ფეხბურთი

15:38 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ემპოლის” სპორტული დირექტორი: “ლევანმა უფრო ნაკლები მოიმკა, ვიდრე დათესა”

“ემპოლის” სპორტულმა დირექტორმა მარჩელო კარლიმ ინტერნეტპორტალ iltirreno.gelocal.it-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიის თასზე “ჯენოას” კარში ლევან მჭედლიძის მიერ გატანილმა გოლმა განსაკუთრებით გაახარა.

მარჩელო კარლი: “ეს სიმართლეა. მჭელიძის გოლი ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო. საერთო ჯამში, ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ და მათ შორის მჭედლიძით, რომელიც მართლაც კარგად გაისარჯა. თუმცა, ის უფრო მეტს იმსახურებს. ლევანი მოთამაშეა, რომელმაც დღემდე უფრო ნაკლები მოიმკა, ვიდრე დათესა”.

- რას გულისხმობთ?

- ლევანის კარიერა შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ. პირველი ნაწილი, როდესაც ის “მაგარი” ბიჭი იყო, ხოლო მეორე ნაწილი, როცა ბევრის მიღწევა შეეძლო, მაგრამ ხელი სხვადასხვა ტრავმებმა შეუშალა, ხოლო მოგვიანებით კონკურენცია ისეთ თავდამსხმელებთან მოუწია, როგორიც ტავანო და მაკარონე არიან.

- და შემდეგ?

- ვბრაზდები, როდესაც მესმის, რომ ლევანი ვერ უმატებს. როდესაც 15 წუთი თამაშობ როგორ უნდა მოუმატო? გასაგებია, რომ მან პროგრესირება უნდა გააგრძელოს – ძალების განაწილება ისწავლოს და უფრო ეფექტური იყოს. თუმცა, ამას მხოლოდ მოედანზე ყოფნით თუ გააკეთებს. ამის საშუალება კი, სარისთვის (მთავარი მწვრთნელი, რედ.) საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებაა, როგორც ეს “ჯენოასთან” მატჩში იყო.

- ასეთი გოლები ფეხბურთელის საბაზრო ფასსაც ზრდის...

- შესაძლოა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, დღესდღეობით ამაზე არ ვზრუნავთ. მჭედლიძეს ყველა თვისება აქვს, რომ დიდი თავდამსხმელი გახდეს და გვსურს ეს სწორედ “ემპოლიში” დამატკიცოთ. ვიდრე მას გავყიდით, გვსურს, რომ ლევანის თამაშით უფრო მეტად დავტკბეთ.

0.124646