კალათბურთი

17:53 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბათუმი” პირველი ნახევარფინალისტია

საქართველოს საკალათბურთო თასის სამი საპასუხო მატჩი იმართება. საკალათბურთო აკადემიის დარბაზის მოედანზე პირველები “სოხუმისა” და “ბათუმის” კალათბურთელები გავიდნენ. ამ გუნდების პირველი მატჩი აჭარის დედაქალაქში მიხეილ კობეშავიძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა დღეს რევანშის აღება ვერ შეძლო და ნახევარფინალში ბათუმელები გავიდნენ.

მატჩი “სოხუმის” უპირატესობით დაიწყო და მასპინძლები 7:0 დაწინაურდნენ. ამგვარ დასაწყისს ბათუმელთა რიგებში დაბნეულობა არ გამოუწვევია და მათ ზედიზედ 12 უპასუხო ქულა ჩაუგდეს მოწინააღმდეგეს. ამის შემდეგ, საწყისი ორი პერიოდის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, რაც ანგარიშზეც კარგად აისახა: პირველი პერიოდი 14:14 დასრულდა, ხოლო დიდ შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით 34:34 გავიდნენ. პირველ ტაიმში აღსანიშნავია ბათუმელი ნოდარ თენიეშვილის თამაში, მან 9 ქულას 8 მოხსნა მიამატა.

მეორე ტაიმი მეტოქეებმა კვლავ თანაბრად დაიწყეს, გარდამტეხი კი მესამე მეოთხედის შუა პერიოდი აღმოჩნდა, როდესაც ჯერ ლევან რევაზაშვილმა სამიანი, შემდეგ კი ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ბობ იანგმა ეფექტური 2 ქულიანი მიაყოლა და ზღვისპირელები 50:41 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ კობეშავიძის გუნდმა საქულე უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და მეოთხე პერიოდის წინ ბათუმი 15 ქულას 64:49 იგებდა.

მეოთხე პერიოდში ტექნიკურ-პერსონალური ჯარიმების გამო მოედანი სოხუმელთა ლიდერმა ირაკლი ჩლაიძემ დატოვა. ამის მიუხედავად, კვარაცხელიას გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ანგარიშის სხვაობა _7-მდე დაიყვანა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხა დეფიციტის აღმოფხვრა, 72:79 დამარცხდა და როგორც მოგახსენეთ, ნახევარფინალში “ბათუმი” გავიდა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო 28 ქულითა და 9 მოხსნით ბობ იანგი გახდათ. კიდევ ერთი ლეგიონერი ჯეიმ კელოგის ანგარიშზე 15 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაა. ზემოთ ნახსენებ ნოდარ თენიეშვილს რაც შეეხება, მან მატჩი 11 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. სოხუმელთაგან ორმაგი დუბლით თავი გიორგი ჯგერენაიამ გამოიჩინა (19ქ, 13მ). ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე კი 17 ქულაა.

მატჩის დასრულების შემდეგ სოხუმელთა თავკაცმა ვაჟა კვარაცხელიამ განაცხადა: “ბათუმს” სამი კარგი ლეგიონერი ჰყავს და მატჩის ბედი დიდწილად მათმა კარგმა თამაშმა განაპირობა. 19 დეკემბერს ბათუმში სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის ჩატარება გვიწევს და შევეცდებით რევანში ავიღოთ” - დასძინა ბატონმა ვაჟამ.

0.238581