სხვა

0:45 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შშმ პირთა სპორტული ფესტივალი ქუთაისში

ათწლეულებია ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან დაწესდა - შშმ ადამიანების უფლებების თანასწორობის ღირსების პატივსაცემად.

ამ დღის აღსანიშნავად ქუთაისის სპორტის სასახლეში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქუთაისის მერიის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სპორტული ფესტივალი ჩატარდა. შეჯიბრი სპორტის ოთხ სახეობაში, ნარდში, შაშში, მკლავჭიდსა და წოლჭიდში გაიმართა. სპორტულ პაექრობაში ერთმანეთს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ახალციხის, მარნეულის, ზუგდიდის, სენაკის, საჩხერის, ჭიათურის, ვანისა და ტყიბულის 250-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენები დაუპირისპიდნენ.

შეჯიბრის შემდეგ თბილისიდან მოწვეულმა პარაოლიმპიური სპორტული სახეობების მონაწილე სპორტსმენებმა საჩვენებელი მატჩი გამართეს კალათბურთში.

ამის შემდეგ სპორტული ღონისძიების დახურვა გაიმართა. შეჯიბრის ორგანიზატორმა საქართველოს ინვალიდთა ფედერაცია ,,აღორძინება - 2002“ (თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი) გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი პრიზებით, დიპლომებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა, ხოლო ჩემპიონებს დამატებით ფულადი პრემია გადაეცათ.

საღამოს სპორტსმენებმა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გადაინაცვლეს, სადაც შშმ პირთა მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, შემდეგ კი მათ საპატივცემულოდ გალა კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა უსინათლო მომღერლებმაც მიიღეს.

0.620512