ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტური “მარტინეს ვალეროზე” გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “ელჩემ” მოქმედი ჩემპიონი მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
სტუმრებმა საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და რამდენიმე სახიფათო იერიშის შემდეგ ანგარიში გახსნეს. მე-16 წუთზე გათამაშებულ კუთხურს ხიმენესის გასროლილი მოჰყვა და “როხიბლანკო” დაწინაურდა. სამართლიანობა მოითხოვს, რომ გოლი წესების დარღვევით გავიდა, რადგან საგოლე გადაცემის ავტორი არდა თურანი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მასპინძლებს პირველ ტაიმში გათანაბრება შეეძლოთ, ფაჟრი 30 მეტრიდან აწვდიდა საჯარიმოში, მაგრამ ბურთი აეჭრა და კინაღამ გოლი გავიდა, მიგელ ანხელ მოიამ ძვლივს მოიგერია ბურთი და კინაღამ ტრავმა მიიღო.
მეორე ნახევარი მადრიდელებმა აქტიურად დაიწყეს და მალევე გადაწყვიტეს შეხვედრის ბედი. 53-ე წუთზე მარიო მანძუკიჩმა გაბის პასი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2. “ატლეტიკოს” 32 ქულა აქვს და “რეალს” 4 ქულით ჩამორჩება.
ლა ლიგაში ზედიზედ მე-11 მატჩში იმარჯვა მადრიდის “რეალმა”, რომლის მსხვერპლი ამჯერად ვიგოს “სელტა” აღმოჩნდა. მასპინძელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად, ვიგოელები თავს ჭკვიანურად იცავდნენ და უნდიანო მალენკოს საკამათო გადაწყვეტილებამდე გაძლეს. 36-ე წუთზე ცნობილმა არბიტრმა გალისიელთა კარის მიმართულებით რონალდუს წაქცევის გამო პენალტი დანიშნა, რასაც არ ეთანხმებოდნენ სტუმრები და ნოლიტომ კამათისთვის გაფრთხილებაც მიიღო. პენალტი დაზარალებულმა გოლად აქცია და ლა ლიგაში 21-ე გოლი მიითვალა.
მეორე ნახევარში მადრიდელები კვლავ დიდ უპირატესობას ფლობდნენ და კიდევ ორჯერ შეძლეს მეტოქის დამწუხრება. 65-ე და 81-ე წუთებზე კვლავ რონალდუმ გამოიჩინა თავი. პორტუგალიელმა ლა ლიგაში 23-ე ჰეთ-თრიკი მიითვალა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო გახდა. მან ტელმო ზარასა და ალფრედო დი სტეფანოს გადაასწრო, რომელთაც 22-22 ჰეთ-თრიკი ჰქონდათ შესრულებული. შეხვედრაში კი, მეტი ღირებული არაფერი მომხდარა, “სელტა” ბევრს ცდილობდა, რომ პრესტიჟის გოლი გაეტანა, თუმცა არაფერი გამოუვიდა – 3:0. “რეალი” 36 ქულით პირველ ადგილზეა.
როგორც იქნა მოიგო “კორდობამ”, თანაც იმ ქალაქში, სადაც ტრადიციულად ყველას უჭირს. მიროსლავ ჯუკიჩის გუნდი “ნიუ სან მამესს” ეწვია და ნაბილ გილასის ერთადერთი გოლის წყალობით “ბილბაოს” დამარცხება მოახერხა. ნანატრი მოგების შემდეგ “კორდობას” 10 ქულა გაუხდა და მე-18 ადგილზე იმყოფება.
ესპანეთის თასისგან განსხვავებით (შუა კვირაში “დეპორტივომ” 1:1 ეთამაშა “მალაგას”), “დეპორტივო”ამჯერად ხელმოცარული დარჩა ანდალუსიურ კლუბთან. თუმცა, შეხვედრის დასაწყისი განსხვავებული იყო. მე-12 წუთზე კარლოს კამენის მიერ ელდერ პოშტიგას წაქცევის გამო, სტუმართა კარში საეჭვო პენალტი დაინიშნა. კამერუნელმა მეკარემ ივან კავალეროს აჯობა და შეცდომა გამოასწორა. ცოტა ხანში კამენმა პოშტიგას აუღო რთული ბურთი. სამაგიეროდ, უხეშად შეცდა მასპინძელთა მეკარე ფაბრი, რომელმაც ძალიან ცუდად აიტანა ბურთი და პირდაპირ დარდერს ჩააბარა. სტუმართა ნახევარმცველმა შესანიშნავად ითამაშა და შორეული დარტყმით ფაბრი გაშეშებული დატოვა. ტაიმის ბოლოს სამუელს მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ ამჯერად მეკარემ კარგად ითამაშა.
მეორე ნახევარი მასპინძლებმა კარგად დაიწყეს, მაგრამ ივან კავალიეროს ამჯერადაც არ გაუმართლა და ძელს გაარტყა ბურთი. შესანიშნავი მომენტები ჰქონდათ ცვლილებაზე შემოსულ ტოჩესა და ხუან დომინგესს, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაში კამენი იყო შესანიშნავი, ხოლო ერთ მომენტში დომინგესს დააკლდა მიზანი. რამდენიმე მწვავე ეპიზოდი “მალაგასაც” ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა – 0:1.
ელჩე – ატლეტიკო 0:2 (0:1)
ელჩე, “მარტინეს ვალერო”
ელჩე (4-4-2): ტიტონი, ლომბანი, როკო, დ.სუარესი, სისმა, პასალიჩი (კ.ერერა 60), მოსკერა, ფაჟრი, კორო (ფრაგაპანე 66), ვ.როდრიგესი (ა.ხიმენესი 83), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ატლეტიკო (4-4-2): მოია, ხ.ხიმენესი, გოდინი, სიკეირა, ხუანფრანი, გაბი, ტიაგო, თურანი (რ.ხიმენესი 80), კოკე, რ.გარსია, მანძუკიჩი (გრიზმანი 74).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 ხ.ხიმენესი (16), 0:2 მანძუკიჩი (53).
გაფრთხილებები: ჯონათასი, როკო
მსაჯი: ვიკანდი გარიდო
ბილბაო – კორდობა 0:1 (0:1)
ბილბაო, “ნიუ სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, გურპეგი, აუტენეჩე (სოლა 68), დე მარკოსი, იტურასპე, მ.რიკო, ბენიატი (სუსაეტა 46), ვიგუერა, მუნიაინი, უილიამსი (ირაოლა 46).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, კამპებადალი, ი.ლოპესი, პანტიჩი, პინილიოსი, ლუსო, დეივიდი, ფიდელი (კრესპო 66), აბელი (ეკენგი 73), ბ.გარსია (ს.ლოპესი 85), გილასი.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
გოლი: გილასი 23.
გაფრთხილებები: იტურასპე, ლაპორტე, ირაისოსი, მუნიანი – ლუსო, კამპებადალი, ბ.გარსია, პინილიოსი, ხ.კარლოსი, ს.ლოპესი
მსაჯი: ხაიმე ლატრე
რეალი – სელტა 3:0 (1:0)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): კასილასი, რამოსი, პეპე, კარვახალი, მარსელო, კროოსი, ილარამენდი, როდრიგესი (არბელოა 53), ბეილი, რონალდუ (ერნანდესი 85), ბენზემა (კოენტრაო 80).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი (ს.გომესი 74), ფონტასი, ჯონი, მალიო, რადოია, კრონ-დელი (მინა 82), პ.ერნანდესი, ორელიანა (ა.ფერნანდესი 70), ნოლიტო, ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლები: რონალდუ 36 პენ;65;81.
გაფრთხილებები: როდრიგესი, კარვახალი, არბელოა, ილარამენდი – კაბრალი, ჯონი, ნოლიტო, პ.ერნანდესი
მსაჯი: უნდიანო მალენკო
დეპორტივო – მალაგა 0:1 (0:1)
ლა-კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-1-3-2): ფაბრი, ინსუა (კუენკა 46), ლოპო, ლუისინიო, ხუანფრანი, სიდნეი, ვილკი, ხ.როდრიგესი, მედუნჯანინი (ტოჩე 63), პოშტიგა (ხ.დომინგესი 63), კავალიერო.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, არტუნეში, როსალესი, დარდერი (ბოკა 84), კამაჩო, დუდა (რესიო 71), კასტილიეხო, სამუელი (ჰორტა 56), სანტა კრუზი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლი: დარდერი 21.
გაფრთხილებები: კამენი, ლუსინიო, სიდნეი, კუენკა, ტოჩე – კამენი, არტუნეში, სამუელი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 23. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 10. კარლოს ბაკა (“სევილია”) -9. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8. ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.