კატალონიური “ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მარჯვენა მცველის დამატებას ეცდება – იუწყება ცნობილი გამოცემა Mundo Deportivo.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა ორ მოთამაშეს – ჟოაო პერეირასა (“ვალენსია”) და ალან ნიომს (“გრანადა”) აკვირდება. “ღამურებში” ნუნუ ესპირიტო სანტოს მოსვლის შემდეგ, პერეირა ერთხელაც არ მოხვედრილა კლუბის სამატჩო განაცხადში და როგორც ამბობენ, ამის მიზეზი მისი სათამაშო ფორმა არაა. ესპანურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ ჟოაოს ცუდი ურთიერთობა აქვს ცნობილ საფეხბურთო აგენტთან, ხორხე მენდეშთან, რომელიც “ვალენსიას” ახალი მფლობელის პიტერ ლიმის ახლობელია და მის სიტყვას დიდი ძალა აქვს “ღამურებში”.
მას შემდგომ, რაც ჟოაო ესპანეთის თასის მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა, ჟურნალისტებმა პირდაპირ ჰკითხეს მის უთამაშებლობაზე ნუნუს, რაზეც მან მიუგო, რომ ანტონიო ბარაგანისა და ჟოაო კანსელოს სახით, უკეთესი მცველები ჰყავს და ჟოაო “ვალენსიას” რიგებს ზამთარშივე დატოვებს, რადგან მას აქ თამაშის შანსი აღარ ექნება. შესაბამისად, კატალონიელებს აქვთ შანსი, რომ პორტუგალიელი მცველი ძალიან იაფად ჩაიგდონ ხელში. “ბარსელონას” ხელმძღვანელობას კიდევ ერთი მარჯვენა მცველის დამატება კონკურენციის გაზრდისთვის სურთ, რადგანაც ბრაზილიელი მცველები დიდად დამაჯერებლად ვერ გამოიყურებიან, ხოლო მარტინ მონტოიას უთამაშებლობის გამო “ნოუ კამპიდან” აბარგება აქვს გადაწყვეტილი.
რაც შეეხება ნიომის კანდიდატურას, კამერუნელი მცველი “უდინეზეს” საკუთრებაა და მასთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. ის “გრანადაში” იჯარით ასპარეზობს. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 6 მილიონი ევროა.