ფეხბურთი

13:54 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ერთა ლიგის განმარტებანი, დღევანდელი მონაცემებით საქართველო D დივიზიონში

ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია უეფა ახალი იდეების დანერგვას განაგრძობს. ახალი ინიციატივის მიხედვით, 2018 წლიდან ევროპაში ახალი სანაკრებო ტურნირი დაიწყება, რომელიც უეფას ერთა ლიგის სახელწოდებით იქნება ცნობილი. აღნიშნული ტურნირი ამხანაგური მატჩების უმრავლესობას შეცვლის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გარდა ეროვნულ ნაკრებებს საშუალებას მისცემს უფრო მოტივირებულად ითამაშონ ნახევრადამხანაგურ მატჩებში.

რა არის ერთა ლიგა და რა გამოწვევების წინაშე დადგება უეფას წევრი 54 ქვეყანა. აღნიშნული ტურნირი უკვე დიდი ხნის ჩანაფიქრია და განხორციელება 4 წელიწადში ელის. მოლაპარაკებათა სერია 2011 წელს კვიპროსში დაიწყო. შემდეგ იყო შეხვედრების სერია 2013 წელს სტოკჰოლმში და 2014 წელს დუბროვნიკში.

როგორი იქნება ტურნირის ფორმატი.

  • უეფას ერთა ლიგას ოთხი დივიზიონი შექმნის, თითოეული ლიგა ოთხ ჯგუფად დაიყოფა, რომელშიც 3 ან 4 ნაკრები მოხვდება.
  • 54 მონაწილე ქვეყანა გადანაწილდება A-B-C-D დივიზიონებში სიძლიერის მიხედვით.
  • A დივიზიონში ტოპ-რეიტინგის გუნდები მოხვდებიან და შესაბამისად D დივიზიონში - დაბალი რეიტინგის.
  • A და B დივიზიონი შედგება სამი გუნდისგან შემდგარი ოთხი ჯგუფისგან.
  • C დივიზიონი შედგება ორი სამგუნდიანი და ორი ოთხგუნდიანი ჯგუფებისგან, ხოლო ბოლო დივიზიონში ოთხივე ჯგუფი ოთხგუნდიანია.
  • გუნდები დივიზიონებსა და ჯგუფებში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან, რომელიც 2017 წლის 15 ნოემბერს დაფიქსირდება.
  • ოთხივე დივიზიონის გამარჯვებულს შანსი ექნება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს.
  • დივიზიონის ჯგუფებში გამარჯვებულ გუნდებს შანსი ექნებათ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთონ, რეიტინგის მიხედვით ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ და საფინალო ტურნირისთვის 4 ადგილი გაითამაშონ.

როდის ჩატარდება უეფას ერთა ლიგის მატჩები.

  • უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 6 სათამაშო დღედ გადანაწილდება. 2018 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში ორი-ორი მატჩი გაიმართება. თითოეული დივიზიონის ოთხი გამარჯვებული საუკეთესოს 2019 წლის ივნისში პლეი ოფის მეშვეობით გამოავლენს. გამარჯვებული კი დაბალი დივიზიონიდან მოწინავეში გადაინაცვლებს.
  • ოთხთა ტურნირის ნახევარფინალური და ფინალური მატჩების დროს და ადგილს უეფა განსაზღვრავს.
  • უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის მატჩები 2020 წლის მარტში გაიმართება.

რა შეიცვლება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ევროპის ჩემპიონატის სისტემა მნიშვნელოვნად განახლდება და როგორც აღინიშნა, ნაკრებებს უფრო მეტის სტიმული მიეცემათ საფინალო ტურნირზე მოსახვედრად. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან 10 ჯგუფის პირველ და მეორე ადგილოსნები საფინალო ტურნირზე მოხვდებიან. ხოლო ერთა ლიგის პლეი ოფის ოთხი გამარჯვებული 20 გუნდს დაემატება და ევროპის ჩემპიონატი 24 გუნდიანი სისტემით გაიმართება.

  • 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2019 წლის მარტში დაიწყება. მარტში, ივნისში, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში ორ-ორი მატჩი გაიმართება. ჯამში იქნება 6 5-გუნდიანი ჯგუფი და 4 6-გუნდიანი ჯგუფი. (სულ ათი ჯგუფი). ჯგუფის გამარჯვებული და მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავა.
  • ერთა ლიგის დივიზიონებში გამარჯვებული ჯგუფებისგან წარმოდგენილი იქნება 16 გუნდი. ნაკრებები რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან ოთხ ჯგუფში. თითოეულ ჯგუფს ბუნებრივია რეიტინგის მიხედვით ლიდერი ეყოლება. აღნიშნული ოთხი ოთხთა ტურნირის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება.
  • იმ შემთხვევაში თუ ერთა ლიგის ოთხთა ტურნირში მოხვდება ისეთი ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულია, შესაბამისად მის ადგილს რეიტინგში მოწინავე გუნდი დაიკავებს.
  • ოთხთა ტურნირი ორ ნახევარფინალურ და ერთ ფინალურ მატჩად ჩატარდება.

უეფამ 4 დეკემბერს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპაში 41-ე ადგილზე იმყოფება. ამჟამინდელი სიტუაციით რომ ვიმსჯელოთ, ბოლო D დივიზიონში გადანაწილდებიან ესტონეთი, კვიპროსი, საქართველო, მოლდოვა, მაკედონია, ლატვია, ბელარუსი, ლიხტენშტეინი, აზერბაიჯანი, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მალტა, სანმარინო, ანდორა და გიბრალტარი.

ახლა რომ ევროპის ერთა ლიგა იწყებოდეს, საქართველო D დივიზიონის C ჯგუფში მოხვდებოდა, სადაც "ჯვაროსნებს" მეტოქეებად ბელარუსი, ლუქსემბურგი და ანდორა ერგებოდა. შეიძლება ითქვას საქართველოსთვის უეფას ერთა ლიგა ერთგვარი გამოწვევაა და "ჯვაროსნებს" შესაძლებლობა მიეცემათ საკვალიფიკაციო ეტაპის გარდა ევროპის ჩემპიონატზე ერთა ლიგის მეშვეობით მოხვდნენ.

0.130339