ჭადრაკი

22:40 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილმა აქტივს 26 პუნქტი შემატა!

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულებული პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირზე ქართველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა (2504) ქალთა შორის საუკეთესო შედეგი (5.5 ქულა) აჩვენა და სპეციალურ პრიზთან ერთად 5 ათასი დოლარიც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ხოტენაშვილმა ტურნირის სტარტზე საქართველოს ნაკრების ლიდერ ბაადურ ჯობავას (2722) სძლია, შემდეგ კი სომეხ გაბრიელ სარგისიანს (2687), ინდოელ ჩანდა სანდიპანს (2603) და ჩინელ იან ვენსაც (2586) აჯობა. ქართველმა მოჭადრაკემ ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში მხოლოდ 2 პარტია დათმო და საერთო ცხრილში 27-ე ადგილი დაიკავა, აქტივს კი ერთბაშად 26 პუნქტი შემატა.

დოჰას ტურნირის გამარჯვებული ჩინელი იანგიი იუ (2605) გახდა, რომელმაც უკანასკნელ ტურში რუსი ვლადიმირ კრამნიკი (2760) დაამარცხა და 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა.

საინტერესოა, რომ ამ მარცხის შედეგად, მანამდელ ლიდერ კრამნიკს 7.0 ქულა შერჩა და მე-2 ადგილიც კი ვერ შეინარჩუნა, რადგანაც ჰოლანდიელმა ანიშ გირიმ (2776) შავი ფიგურებით სომეხ ვლადიმირ აკოპიანს (2657) სძლია და რუს დიდოსტატს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ჯობავამ აჩვენა, რომელმაც თეთრებით ესპანელ დავიდ ანტონ გუიხაროს (2607) მოუგო და 6.0 ქულა მოაგროვა. ბაადური მე-6 პოზიციაზე გასულ უკრაინელ ზაჰარ ეფიმენკოს (2644) მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით 22-ე საფეხურსღა დასჯერდა.

დოჰაში მოთამაშე დანარჩენ ქართველთა შედეგები ასეთია: 108. მიხეილ მჭედლიშვილი (2622) – 4.0; 118. ნინო ბაციაშვილი (2442) – 3.5; 124. ლელა ჯავახიშვილი (2486) – 3.5; 143. სოფიკო გურამიშვილი (2388) – 3.0;

0.133709