სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

20:46 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

თასის მფლობელი ნახევარფინალშია

საქართველოს ეროვნული თასის დაპირისპირება “შსს აკადემიასა” და “ქუთაისს” შორის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. პირველი მატჩი ჩვენი ქვეყნის თასის მფლობელმა “ქუთაისმა” 10 ქულის სხვაობით მოიგო, დღეს კი აკადემიის დარბაზში შეკრებილმა მაყურებელმა საკალათბურთო თრილერი იხილა.

“შსს აკადემიისა” და “ქუთაისის” დაპირისპირება ნამდვილი სათასო პაექრობა გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ოვერტაიმში გაირკვა. მთელი 45 წუთის განმავლობაში ძალიან დაძაბული თვალსასეირო კალათბურთი ვიხილეთ. მეოთხე პერიოდის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე აკადემიელებმა მატჩში ყველაზე დიდი სხვაობით, 77:68 მოახერხეს დაწინაურება და თითქოს ამ წყვილში ნახევარფინალისტის ვინაობა მესამე მატჩს უნდა გაერკვია, მაგრამ რიონისპირელებმა ფარხმალი არ დაყარეს, ბოლო წუთებზე 9:0 გაქცევა მოასწრეს და მსაჯებმაც დამატებითი დრო დანიშნეს. ოვერტაიმს მალხაზ კოხრეიძის გუნდი ფსიქოლოგიურად უფრო მომზადებული შეხვდა. ძმები, დავით და გიორგი ბარბაქაძეების, აგრეთვე ვახტანგ ქადარიას შედეგიანმა და ვაჟკაცურმა თამაშმა საქართველოს ეროვნული თასის მფლობელი “ქუთაისი” ნახევარფინალში გაიყვანა. თუკი პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა, მეორეში და მესამეში “შსს აკადემიამ” შესაბამისად 2 და 1 ქულით იმარჯვა, მეოთხე მეოთხედი “ქუთაისმა” სამი ქულით მოიგო, დამატებით 5-წუთიან მონაკვეთში სტუმრებმა 8 ქულიან ჰანდიკაფს (19:11) მიაღწიეს და დასამახსოვრებელი გამარჯვება იზეიმეს.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა დავით ბარბაქაძემ, რომელმაც 27 ქულა გააკეთა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი 7-ჯერ მოხსნა. მას კარგად აუბეს მხარი გიორგი ბარბაქაძემ და ვახტანგ ქადარიამ (14-14 ქულა), აგრეთვე ანატოლი ბოისამ და ლევან გრძელიძემ. გრძელიძის აქტივში 8 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემაა. ამდენივე პასი აქვს ბოისასაც, რომელმაც 7 ქულა გააკეთა. ქუთაისელთაგან 28 სათამაშო წუთი გაატარა მოედანზე აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ზაურ ფაშაევმა და სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. ზაურის ანგარიშზე 16 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნაა. აკადემიელთაგან 28 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს გიორგი ცინცაძემ, ამასთან ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა პირველ ტაიმში 18 ქულა გააკეთა, მესამე-მეოთხე პერიოდებში კი მისი თამაში შედარებით გაფერმკრთალდა.

მატჩის შემდეგ ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელ მალხაზ კოხრეიძეს კომენტარი ვთხოვეთ: “შეხვედრის მიწურულს აქცენტი პირველ შეტევაზე გავაკეთეთ და მეტოქეს მოქმედების არეალი მაქსიმალურად შევუზღუდეთ. მოგეხსენებათ, კალათბურთი გუნდური თამაშია და ვფიქრობ, როგორც მთლიანმა კოლექტივმა, ასევე ცალკეულმა კალათბურთელებმა კარგად ითამაშეს. მომდევნო ასპარეზობებში ბექა ბექაურის და აბდულა ნდოეს იმედიც გვექნება. ბექას ვირუსი ჰქონდა, რომლის შემდეგაც პირველი ვარჯიში გუშინ ჩაატარა, ამიტომ დღეს მისი გაყვანა არ გავრისკე. ნდოეს შარშანდელი სეზონი მეცნიერული საქმიანობის გამო გაუცდა და იგი ფორმაში თანდათან შევა. ჩვენი გუნდი საქართველოს თასის მოქმედი მფლობელია და წელსაც ამ საპატიო პრიზის კიდევ ერთხელ მოპოვებისთვის ვიბრძოლებთ.”

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.16792