კალათბურთი

23:20 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოვგოროდელებს სენსაციამდე ცოტა დააკლდათ

ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდმა” ევროლიგის ერთ-ერთ ფავორიტ მადრიდის “რეალს” დიდი ბრძოლა გაუმართა და უხვქულიან მატჩში 98:101 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 07:43 წუთი დაჰყო და 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ლევანმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3-ვე სამქულიანი ააცილა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

რუსულ კლუბს, შესაბამისად, 22 და 20 ქულით, ამერიკელებმა ტეილორ როჩესტიმ და ტერენს კინსიმ ულიდერეს. ისიც ვთქვათ, რომ როჩესტიმ ტრავმაც მიიღო და ბოლოსკენ ძლივსღა დააბიჯებდა.

რეალმა ტრადიციულად გუნდურად ითამაშა და 10 და მეტი ქულა ექვსმა კალათბურთელმა მიითვალა. სხვათაგან სერხიო როდრიგესს გამოვარჩევთ, რომელმაც 19 ქულას 3 ჩაჭრა და 6 პასი წაამატა.

მადრიდელებმა მე-6 მატჩი მოიგეს და ევროლიგის A ჯგუფს ლიდერობენ, “ნიჟნი ნოვგოროდმა” კი 3 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და მე-5 ადგილამდე დაქვეითდა.

ფაცაციას კლუბს მომდევნო მატჩი 12 დეკემბერს სტამბულში “ანადოლუ ეფესთან” ელის და თუკი მოწინავე ოთხეულში მოხვედრა სურს, თურქეთში მოსაგებად ძალიან უნდა მოინდომოს.

0.11461