ფეხბურთი

20:10 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოჩა ტყებუჩავა: “ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შეგვიძლია”

17 და 19 წლამდე ნაკრებთა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის კენჭისყრის პირდაპირ ეთერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელებთან ერთად ჟურნალისტებმაც მიადევნეს თვალი. იქ იმყოფებოდნენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი და ამჟამინდელი მწვრთნელები გიორგი ნემსაძე, გოჩა ტყებუჩავა, ზვიად სტურუა, ნოდარ აკობია, გია ცეცაძე. კენჭისყრისას განსაკუთრებით ნერვიულობდა 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა, რომელმაც მეტოქეების გაგების შემდეგ აღნიშნა, რომ ადვილ ჯგუფში მოხვედრას არ ელოდა, რადგან ამ ეტაპზე ყოველთვის ძლიერი ნაკრებები იყრიან თავს. ქართველ 17-წლამდელებს მე-3 ჯგუფში ჰოლანდიასთან, ბელგიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოუწევთ დაპირისპირება. ჯგუფის მატჩები მომავალი წლის მარტში ჰოლანდიაში გაიმართება. 8 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირველ ადგილზე გასული 8 ნაკრები და საუკეთესო 7 მეორეადგილოსანი მოხვდებიან, რომელთაც მასპინძელი ბულგარეთი დაემატება.

ფინალური ეტაპი, რომელში 16 ნაკრები ითამაშებს, 2015 წლის 6-22 მაისს ბულგარეთში ჩატარდება.

კენჭისყრის შემდეგ, 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ტყებუჩავამ ჟურნალისტებთან ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსებზე ისაუბრა.

“მახსენდება ვასილ მაისურაძის გუნდის შედეგი, როცა ესპანეთს, ინგლისსა და უკრაინას ვაჯობეთ. თუნდაც ეს წარმატება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გასვლის შანსი არსებობს და ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეგვიძლია. წინასწარ ქულების დაგროვებაზე ფიქრი არასწორი იქნება, რადგან აღნიშნულ ტურნირებს მოულოდნელობები ახასიათებს.”

“ელიტ რაუნდამდე მოსამზადებელი ციკლი გველის. მინსკში საკმაოდ მაღალი დონის ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. შეჯიბრი იანვარში გაიმართება, სადაც საკმაოდ ძლიერი ქვეყნის ნაკრებები ითამაშებენ. როგორც ვიცი იქ იქნება ათამდე გუნდი. რუსეთის, უკრაინის, ასევე თუ არ ვცდები ბელგიის ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ელიტ-რაუნდში ჩვენი მეტოქეა. ბელორუსიაში მომზადებისთვის საუკეთესო ვითარება იქნება.”

“საბურთალოს” მეკარე გიორგი ჩოჩიშვილის აზრით, ნაკრების გასვლას შემდეგ ეტაპზე ახალი ფორმატი აადვილებს, რომლის მიხედვით, ელიტ-რაუნდის თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო ორი ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.

“რა თქმა უნდა რთული მატჩები გველის, მაგრამ შანსი არსებობს, რაც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახალი წესებით, შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილოსანიც ითამაშებს და ვფიქრობ ეს წესი ჩვენს მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას აადვილებს, თუმცა ეს ფაქტორი არც ერთ მატჩს არ უკარგავს მნიშვნელობას” – აღნიშნა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

0.189801