ფეხბურთი

23:25 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის შესვენებამ "დინამოს" სულზე მიუსწრო

პირველი წრის უკანასკნელი ტურის ცენტრალური შეხვედრა ივანწმინდაში გაიმართა. საჩხერის “ჩიხურამ” ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონს, თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და 1:0 მოუგო.

დავით ყიფიანის თასის გასული გათამაშების ფინალისტების პაექრობა ქარიან და ცივ ამინდში შედგა. ამ გუნდებს 11 დეკემბერს კიდევ ერთი დუელი ელით საქართველოს სუპერთასზე. შეიძლება ამ ორმა ფაქტორმა იმოქმედა იმაზე, რომ თამაში სანახაობრივი ვერ გამოვიდა.

ბოლო დროს თბილისის “დინამოს” ახალგაზრდულმა კოლექტივმა აშკარად მოუკლო. გუნდმა მეტად მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, იმ მეტოქეებთან, რომლებთანაც წესით უნდა გაემარჯვა. როგორც ნამატჩევს გაირკვა, დინამოელებმა ჩემპიონატის პირველი წრე მაინც პირველ ადგილზე დაასრულეს, თუმცა მათი უპირატესობა უახლოეს მდევართან მინიმალურია.

თავის მხრივ, ჩემპიონატის პირველ ნახევარში ძალზე არასტაბილურად გამოიყურებოდა საჩხერის “ჩიხურა”. საჩხერელები მსოლოდ საშინაო არენაზე გრძნობდნენ თავს დამაჯერებლად და მხოლოდ ქუთაისის “ტორპედოსთან” დაკარგეს ქულები, თორემ სხვა ყველა მეტოქე დაამარცხეს. ასე რომ, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონებს ივანწმინდაში იოლი გასეირნება ნაღდად არ ელოდათ.

საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა, რამაც გუნდებს კომბინაციური თამაშის საშუალება მოუსპო. მოწინააღმდეგენი თავიდანვე შეეცადნენ მოედნის შუაგულში უპირატესობის მოპოვებას. პირველი ტაიმის განმავლობაში ამის გაკეთება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. ბრძოლა ძირითადად მოედნის შუაგულში მიმდინარეობდა და მეტოქენი იშვიათად უახლოვდებოდნენ ერთმანეთის საჯარიმოს.

შედარებით გამოცოცხლდა თამაში ტაიმის ბოლო წუთებში. 39-ე წუთზე “ჩიხურას” ფორვარდმა თორნიკე მუმლაძემ გოლის გატანაც მოახერხა, მაგრამ ასისტენტმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. ამას მაშინვე დენის დობროვოლსკის ძლიერი დარტყმა მოჰყვა, რომელიც მიგინეიშვილი ნადავლი შეიქმნა. ტაიმი თითქოს უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკანასკნელ წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგზე დიდებულად გაისარჯა თეიმურაზ ღონღაძე, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში ბურთის მოხელთება შეძლო. ღონღაძემ ცაციათი ჩააწოდა ბურთი “დინამოს” საჯარიმოში, სადაც დასწრებაზე მცველებსა და მეკარეს თორნიკე მუმლაძემ აჯობა და თავური დარტყმით საკუთარი გუნდი ზედ შესვენების წინ დააწინაურა- 1:0.

მეორე ტაიმი ანგარიშში ჩამორჩენილმა დინამოელებმა უფრო მხნედ დაიწყეს. მათი უპირატესობა განსაკუთრებით ბურთის ფლობაში აისახებოდა, თორემ სახიფათო მომენტები საჩხერელთა კართან პრაქტიკულად არ იქმნებოდა. სოსო ფრუიძის შეგირდები თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ორგანიზებულად ზრუნავდნენ. დინამოელთა იერიშებმა თითქოს შედეგი 52-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ჩისკომ გატანა შეძლო, მაგრამ ასისტენტის ალამმა ესპანელი სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობაში. ეს ჩისკოს უკანასკნელი მატჩი გახლდათ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში და ესპანელმა ეს პაექრობა უგოლოდ დაასრულა. როგორც მისი რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებიდან გაირკვა, ჩისკო საფეხბურთო კარიერას 11 დეკემბერს, სუპერთასის მატჩში დაასრულებს.

ბურთი ძირითადად “დინამოს” საკუთრება იყო, თუმცა ჩიხურას” საჯარიმოს მისადგომებთან სიტუაცია არ მწვავდებოდა. შესაძლოა, დინამოელთა პასიურობა შეტევაში ნაწილობრივ ქარს დავაბრალოთ, მაგრამ ის აუცილებლად უნდა დავძინოთ, რომ “ჩიხურამ” პირველი ტაიმის ბოლოს მოპოვებული უპირატესობა დამაჯერებლად შეინარჩუნა.

თბილისელთა თავკაცმა საერთო მდგომარეობის გამოსასწორებლად შეცვლებს მიმართა, მაგრამ ვერც ამან უშველა აღმოსავლელებს. თამაში ისე მიიწურა, რომ თბილისელებს მოწინააღმდეგის კარში ხეირიანად ერთხელაც არ დაურტყამთ, თამაში კი ისეთ რიტმში მიმდინარეობდა, როგორც მასპინძლებს სურდათ. ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონებმა ვერც მატჩის ეპილოგში შეძლეს დასამახსოვრებელი მომენტის შექმნა - ბურთის მომაბეზრებელი გორება, გარდიგარდმო გადაცემები და ნაკლები ჟინი, რაც დინამოს” ნამდვილად არ შეშვენის.

მიუხედავად იმისა, რომ სახიფათო მომენტები არც საჩხერლებს შეუქმნიათ, მაინც უნდა ითქვას, რომ “ჩიხურამ” თავისი შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა და თამაშიც გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა. გუნდმა მართალია, მე-7 ადგილზე დაასრულა პირველი წრე, მაგრამ ჩამორჩენა არც ისე დიდია და თუ საჩხერელები დაასტაბილურებენ საკუთარ თამაშს, მაშინ ისინი საპრიზო სამეულისთვის აუცილებლად იბრძოლებენ.

რაც შეეხება თბილისის “დინამოს”, მათი ბოლო შედეგებიდან გამომდინარე უნდა ვთქვათ, რომ ზამთრის შესვენებამ დინამოელებს დროზე მიუსწრო და გუნდმა პირველი ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

“ჩიხურა” - “დინამო” - 1:0 (1:0)

7 დეკემბერი. 14:00. ივანწმინდა. “ცენტრალური”. 700 მაყურებელი

“ჩიხურა”: ქვილითაია, თეიმურაზ ღონღაძე, დობროვოლსკი, ქიმაძე, ჩიკვაიძე, ოდიკაძე, კორიფაძე (ბაჯელიძე, 86), მუმლაძე, კაშია, ოდიკაძე, სიხარულია (ივანიშვილი, 73).

მთავარიმწვრთნელი:სოსო ფრუიძე

“დინამო”: მიგინეიშვილი, პაპავა (ჯანელიძე, 68), პარუნაშვილი (გველესიანი, 81), ხიზანიშვილი, ცინცაძე, ჩისკო, თოთაძე, კაკაბაძე, საბანაძე (ლობჟანიძე, 62), ჭანტურია, ჩირგაძე.

მთავარიმწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

გოლი: 1:0 მუმლაძე (45).

გაფრთხილება: ჭანტურია (41), პაპავა (65), ქიმაძე (88)

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი (თბილისი)

1. დინამო (თბილისი) 15 9 2 4 26:13 29
2. დილა 15 8 4 3 22:13 28
3. სამტრედია 15 7 4 4 17:11 25
4. სპარტაკი 15 7 3 5 15:21 24
5. დინამო (ბათუმი) 15 7 3 5 17:14 24
6. მეტალურგი 15 6 5 4 19:15 23
7. ჩიხურა 15 6 4 5 17:17 22
8. მერანი 15 5 5 5 11:10 20
9. ზესტაფონი 15 4 7 4 29:22 19
10. გურია 15 4 7 4 16:23 19
11. შუქურა 15 4 6 5 14:17 18
12. კოლხეთი 15 4 5 6 13:17 17
13. ტორპედო 15 3 7 5 17:18 16
14. სიონი 15 3 5 7 12:19 14
15. ვიტ ჯორჯია 15 3 3 9 14:20 12
16. ზუგდიდი 15 2 6 7 8:17 12

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

გიორგი წურწუმია ივანწმინდიდან

0.179606