ფეხბურთი

17:43 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დათა სიჭინავა:  “კოლხეთი” უკეთესი ადგილისთვის იბრძოლებს”

ფოთის “კოლხეთის” 25 წლის ნახევარმცველი დათა სიჭინავა ზაზა ინაშვილის გუნდში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. სიჭინავამ ბოლო ტურში “კოლხეთის” ერთ-ერთ კონკურენტ “ვიტ ჯორჯიას” დამარცხებაში ლომის წილი დაიდო. სწორედ მისი გოლის და შედეგიანი გადაცემის წყალობით მოიპოვეს ფოთელებმა საჭირო 3 ქულა და სატურნირო ცხრილშიც მდგომარეობა გაიუმჯობესეს. დათა სიჭინავას “მსოფლიო სპორტი” გაესაუბრა.

- სანამ “ვიტ ჯორჯიასთან” ჩატარებულ შეხვედრაზე გადავიდოდეთ, თქვენს განვლილ კარიერაზე გკითხავთ. “კოლხეთამდე” სად თამაშობდით?

- პირველი პროფესიული კონტრაქტი საფეხბურთო კლუბ “ამერში” მქონდა. შემდეგ ვიყავი ბელორუსიაში, მაგრამ ქვეყნიდან ჩემი პირველი გასვლა გრძელვადიანი არ გამოდგა. საქართველოში დაბრუნებისთანავე ფოთის “კოლხეთში” გავაგრძელე თამაში. შემდეგ იყო “გაგრა”. მაშინდელი “გაგრა” ძლიერი გუნდი იყო და დიდი მიზნები ჰქონდა. Aარასოდეს დამავიწყდება “ანორთოსისთან” ჩატარებული მატჩები. “კოლხეთში” დაბრუნებამდე ისევ ბელორუსიაში მომიწია თამაში, ბრესტის “დინამოში”. პირველი ჩასვლისგან განსხვავებით, მეორე ცდაზე ამ გუნდში სტაბილურად ვთამაშობდი, მაგრამ ისევ “კოლხეთში” დავბრუნდი.

- “ვიტ ჯორჯიასთან” მშვენიერი მატჩი ჩაატარე. მიმდინარე სეზონში სათასო დაპირისპირებაში და ეროვნულ ჩემპიონატში 8 გოლი გაქვთ გატანილი რაც ნახევარმცველისთვის ურიგო შედეგი არაა...

- სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი თამაში იყო. “ვიტ ჯორჯიას” და ჩვენ ორივეს 11-11 ქულა გვქონდა და საჭირო 3 ქულა მოვიპოვეთ. მართალია, ჩემი საგოლე პასი და გოლი იყო, მაგრამ შედეგი მთლიანად გუნდის და მწვრთნელის დამსახურებაა. “კოლხეთი” ფინანსურად ძლიერი გუნდი არაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა და ერთი დიდი ოჯახივით ვართ. განსაკუთრებულია მწვრთნელის როლიც. ის გვერდით გვიდგას და ყველანაირად ცდილობს ფეხბურთელებს დაგვეხმაროს მინდორზე თუ მის გარეთ.

- “კოლხეთს” საკმაოდ ცუდი სტარტი ჰქონდა. შეძლებთ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას?

- რა თქმა უნდა შევძლებთ. ბოლო გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ და მეორე წრეშიც ყველა თამაშში ვიბრძოლებთ. ყოველმხრივ ვეცდებით “კოლხეთი” უკეთეს პოზიციაზე დამკვიდრდეს. ცუდია, რომ საკუთარ მოედანზე ვერ ვთამაშობთ. გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრების მხარდაჭერას. ქომაგების ნაწილი ლანჩხუთშიც დაგვყვება და მხარს გვიჭერს, მაგრამ მატჩები ფოთში რომ ტარდებოდეს, დარწმუნებული ვარ, სულ სხვა შედეგი გვექნებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070537