდული (,,სიონი”) – ,,შეხვედრის ბოლოს მოგების კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ მეტოქის მოედანზე აღებული ქულაც კარგია. ახლა მთელი აქცენტი მეორე წრისთვის უნდა გადავიტანოთ. რადიკალურ ცვლილებებს და შემადგენლობის გაძლიერებას ვაპირებთ”.
,,გურია’’ (ლანჩხუთი) – ,,სიონი” (ბოლნისი) 0:0
7 დეკემბერი. 14.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’. 500 მაყურებელი.
"გურია”: გოგუაძე, ე.კილაძე, ხარაბაძე, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, ჯოჯუა (კ) (კვერენჩხილაძე 86), გაბრიჩიძე, კოშკაძე, შალამბერიძე, მიქაბერიძე, ს.ლომია;
მთ. მწვრთნელი: თემურ ლორია
,,სიონი”: მერლანი, ინწკირველი, მოსემღვდლიშვილი, განუგრავა, იმედაშვილი, ფოფხაძე, ცხადაია, გოგობერიშვილი (კ), ჭიკაიძე (უგრეხელიძე 74), სირაძე, ისიანი (გურეშიძე 83);
მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გაფრთხილება: სირაძე (23), ფოფხაძე (47), გაბრიჩიძე (53), მოსემღდვლიშვილი (67);
გამოუყენებელი პენალტი: ცხადაია (84, ააცილა)
არბიტრი: ალექსი კრიჭაშვილი
1. | დინამო (თბილისი) | 15 | 9 | 2 | 4 | 26:13 | 29 | |
2. | დილა | 15 | 8 | 4 | 3 | 22:13 | 28 | |
3. | სამტრედია | 15 | 7 | 4 | 4 | 17:11 | 25 | |
4. | სპარტაკი | 15 | 7 | 3 | 5 | 15:21 | 24 | |
5. | დინამო (ბათუმი) | 15 | 7 | 3 | 5 | 17:14 | 24 | |
6. | მეტალურგი | 15 | 6 | 5 | 4 | 19:15 | 23 | |
7. | ჩიხურა | 15 | 6 | 4 | 5 | 17:17 | 22 | |
8. | მერანი | 15 | 5 | 5 | 5 | 11:10 | 20 | |
9. | ზესტაფონი | 15 | 4 | 7 | 4 | 29:22 | 19 | |
10. | გურია | 15 | 4 | 7 | 4 | 16:23 | 19 | |
11. | შუქურა | 15 | 4 | 6 | 5 | 14:17 | 18 | |
12. | კოლხეთი | 15 | 4 | 5 | 6 | 13:17 | 17 | |
13. | ტორპედო | 15 | 3 | 7 | 5 | 17:18 | 16 | |
14. | სიონი | 15 | 3 | 5 | 7 | 12:19 | 14 | |
15. | ვიტ ჯორჯია | 15 | 3 | 3 | 9 | 14:20 | 12 | |
16. | ზუგდიდი | 15 | 2 | 6 | 7 | 8:17 | 12 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
8- ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.