“მერან” -“სამტრედიის” მატჩი ზესტაფონში გაიმართა. მიზეზი ყველას მოეხსენება - მარტვილური კლუბი საკუთარ ქალაქში ასპარეზობას ვერ ახერხებს და საშინაო მატჩებს სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” ატარებს, სამტრედიელებს კი ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” დაუხვდა.
სატურნირო ცხრილში ორივე გუნდი ზედა ნაწილშია, სამტრედიელები კი სამეულში არიან და დიდად არ ჩამორჩებიან ლიდერს. სასიამოვნო სიურპრიზი გახლავთ პირველ წრეში მარტვილის “მერანის” თამაში, რომელმაც ამ დროის განმავლობაში 20 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზე დაასრულა ჩემპიონატის პირველი ნახევარი. მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე გუნდი თავის ხელწერას და მონდომებას ყველა გუნდთან ავლენს.
შეხვედრის დაწყების წინ მარტვილის “მერანის” ფეხბურთელებმა ერთობლივად მიულოცეს დაბადების დღე ფრიდონ ინჯიას, რომლის დამსახურება გახლავთ ის, რომ უკანასკნელ წლებში “მერანი” სტაბილურად გამოდის ეროვნულ ჩემპიონატში. გუნდის კაპიტანმა ზურაბ მამალაძემ სიმბოლურად 7-ნომრიანი მაისური გადაცა კლუბის პრეზიდენტს.
რაც შეეხება თამაშს, სანახაობრივი თვალსაზრისით ის საკმაოდ უსახური გამოდგა. გუნდებმა თანაბარ ბრძოლაში ჩაატარეს შეხვედრა. პირველ ტაიმში უფრო აქტიურად მარტვილელები გამოიყურებოდნენ, ხოლო მეორე ტაიმში ამ მხრივ სამტრედიელები უნდა გამოვყოთ.
სადებიუტო წუთებში ორივე გუნდს ჰქონდა სახიფათო დარტყმების საშუალება, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ამ მხრივ თავი ვერ გამოიჩინა. შეიძლება ითქვას, რომ დროის ამ მონაკვეთში მათ ერთმანეთის კიპერები არ შეუწუხებიათ. პირველი სახიფათო მომენტი და, როგორც შემდგომ გაირკვა, ერთადერთი რეალური საგოლე სიტუაცია მე-13 წუთზე შეიქმნა, როდესაც მარტვილელთა მცველის მიერ უკან დაბრუნებული ბურთი მამალაძემ ხელში აიღო. არბიტრმა “მერანის” კარში დაახლოებით 12 მეტრიდან თავისუფალი დარტყმა დანიშნა. გათამაშებული ბურთის დარტყმა გაბედავამ ითავა, მაგრამ ძლიერად დარტყმული მოწინააღმდეგის კარის ძელს მოხვდა და ხიფათიც განიმუხტა.
როგორც აღინიშნა, საწყისს 45 წუთში “მასპინძლები” უფრო აქტიურები იყვნენ. საუკეთესო კი დავით ბოლქვაძე გახლდათ, რომელიც საკუთარი გუნდის თამაშის დალაგებას და კომბინაციების აწყობას ცდილობდა. მარტვილელთა ფლეიმეიქერმა ორჯერ შორიდანაც დაარტყა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ააცილა.
37-ე წუთზე შულაიას ჩაწოდებულზე ჩიმაკაძე იბრძოდა აქტიურად, მაგრამ მას მცველებმა აჯობეს. საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში სახიფათო ჩაწოდებები ორივე გუნდის მხრიდან მრავლად იყო, მაგრამ ეს მცდელობები კარში დარტყმებით ვერ გვირგვინდებოდა.
სიცივემ და ქარმა ფეხბურთელებს საქმე საკმაოზე მეტად გაურთულა. ისინი ხშირად იქცეოდნენ და ტრავმის მიღების შანსიც დიდი იყო. სწორედ ამის გამო, მარტვილელებს პირველ ტაიმში იძულებითი შეცვლის გაკეთება მოუწიათ და ფონიავას ნაცვლად თამაშში ჯღამაია ჩაერთო.
მეორე ტაიმში შედარებით აქტიურად უკვე სამტრედიელები გამოიყურებოდნენ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს უპირატესობა გამოკვეთილი იყო – მხოლოდ ბურთის ფლობაზე აისახებოდა, საქმე კი რეალურ მომენტებამდე არ მიდიოდა. სამტრედიელთა დამრიგებელმა 67-ე წუთზედ ორმაგ ცვლილებასაც კი მიმართა შეტევის გაძლიერების მიზნით, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
მეორე ტაიმში მხოლოდ სამტრედიელთა ლეგიონერის, ბრაზილიელი ლეონარდოს დარტყმა უნდა გამოვარჩიოთ მეკარისაგან ახლო კუთხეში თამაშის მიწურულს, რომელიც მამალაძემ ნახტომში აიღო. დანარჩენ შემთხვევებში იყო ტრადიციულად ფლანგური ჩაწოდებები, რომელიც უმრავლეს სიტუაციებში უპასუხოდ რჩებოდა. თუ ასეთ მომენტს ვინმე გამოეხმაურებოდა, მაშინ მისი დარტყმული მეტისმეტად არაზუსტი გამოდგებოდა ხოლმე.
კიდევ ერთი მომენტის გამოყოფა შეიძლება, როდესაც მარტვილელები ნონიკაშვილისაგან პენალტს ითხოვდნენ, თითქოს სამტრედიელებმა ხელით ითამაშეს საკუთარ საჯარიმოში, მაგრამ არბიტრმა, რომელიც ახლოს იყო მომენტთან, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თამაშის გაგრძელება ბრძანა.
საბოლოოდ ნაკლებ თვალსასეირო სანახაობა “დავით აბაშიძეზე” უგოლოდ, ლოგიკურად დასრულდა.
“მერანი” – “სამტრედია“ 0:0 (0:0)
7 დეკემბერი. 14:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე. 500 მაყურებელი
“მერანი”: მამალაძე, შულაია (გიგა წურწუმია, 66), ორბელაძე, კიკნაველიძე, ფონიავა (ჯღამაია, 22), მელიავა, წულაია, ჩიმაკაძე (ციცხვაია, 71), გეგეჭკორი, დავით ბოლქვაძე, წყაროზია.
მთავარი მწვრთნელი: შალვა ღონღაძე
“სამტრედია”: მუჯრიშვილი, კაკუბავა, თორნიკე შალიკაშვილი, კვირკველია, კიკაბიძე, ბეჭვაია, დოლიძე (პავლიაშვილი, 67), გაბედავა (მელქაძე, 67), გეწაძე, გორგიაშვილი, კერძევაძე (ლეონარდო, 78)
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გაფრთხილება: კვირკველია (34), ჯღამაია (39), წულაია (41), მელიავა (52)
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)
| 1. | დინამო (თბილისი) | 15 | 9 | 2 | 4 | 26:13 | 29 | |
| 2. | დილა | 15 | 8 | 4 | 3 | 22:13 | 28 | |
| 3. | სამტრედია | 15 | 7 | 4 | 4 | 17:11 | 25 | |
| 4. | სპარტაკი | 15 | 7 | 3 | 5 | 15:21 | 24 | |
| 5. | დინამო (ბათუმი) | 15 | 7 | 3 | 5 | 17:14 | 24 | |
| 6. | მეტალურგი | 15 | 6 | 5 | 4 | 19:15 | 23 | |
| 7. | ჩიხურა | 15 | 6 | 4 | 5 | 17:17 | 22 | |
| 8. | მერანი | 15 | 5 | 5 | 5 | 11:10 | 20 | |
| 9. | ზესტაფონი | 15 | 4 | 7 | 4 | 29:22 | 19 | |
| 10. | გურია | 15 | 4 | 7 | 4 | 16:23 | 19 | |
| 11. | შუქურა | 15 | 4 | 6 | 5 | 14:17 | 18 | |
| 12. | კოლხეთი | 15 | 4 | 5 | 6 | 13:17 | 17 | |
| 13. | ტორპედო | 15 | 3 | 7 | 5 | 17:18 | 16 | |
| 14. | სიონი | 15 | 3 | 5 | 7 | 12:19 | 14 | |
| 15. | ვიტ ჯორჯია | 15 | 3 | 3 | 9 | 14:20 | 12 | |
| 16. | ზუგდიდი | 15 | 2 | 6 | 7 | 8:17 | 12 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
8- ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
გიორგი გორდულაძე





