გიორგი შერმადინის “ფოქსთაუნ კანტუმ” ევროთასის მე-8 ტურში ფრანგული “ვილერბანი” მიიღო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება (79:69) იზეიმა, ქართველმა ცენტრმა კი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი დაიდო.
შერმადინმა მოედანზე 18:53 წუთი გაატარა და 6 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ გიორგის შეცდომა არ დაუშვია, 2-ვე ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ერთადერთი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი კალათბურთელის მოედანზე ყოფნის პერიოდში, იტალიურმა გუნდმა მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდო, შერმადინის სარგებლიანობის კოფიციენტმა კი 19-ს უწია, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
კანტუელთა მხრიდან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ამერიკელი დარიუს ჯონსონ-ოდომი (აშშ) იყო, უნგრელმა დამიან ჰოლისმა (უნგრეთი) 13 ქულა ჩააგდო, ამერიკელმავე დექუან ჯოუნსმა კი – 10.
საინტერესოა, რომ ფრანგულ გუნდში საუკეთესო საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ტორინ გრინი იყო. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა უკანახაზელმა 34:24 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მან 3-დან 1 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო გამოიყენა, მეტოქეებს კი თამაშის წესების დარღვევა ერთბაშად 8-ჯერ აიძულა.
ისიც ვთქვათ, რომ დასკვნითი მეოთხედის წინ მასპინძლები 7 ქულით აგებდნენ, თუმცა, ბოლო ათწუთეულში სტუმრები 32:15 გაანადგურეს.
“ფოქსთაუნ კანტუმ” 3 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და B ჯგუფში იმავე “ვილერბანთან” ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოს. ცნობისთვის, შემდეგ ეტაპზე ჯგუფის საუკეთესო ოთხეული გავა, ფრანგებთან თანასწორობის შემთხვევაში კი, უპირატესობა იტალიელთა მხარეს იქნება, რადგანაც სტუმრად მხოლოდ 8 ქულით აქვთ წაგებული.
შერმადინის კლუბს ევროთასზე მომდევნო მატჩი 10 დეკემბერს ისევ შინ, “დიჟონთან” (5 მოგება, 3 მარცხი) ელის და თუკი იმარჯვა, მე-2 ჯგუფური ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.