კალათბურთი

22:21 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალი: ჩემპიონი თასის მფლობელის წინააღმდეგ

თბილისის “დინამოსა” და “ოლიმპის” საპასუხო მატჩი გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა “ქუთაისისა” და “შსს აკადემიის” შეხვედრას. დინამოელთა და ოლიმპელთა დაპირისპირება ზუსტად იგივე ანგარიშით დასრულდა, როგორც წინა მატჩი, - 77:77. ამასთან, ერთ-ერთმა გუნდმა (“ოლიმპი”) მეოთხე პერიოდის მიწურულს მოახერხა დაწეოდა წინ გაჭრილ მეტოქეს და ასპარეზობა ოვერტაიმში გადაეყვანა.

განსხვავება კი ისაა, რომ ამჯერად გამარჯვებულის გამოვლენას ერთბაშად ორი დამატებითი დრო დასჭირდა. პირველი ოვერტაიმი ძალიან მწირქულიანი გამოდგა, მეორეში კი დაძაბულობამ ბოლო წამებამდე გასტანა. საბოლოოდ, გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა, “დინამომ” მეორეჯერაც მოახერხა “ოლიმპის” ძლევა ამჯერად 91:87 და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნახევარფინალში თასის ასევე მოქმედ მფლობელს “ქუთაისს” დაუპირისპირდება.

დინამოელთაგან შეუცვლელად ითამაშა ლაშა გამყრელიძემ რომელმაც 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ამასთან ლაშამ მეორე ოვერტაიმის მიწურულს ზედიზედ ორჯერ აიღო საკუთარ თავზე შეტევის დაგვირგვინება და ორივეჯერ ზუსტად მოათავსა ბურთი “ოლიმპის” კალათში. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ილია ლონდარიძეს (17 ქულა, 16 მოხსნა), დინამოელთაგან ყველაზე შედეგიანი კი 19 ქულით ბესიკ ლეჟავა გახდა.

კვლავ საქებარი სიტყვებით უნდა მოვიხსენიოთ გია კაზანჯიანის “ოლიმპი”, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონ “დინამოს” ორივე მეოთხედფინალურ მატჩში დიდი ბრძოლა გაუმართა. დღეს ოლიმპელთაგან ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა 10 და მეტი ქულა: ირაკლი ალხანაიძე (18ქ,), ნოდარ გოგოძე (17), ნუგზარ აბულაძე და კოკა ტომარაძე (16-16) და გეგი ბაქრაძე (10).

მეოთხე ნახევარფინალისტი “რუსთავისა” და “მგზავრები არმიას” დუელში გაირკვევა. პირველი მატჩი “რუსთავმა” მოიგო, საპასუხო შეხვედრა კი 13 დეკემბერს აკადემიის დარბაზში ჩატარდება.

0.170225